დიდი 10 | აკადემია 16:13 ყოჩები

თბილისის ‘აკადემიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 16:13 სძლია და მისი 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა.

ბოლნისელები მიმდინარე გათამაშებაში მესამედ დამარცხდნენ – პირველ ტურში ‘ხარებთან’ და ორჯერ ‘აკადემიასთან’. მიუხედავად ამისა, ისინი 49 ქულით კვლავ მეორე საფეხურზე რჩებიან და მდევარ ‘აკადემიას’ 8 ქულით უსწრებენ, რაც ფლეი ოფში უკეთესი განრიგით შესვლის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

„შევარდენზე“ გამართულ მატჩში ‘ყოჩები’ ლაშა მალაღურაძის ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა ტაიმი „მხატვრების“ იყო. სანდრო მარგიანმა ჯარიმით ჯერ წონასწორობა აღადგინა, მერე ლუკა კობაურის ლელო გარდასახა, ბოლოს კი კვლავ ჯარიმა გაიტანა – 13:3.

სტუმრებმა თამაშის განახლებიდან 15 წუთში წონასწორობა აღადგინეს. მალაღურაძემ ჯარიმა გაიტანა, შეცვლაზე შესულმა დავით ხიდეშელმა ლელო მიითვალა და გარდასახვაც ზუსტი იყო. ასე გაგრძელდა 78-ე წუთამდე და თითქოს თამაშიც ფრედ სრულდებოდა, თუმცა ‘აკადემიამ’ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მარგიანმა ის 3 ქულად აქცია და თავის გუნდს 16:13 მოაგებინა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა კობაური გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი