თომა (როზბერტ) ობოლაძე იუბილარია!

ქუთაისის ‘აიას’ ლეგენდარულ კაპიტან თომა (როზბერტ) ობოლაძეს დაბადებიდან 70  წელი შეუსრულდა. საბჭოეთის ეპოქაში ქუთათურ მორაგბეთა მრავალ წარმატებაში თომა ობოლაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ტყიბულის რაიონის ისტორიული სოფლის ხრესილის მკვიდრი თომა ობოლაძე, მართალია რაგბის სამყაროს 24 წლის ასაკში შეურთდა, თუმცა ჯანიანი და გამჭრიახი გონების პატრონს ოვალთან გაშინაურება არ გაჭირვებია. ობოლაძემ თამაში სტუდენტობის ხანაში, ქუთაისში გამოჩენილი სპეციალისტის შაკო ქურციკიძის თაოსნობით დაიწყო და მოკლე ხანში, 1976 წლიდან რიონისპირელთა მთავარი გუნდების (‘სახლმშენი’; ‘აია’) ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

1981 წლიდან მოყოლებული, მორაგბის კარიერის დასრულებამდე (1990 წელი) თომა ობოლაძე ‘აიას’ უცვლელი კაპიტანი გახლდათ. აღნიშნულ პერიოდში რიონისპირელებმა 3-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატი მოგეს, 2-გზის კი საბჭოეთის თასი შემართეს. თომა ობოლაძემ მთელი კარიერა მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დაჰყო და იმხანად საბჭოური რაგბის ერთ-ერთ საუკეთესო პირველხაზელად ითვლებოდა.

თომა ობოლაძე სარაგბო სამყაროში აქტიურ ცხოვრებას გასული საუკუნის მიწურულს დაუბრუნდა და მშობლიურ ტყიბულში რაგბის სკოლა დააფუძნა, რომელსაც დღემდე უნარიანად თავკაცობს.

მან სარაგბო ფილოსოფიას 2 შვილიშვილი აზიარა. სისწრაფით და ჯანით გამორჩეული 16 წლის ფრთა თომა ობოლაძე ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგაში ქუთაისის ‘აიას’ რიგებში წარმატებული თამაშით გამოირჩევა, 11 წლის ანრი ობოლაძე კი რაგბში პირველ ნაბიჯებს უშუალოდ ბაბუის მეთვალყურეობით დგამს. ლეგენდარული ბაბუა ბიჭებზე დიდ იმედს ამყარებს და იმედოვნებს, რომ ბორჯღალოსანის კვართს ერთ-ერთი მათგანი მაინც მოირგებს…

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად სარაგბო თემი ულოცავს ბატონ თომა ობოლაძეს 70 წლის იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ქართული რაგბის მრავალი წარმატებით გახარებას.