დიდი 10 | აია 30:11 ყაზბეგი

ქუთაისის ‘აიამ’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ ბონუსით, 30:11 მოუგო და მოწინავე ექვსეულს მიუახლოვდა.

მოქმედ ჩემპიონს წლის ბოლოს 9 თამაშიდან 4 მოგება და 20 ქულა დაუგროვდა, რაც მხოლოდ მე-7 ადგილზე გამაგრებისთვის კმარა, თუმცა მეტოქეები ხელის გაწვდენაზე არიან და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ‘აიას’ ‘იუნკერებთან’ აქვს გამოტოვებული შეხვედრა. დებიუტანტი ‘ყაზბეგი’ 10 თამაშის შემდეგაც მოგების გარეშეა და მე-10 ადგილს 3 ქულით იკავებს.

ქუთაისში გამართული მეორე წრის პირველ მატჩში, მასპინძლები მე-6 წუთზე დაწინაურდნენ. ქუთაისელებმა დერეფნიდან ორიგინალურად შეუტიეს და პეტრე ჯინჭარაძემ ანგარიში გახსნა. ბონდო აბაშიძემ გარდასახვა ვერ გაიტანა, თუმცა 4 წუთში ‘აიას’ მოლმა პირდაპირ 7 ქულა – საჯარიმო ლელო გამოიმუშავა და ‘ყაზბეგმა’ 10 წუთით ლევან გომიაშვილი დაკარგა. ირაკლი ყიასაშვილმა ერთი საპასუხო ჯარიმის გატანა მალევე მოახერხა, ტაიმის შუაში კი ‘აიამ’ მორიგი მოლი ააგორა და ამჯერად ის ბებუნი კუხიანიძის ლელოთი დასრულდა.

გარდასახვა არაზუსტი იყო და მასპინძლებმა 10-10 წუთით გიგა ჯულუხიძე და ბონდო აბაშიძე დაკარგეს, სტუმრებმა 13-კაციან მეტოქეს შეუტიეს. ამან შედეგი ტაიმის მიწურულს გამოიღო, როდესაც ‘ყაზბეგის’ ხელდახელ შეტევა ნიკა გიგაურის ლელოთი დასრულდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, სამაგიეროდ ყიასაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 6 ქულამდე დავიდა – 11:17.

ამასობაში ‘აიას’ შემადგენლობა შეივსო, 44-ე წუთზე მათ 5-მეტრიანი დერეფნიდან მორიგი მოლი ააგორეს და ჯინჭარაძემ დუბლი გაიფორმა. 55-ე წუთზე დერეფანს უკვე გიორგი კურტანიძის ლელო მოყვა. გარდასახვები არც მეორე ტაიმში გავიდა, სამაგიეროდ, ცოტნე კვესელავამ მატჩის მიწურულს ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 30:11.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პეტრე ჯინჭარაძე გახდა.