დიდი 10 | იუნკერები 7:28 აკადემია

თბილისის ‘აკადემიამ’ კიკეთის ‘იუნკერებთან’ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა, სამი უპასუხო ლელო გაიტანა და ბონუსით, 28:7 გაიმარჯვა.

„ავჭალის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე მატჩი ქარში გაიმართა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდა თამაშს. თავიდან ‘იუნკერები’ ნაკლებ შეცდომას უშვებდა, დროის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარა და 5-მეტრიანთან ჯარიმის გათამაშების შემდეგ, მე-19 წუთზე შეხვედრის პირველი ლელო ვანო გელაშვილმა გაიტანა, დავით იმნაძემ კი გარდასახა. კიკეთელები 7:0 დაწინაურდნენ, თუმცა მომდევნო 1 საათში ქულაც ვეღარ აიღეს.

‘აკადემიამ’ მალევე უპასუხა. შეხვედრის განახლებისთანავე მათ ფაზები აკინძეს, ლელოდან 5 მეტრში ჯარიმის ნაცვლად შერკინება აირჩიეს და გიორგი ილურიძემ საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო დავით მოძღვრიშვილმა გარდასახა. შესვენებამდე ‘იუნკერებს’ ვანო გელაშვილი გაუსინბინეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა – 7:7.

„მხატვრები“ განსაკუთრებით შერკინებაში დომინირებდნენ, შესვენების შემდეგ მეტოქეზე წნეხი გააძლიერეს და ეს ქულებში ასახეს. 50-ე წუთზე 5-მეტრიანი შერკინებიდან მორიგ შეტევას ფორვარდების ორი მიძალება და გიორგი გოგლიძის ლელო მოყვა. მოძღვრიშვილი გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო. 5 წუთში ‘აკადემიას’ სწრაფი, ხელდახელ შეტევის შემდეგ, ვატო მეუნარგიამ მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა, თანაგუნდელების დახმარებით ლელო გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ამჯერად გარდასახვა სანდრო მარგიანმა შეასრულა.

ბრძოლა მატჩის ბოლომდე გაგრძელდა, რადგან ბონუსის აღების შანსს ორივე გუნდი ინარჩუნებდა და გაწითლებულ დროზე ეს ‘აკადემიამ’ მოახერხა. გურამ გოგიძის სინბინის შემდეგ, ‘იუნკერები’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, ‘აკადემიამ’ მეტოქეს 5-მეტრიანი შერკინებიდან უკან დაახევინა და პრემიალური ლელო ვანო ბერიკაშვილმა გაიტანა, მარგიანმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 28:7 სტუმრების სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აკადემიას’ 9 ნომერი ჯიმი ღამბაშიძე გახდა. მის გუნდს 37 ქულა მოუგროვდა, რუსთავის ‘ხარებს’ გადაასწრო და მესამე ადგილზე აღზევდა, ოღონდ კონკურენტს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ‘იუნკერები’ 10 ქულით კვლავ მე-9 ადგილზეა და თუ ხვალ ‘ყაზბეგმა’ თუნდაც ქულა აიღო, ცხრილის ფსკერზე დაეშვება.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი