პირველი ლიგა | ‘არმიამ’ ლიდერობა განიმტკიცა

პირველი ლიგის მე-13 ტური არასრული გამოდგა. კოვიდ-ინფიცირებულ რიგ მოთამაშეთა გამო საშეჯიბრო კომიტეტს ‘არწივები’-‘არმაზის’ შეხვედრის გადავადება მოუხდა.

გურულების უთამაშებლობით ‘ხვამლმა’ ისარგებლა, რომელმაც სეზონის მანძილზე ცხრილში მეორე ადგილზე ანაცვლება პირველად მოახერხა. ლიდერმა ‘არმიამ’ მორიგი გამარჯვების შემდეგ ‘ხვამლთან’ 6-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა, ‘არწივებს’ კი მთელი 10 ქულით გაუსწრო. ისიც აღსანიშნავია, რომ გურულებს დიდი 10-ის საგზურის მებრძოლ უშუალო კონკურენტებთან ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და დაკარგული ქულებით „არმიელებს“ პოტენციურად უთანაბრდებიან. მოწინავე კვარტეტში მყოფმა ‘ტაომ’ კი გურულებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

დარჩენაზე მებრძოლი სამეული (‘ბორჯომი’, ‘ჭადარი’, ‘ჯიქი’) ბოლო 3 ტურის მანძილზე უქულოდ რჩება და შესაბამისად აუტსაიდერთა შორის ცხრილში სტატუს-კვოც სრულად ნარჩუნდება.

‘ხვამლმა’ მე-13 ტურის შეხვედრა საკუთარ არენაზე გამართა. დავით ცხვედიანის შეგირდებმა გორის ‘ჯიქს’ მუხიანში უმასპინძლეს და აუტსაიდერი უშანსოდ დატოვეს – 83:3. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლელებმა პირველივე შეტევაში მოპოვებული ჯარიმით ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს (მგეზავი გიორგი ჭავჭავაძე), რაც სტუმართათვის ერთადერთი შედეგიანი ქმედება გამოდგა.

‘ხვამლი’ სისწრაფეზე ოვალს კარგად შლიდა და მთლიანობაში 13 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხა. კვაჭმა დიმა ხურცილავამ, ფრთა გიორგი ჯობავამ, მგეზავმა ნიკა ცინცაძემ და მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა სერგი ლეჟავამ „დუბლი“ შეასრულეს. ფულბეკმა კლავდიუს ხუციშვილმა ასევე წყვილი ლელოს გატანა მოახერხა, რასაც მატჩის საუკეთესო მოთამაშემ 8 ზუსტი გარდასახვაც დაურთო.

პირველობის ლიდერმა ‘არმიამ’ კალენდარული წელი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. „არმიელები“ ჩემპიონატის დებიუტანტ ‘ბორჯომს’ „ავჭალაზე“ დაუხვდნენ და მატჩი დაგეგმილი პრემიით – 58:29 მოიგეს. ქომაგმა ლაღი, გაშლილი თამაში და ჯამში 15 გატანილი ლელო იხილა.

‘ბორჯომის’ სასახელოდ უნდა ითქვას რომ, თორელები უპირობო ფავორიტს მედგრად, ბოლომდე ებრძოდნენ და 5 ლელოს გატანაც მოახერხეს. „დუბლით“ ბორჯომელთა ფულბეკი ვასიკო კობაიძე გამოირჩა. „არმიას“ ლელოთა მონაგარმა ორნიშნა ციფრულ ზღვრულს უწია. ფავორიტის დადებული 10 ლელოდან, ბურჯმა დავით ბარბაქაძემ წყვილი ლელო პირად აქტივში ჩაიწერა.

თელავის ‘ჭადარი’ ქუთაისის ‘ბაგრატს’ შინ ტოლ-სწორად პირველ ტაიმში ებრძოლა და შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობითაც წავიდა. კახთა უბერებელი მგეზავის თენგიზ ცისკარიშვილის ფეხით დაკიდებული ოვალი მღლეტელმა გიორგი სუხოშვილმა ლელოდ აქცია. მართალია, რიონისპირელთა ფეხმარდმა ფრთა ბექა ფრუიძემ საპასუხო ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ტაიმის მიწურულს მასპინძელთა ფრთა ლუკა ნაყეურის გატანილი ჯარიმის წყალობით ‘ჭადარი’ 10:7 დაწინაურდა.

ფიზიკურად უკეთ მომზადებულ ‘ბაგრატს’ მეორე ნახევარში მატჩის შემოტრიალება  არ გაჭირვებია. რიონისპირელები განსაკუთრებით შერკინებაში მძლავრობდნენ, კახელებს ხშირად აჯარიმებდნენ და თან სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე გამოთავისუფლებულ სივრცესაც კარგად იყენებდნენ. ‘ბაგრატმა’ მეორე ტაიმში 5 ლელო გაიტანა, 30 უპასუხო ქულა მიითვალა და მატჩი ბონუსით – 37:10 მოიგო. შეხვედრის გამორჩეულმა მოთამაშემ ბექა ფრუიძემ ლელოს დადება მეორე ტაიმშიც შეძლო. ‘ბაგრატმა’ 31 საცხრილო ქულა დააგროვა და მოწინავე ექვსეულთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. დარჩენაზე მებრძოლ ‘ჭადარს’ კი მორიგ ტურში დაპირისპირება ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ‘ბორჯომთან’ სტუმრად მოუწევს.

‘ტაო’-‘ვეფხვების’ ტურის გამორჩეულ შეხვედრას დედაქალაქის „რაგბი პლატომ“ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო მეტოქეებს სეზონის ორივე ურთიერთ შეხვედრის გამართვა ნეიტრალურ არენებზე მოუხდათ. პირველი წრის მსგავსად, შეხვედრა ამჯერზეც მესხთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 45:14. მალხაზ ჭეიშვილსა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა მეტოქის წყვილ გატანილ ლელოს, 7 ლელო დაუპირისპირეს და აღებული ბონუსით მდევარ ‘ვეფხვებთან’ ცხრილში უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს. სეზონში მოპოვებული მე-8 გამარჯვების შემდეგ ‘ტაოს’ პლეი ოფამდე ბევრი აღარაფერი აშორებს.

‘ტაო’ გარე კახელებს სწრაფი გადაწყვეტილებებით, დროული მიყოლითა და საერთო მობილიზაციით აღემატებოდა. ‘ვეფხვების’ მხრიდან სტატიკის ხარჯზე შეხვედრაში გარდატეხის შეტანას ზვიად ცუხიშვილის შეგირდთათვის სასურველი შედეგი არ მოყოლია. მესხთა წარმატებას სათავე ლეგენდარული გოშა შკინინის ლელომ დაუდო. ფულბეკის პოზიციაზე მყოფი 38 წლის ვეტერანი ბორჯღალოსანი ჩვეული ოსტატობით სტაბილურად ირჯება და საკუთარი გუნდის წარმატებაში დიდ როლსაც თამაშობს. მესხთა ჰავბეკმა ლევან ხუციშვილმა კი მინი-ბენეფისი მოიწყო და მატჩი „ჰეთ-თრიკის“ შესრულებით ჩაამთავრა.