პირველი ლიგა | ლიდერთა ზავი და შკინინის რეკორდი

პირველი ლიგის მე-11 ტური არასრული გამოდგა. ‘ბაგრატის’ რამდენიმე მორაგბის კოვიდით ინფიცირების გამო, ქუთაისში ‘ბაგრატი’-‘ვეფხვების’ შეხვედრა გადაიდო.

მიმდინარე პირველობაზე პირველი ფრე დაფიქსირდა. ლიდერთა ზავით ‘ხვამლს’, ‘ტაოს’ მსგავსად, რეგულარული სეზონის მოგების გარკვეული შანსი გაუჩნდა. მუხიანელები და მესხები ლიდერ ‘არმიას’ 8 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ორივე გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მარნეულის ‘არმაზი’ ცხრილში გარე კახელებს გაუტოლდა და პლეი ოფში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. ლიგაში დარჩენაზე მებრძოლი სამეული (‘ბორჯომი’, ‘ჭადარი’ ,‘ჯიქი’) უქულოდ დარჩნენ და შესაბამისად ცხრილის ქვედა ნაწილში მდგომარეობა უცვლელი დატოვეს.

‘არწივები’-არმიას’ ტურის საკულტო შეხვედრას ფოთის „პარკი არენამ“ უმასპინძლა. ბოლო პერიოდში მოძალებული უხვი ნალექის გამო ოზურგეთის სარაგბო არენის საფარის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც გურულები პირველობის ლიდერს, კეთილმოწყობილ და ჩინებულ მდგომარეობაში მყოფი გაზონის მქონე კოლხეთის რაგბის სტადიონზე დაუხვდნენ.

ლიდერთა ჯახი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დრამატული ფინალით დასრულდა. საათის თავს ‘არმია’ ფრთა გიორგი ხარშილაძისა და მხტომელ მიშო მასხარაშვილის ლელოთა წყალობით (ორივე ლელო მგეზავმა დავით ბაიაშვილმა გარდასახა) 14-ქულიან უპირატესობას ფლობდა. ‘არწივებმა’ ტემპს უმატეს და მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს. სტუმრებს დაღლა და მწირი მარქაფაც დაეტყოთ. „არმიელთა“ დამრიგებელმა ბექა სხულუხიამ ტრავმების გამო ამჯერად ძირითადის ერთბაშად 8 მოთამაშე მოისაკლისა. ბურჯ გიორგი ბეჟანიძისა და ფულბეკ ალექსანდრე ტუჩაშვილის ლელოთა მეოხებით (გამოცდილმა ბახვა კობახიძემ გარდასახვები უზადოდ შეასრულა) ‘არწივებმა’ ანგარიში გაათანაბრეს – 14:14.

ბოლო 10 წუთი კი მატჩის ნამდვილ კულმინაციად იქცა. კობახიძემ )ჯარიმითა და ჩინებული არეკნით) გურულები 2-გზის დააწინაურა, თუმცა ბაიაშვილმა 2 საპასუხო ჯარიმით საკუთარი გუნდი მარცხისაგან იხსნა და მატჩიც ლოგიკური შედეგით -20:20 დასრულდა. ‘არმიამ’, მდევარ გურულებთან ცხრილში 6-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა, თუმცა გია ამირხანაშვილის შეგირდებს მარაგში სტუმრად ‘ტაოსთან’ გასამართი შეხვედრა რჩებათ. მორიგ ტურში ‘არმიას’ კიდევ ერთი დიდი ბრძოლის გადატანა მოგებათა იშტაზე მყოფ ‘ხვამლთან’ დაპირისპირებაში მოუწევს.

‘ხვამლმა’ მიჯრით მერვე შეხვედრა მოიგო, უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო ცხრილში მესამე პოზიცია შეინარჩუნა და თან მეორე ადგილზე მყოფ ‘არწივებთან’ ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა. დავით ცხვედიანის შეგირდები დებიუტანტ ‘ბორჯომთან’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და თორელებს ტაიმებში 5-5 ლელო გაუნაწილეს. მუხიანელები სისწრაფეზე ხაზს იოლად ჭრიდნენ და  ლელოთა უმეტესობა ხელდახელ თამაშით იქნა დადებული. ‘ხვამლის’ მგეზავი ზურა ქობელაშვილი და შუამარბი ჰამლეტ გოგია „დუბლით“ გამოირჩნენ. წყვილი ლელოს გატანა თორელთა ფრთა გოჩა ჯიქიამაც მოახერხა, რამაც ‘ბორჯომის’ მარცხი მცირედით „შეარბილა“ – 71:19. აღსანიშნავია, რომ მუხიანელებს მარაგში თორელებთან პირველი წრის გადადებული შეხვედრაც რჩებათ, რომლის კვლავ ბონუსით მოგების შემთხვევაში ლიდერ ‘არმიასთან’ სხვაობას 3-ქულამდე შეამცირებენ.

თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ‘ჭადარმა’ მარნეულის ‘არმაზსთან’ ვერაფერი გააწყო. ქვემო ქართლელები კახელებს რაგბის ყველა ასპექტში საგრძნობლად აღემატებოდნენ რაც მატჩის საბოლოო ანგარიშში ნათლად აისახა. სტუმართა მიერ გატანილი 9 უპასუხო ლელო და 52:0. ‘არმაზის’ წარმატებას სათავე მარბიელ ლუკა კოხიას ლელომ დაუდო, წერტილი კი მხტომელ დავით ზარნაძის მოლით დადებულმა ლელომ დაუსვა. ქვემო ქართლელთა ჰავბეკმა ლაშა ბარბაქაძემ „დუბლი“ შეასრულა. მორიგ ტურში, ‘არმაზი’-‘ტაოს’ შეხვედრას პლეი ოფში მოსახვედრად დიდი მნიშვნელობა ექნება. ‘არმაზს’ მოწინავე კვარტეტში ადგილის მოსაპოვებლად ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევს, რამეთუ ქვემო ქართლელებს პლეი ოფის ზონასთან 7 ქულა აშორებთ.

ტურის დასკვნით შეხვედრას ასპინძამ უმასპინძლა. სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ გორის ‘ჯიქს’ დაუხვდა და დაგეგმილი ბონუსით იოლი გამარჯვება გაიფორმა – 71:6.  მესხებმა 11 ლელო გაიტანეს და მათგან ნახევარზე მეტი ლეგენდარულმა ბორჯღალოსანმა გოშა შკინინმა მიითვალა. ‘ტაოს’ 38 წლის ფულბეკმა, ვისაც აშკარად მეორე ახალგაზრდობა „გაეხსნა“, 6 დადებული ლელოთი მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა (1 მატჩში გატანილი ლელოთა ოდენობა). მესხთა მარბიელმა ვეფხია ფეიქრიშვილმა „დუბლი“ შეასრულა. შიდა ქართლელები კი თავიანთი დამრიგებლის ვაჟის, ფულბეკ გიორგი ჭავჭავაძის გატანილ წყვილ ჯარიმას დაჯერდნენ. ‘ტაომ’ სეზონში მეშვიდე მოგებით მოწინავე კვარტეტში პოზიცია გაიმყარა და პრინციპულ მეტოქე ‘არმაზსთან’ მატჩის წინ ჩინებული განწყობაც შეიქმნა.