დიდი 10 | ყაზბეგი 16:41 ლელო

თბილისის ‘ლელომ’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 6 ლელო გაუტანა, 41:16 დაამარცხა და ბონუს-ქულაც მოიპოვა.

შედეგად, თბილისელებმა ჯამში 39 ქულა მოაგროვეს, რუსთავის ‘ხარებს’ ერთით გადაასწრეს და მე-4 ადგილზე აღზევდნენ. 11 ქულა დარჩა ‘ყაზბეგს’, რომელსაც გასავარდნ, მე-10 ადგილს ერთი ქულა აშორებს.

„შევარდენზე“ ‘ყაზბეგი’ ნომინალური მასპინძელი იყო და მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმით დაწინაურდა. გიორგი ასათიანმა საპასუხო ჯარიმა მე-10 წუთზე გაიტანა, 5 წუთში კი შებოჭილმა გაგა ქევხიშვილმა დაახლოებით 10-12 მეტრი იარა და ლელო გაიტანა. ორ წუთში სტუმრებს და თავის ყოფილ გუნდს ირაკლი ყიასაშვილმა გაუჭრა ხაზი, რასაც არსენ ტრაპაიძის საპასუხო ლელო მოყვა. კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა, მაგრამ გაიტანა ჯარიმა და ‘ყაზბეგი’ 11:8 დააწინაურა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში, სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.

29-ე წუთზე ‘ლელომ’ მოლი ააგორა და ლევან პაპიძემ თავისი პირველი ლელო გაიტანა, გაწითლებულ დროზე კი იმავე პაპიძემ ხაზი გაჭრა, გიორგი მარგალიტაძეს ოფლოუდი გაუხერხა და ლელო გაატანინა. ასათიანმა ორივე გარდასახვა გამოიყენა – 22:11.

მეორე ტაიმი ‘ყაზბეგის’ შეტევებით დაიწყო, თუმცა შეცდნენ და კონტრშეტევაზე დიტო კალანდაძემ იხეირა. 49-ე და 61-ე წუთებზე ‘ლელომ’ ორი მოლი დააყენა და პირველი პაპიძის დუბლით, ხოლო მეორე სოსო ჭყოიძის ლელოთი დასრულდა. ‘ყაზბეგმა’ ბოლომდე იბრძოლა და გუნდის კაპიტანმა ვაჟა მაისურაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა და ‘ლელომ’ 41:16 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘ლელოს’ ფულბეკი რატი შანიძე დასახელდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე