ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელო’ არდადეგებზე ლიდერად წავიდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის კალენდარული წლის დასკვნითი შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. მე-10 ტურის გადავადებულ შეხვედრაში ‘ლელომ’ მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლა და პირველი წრის მსგავსად ჩემპიონმა ამჯერზეც ბონუსის თანხლებით – 38:17 იმარჯვა. ქვემო ქართლელები ფავორიტს პირველ ნახევარში ტოლ-სწორად ეპაექრენ, 2 ლელოს გატანაც მოახერხეს და ტაიმი 2 ქულის სხვაობით დათმეს.

მეორე ტაიმში კი ჩემპიონი სრულ უპირატესობას ფლობდა. პაატა მაისურაძის ბიჭები  სტატიკაში კარგად ირჯებოდნენ და ხაზიც საიმედოდ მოქმედებდა. ჩემპიონმა მთლიანობაში 6 ლელო გაიტანა / უმეტესობა ხელდახელ თამაშით/ და მეორე ნახევარში 19 უპასუხო ქულა მიითვალა. ‘ლელოს’ კვაჭმა ილია ქისტაურმა „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა. ‘არმაზის’ მარცხს კი წერტილი მღლეტელმა ნიკა აბესაძემ დაუსვა. ‘ლელომ’ სეზონში მე-9 მოგებითა და 42 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა და მეორე პოზიციაზე ჩანაცვლებულ ‘აიას’ 3 ქულით გაუსწრო.

რეგულარული სეზონის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე „ოქროს“ ჯგუფში 2 კვარტეტი გამოიკვეთა. ‘ლელომ’, ‘აიამ’, ‘ხვამლმა’ და ‘ბათუმმა’ პლეი ოფში თამაში კარგა ხანია დაიბევეს და დარჩენილ შეხვედრებში მაღალი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ. ‘ლელოს’ რეგულარული სეზონის მოსაგებად გვარიანი ოფლისღვრა მოუწევს, რამეთუ ჩემპიონს დარჩენილ შეხვედრებში სამივე პრინციპულ მეტოქესთან (‘აია’, ‘ბათუმი’, ‘ხვამლი’) მოუწევს დაპირისპირება და ჯგუფურ ეტაპს ვიცე-ჩემპიონ ‘აკადემიასთან’ მატჩით დაასრულებს. ამ ეტაპზე ‘ლელო’ მეტოქეებს (მატჩში გაშვებული ქულების გამოკლებით) ყველა მაჩვენებლით აღემატება. ჩემპიონმა ყველაზე მეტი შეხვედრა მოიგო და პრემიალური ქულების მაჩვენებელიც მონაწილეთა შორის საუკეთესო აქვს. გარდა ამისა, ჩემპიონი ბურთების უკეთესი საერთო სხვაობითა და დაგროვილი სამატჩო საერთო ქულების ოდენობითაც მოწინავე გახლავთ.

მეორე ოთხეულიდან კი ‘წიქარას’ გამოკლებით (კინკილა ქულის მქონე, მოუგებლად მყოფი დებიუტანტი „ვერცხლის“ ჯგუფში დაბრუნებას ვეღარ გადაურჩება), ‘არმაზი’, ‘აკადემია’ და ‘ხარები’ პლეი ოფის დარჩენილი 3 ვაკანტური საგზურის მოპოვებასა და ელიტაში დარჩენაზე იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ ქართული რაგბის ყველა დონის ლიგებს შორის ჭაბუკთა ‘ბ ‘ ლიგა მონაწილეთა ოდენობით ყველაზე წარმომადგენლობითი შეჯიბრებაა. ‘ბ’ ლიგის ჩემპიონატში /„ოქროსა“ და „ვერცხლის“ ჯგუფები/ მთლიანობაში 33 გუნდი მონაწილეობს.

„ვერცხლის“ ჯგუფის მონაწილენი აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების 2-2 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. დებულების თანახმად ჯერ ქვეჯგუფების პირველადგილოსნები ზონების გამარჯვებულებს გამოავლენენ, რის შემდგომ წარმატებული გუნდები ამერ-იმერის მოსაგებად იბრძოლებენ. „ვერცხლის“ დონის გამარჯვებული და ფინალისტი პლეი-ოფში „ოქროს“ ჯგუფის ექვსეულს შეურთდებიან და თან მომავალ სეზონში ელიტაში თამაშის უფლებასაც მოიპოვებენ.  ზონების გამარჯვებულ გუნდებს შორის საკლასიფიკაციო მატჩები გაიმართება, რომელთა შედეგები პლეი ოფში  ქვედა ლიგელთა მეტოქეთა ვინაობას გაარკვევს. კერძოდ,”ვერცხლის“ ჯგუფის გამარჯვებული 1/4-ში „ოქროს“ ჯგუფის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება. ქვედა ლიგის ფინალში ხელმოცარულს კი თავის მხრივ პაექრობა ელიტას გამარჯვებულთან მოუწევს.

ზამთრის არდადეგების წინ დასავლეთ ზონის ‘ა’ ჯგუფს სათავეში ‘ბათუმი 2’ უდგას. აჭარლებმა რვავე გამართული შეხვედრა მოიგეს და მდევარ ქუთაისის ‘ბაგრატს’ 6 ქულით უსწრებენ. ‘ბ’ ჯგუფის მოგებასთან ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ ბევრი აღარაფერი აშორებთ. კოლხებმა ცხრავე ჩატარებული შეხვედრაში ბონუსის თანხლებით იმარჯვეს, მაქსიმალური შედეგი აჩვენეს და ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ ‘აია 1’-ს 12 ქულით უსწრებენ.

აღმოსავლეთ ზონის ‘გ’ ჯგუფს დამაჯერებლად ‘არმია’ ლიდერობს. „არმიელებმა“ შვიდივე ჩატარებული შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულეს და პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხეს. ‘არმია’ მდევარ ‘ლოკომოტივს’ 8 ქულით უსწრებს. პირველი ადგილისთვის ყველაზე დიდი ბრძოლა ‘დ’ ჯგუფში მიმდინარეობას, სადაც ბოლნისის ‘ყოჩებმა’ და პატარძეულის , ვეფხვები თუშებმა’ თანაბარ ქულებს მოუყარეს თავი, თუმცა ქვემო ქართლელებს გარე კახელებზე 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ‘დ’ ჯგუფს გამარჯვებულს ბოლო ტურში სწორედ ლიდერთა დაპირისპირება გაარკვევს.