დიდი 10 | იუნკერები 25:34 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ კიკეთის ‘იუნკერებთან’ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა და მეტოქე სტუმრად 34:25 დაამარცხა.

„ავჭალის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ, სტუმრებმა 4 ლელო (ჯამში 6) გაიტანეს და ბონუსიც აიღეს.

შედეგად, ‘ხარებმა’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში 32 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ ‘ბათუმს’ (რომელსაც ერთი გადადებული შეხვედრა აქვს აუტსაიდერ ‘ყაზბეგთან) მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ‘იუნკერებს’ 8 თამაშის შემდეგ 8 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა.

მე-8 წუთზე მირიან მოდებაძემ ლელო გაიტანა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ მანამდე წამით ადრე წესების დარღვევა დააფიქსირა და ლელო სამართლიანად გაუქმდა. სამაგიეროდ ‘იუნკერებს’ ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნდა. გიორგი ჯღამაიამ ანგარიში გახსნა. ტაიმის შუაში რუსთაველებმა მოლით და ლევან ჭავჭავაძის ლელოთი უპასუხეს, თუმცა 27-ე წუთზე ყვითელი ბარათით სანდრო ილურიძე დაკარგეს და რიცხობრივი უპირატესობა კიკეთელებმა 10 ქულად აქციეს.

‘ხარებს’ საფრთხე თითქოს არსაიდან ემუქრებოდა, მაგრამ საკუთარი 22-იდან ბურთის ფეხით მოგერიება დაგვიანდა, ‘იუნკერებმა’ თერნოვერი გაახერხა და დევი დევსურაშვილმა ლელო გაიტანა. ჯღამაიამ გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც ზუსტად შეასრულა. ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი უკვე ავთო ნიკოლაძემ მიიღო და ახლა ‘ხარებმა’ ისარგებლა მეტობით. მათი მოლი ლელოთი პაატა ბურჭულაძემ დაასრულა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა არაზუსტი იყო – 13:10.

მეორე ტაიმი ‘იუნკერებმა’ კვლავ კაცნაკლულმა დაიწყო. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ საკუთარ ნახევარზე ბურთი დაკარგეს და კონტრშეტევა ჟორა მღებრიშვილის ძელებსშუა გატანილი ლელოთი დასრულდა, გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახა. ‘ხარები’ დაწინაურდა და მეთოდურად უპირატესობა გაზარდა. 51-ე წუთზე სტუმრებმა დერეფნიდან მოლი ააგორეს და ის ერეკლე მაჭარაშვილის ლელოთი დასრულდა.

69-ე წუთზე ‘იუნკერების’ 22-ში თამაში აირია, ბურთი რამდენჯერმე დაიკარგა, ყველაზე სწრაფად სიტუაციაში რატი შუკვანი გაერკვა და ლელო გაიტანა. პეტრიაშვილმა მეორე გარდასახვა გამოიყენა. რამდენიმე წუთში ჟორა მღებრიშვილმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 34:13 გახდა. დარჩენილ დროში გიორგი ტყეშელაშვილმა და დავით იმნაძემ ლელოები გაიტანეს, იმნაძემ ერთი გარდასახა და ‘იუნკერებმა’ ანგარიში შეალამაზა – 25:34.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხარების’ კვაჭი ლევან ჭავჭავაძე გახდა.