პირველი ლიგის მე-12 ტურის შემდეგ ოზურგეთის ‘არწივებს’ სატურნირო ცხრილში ლიდერ ‘არმიასთან’ გატოლების შანსი გაუჩნდა. საწადელის მისაღწევად კი გურულებმა გადავადებულ შეხვედრაში ‘ტაოს’ ასპინძაში ბონუსით უნდა მოუგონ. ასეთ შემთხვევაშიც კი „არმიელები“ ცხრილის პირველ საფეხურზე დარჩებიან, რამეთუ ბექა სხულუხიას შეგირდებს გურულებთან მიმართებაში უკეთესი პირისპირ ბალანსი გააჩნიათ.
მიჯრით მეოთხე მოგების შემდეგ ‘ვეფხვები’ მოწინავე კვარტეტს მკვეთრად მიუახლოვდნენ. ‘ბაგრატთან’ სტუმრად გადავადებული შეხვედრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გარე კახელთა პლეი ოფში მოხვედრის შანსი ერთიორად გაიზრდება. პლეი ოფში მოხვედრის შანსი დიდი 10-ის კიდევ ერთმა ყოფილმა ბინადარმა მარნეულის ‘არმაზმა’ შეინარჩუნა. მართალია, ქვემო ქართლელები მე-6 ადგილზე რჩებიან, თუმცა მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘ხვამლთან’ და ‘ტაოსთან’ ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა. მესხებთან უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე მუხიანელები კი ცხრილში მესამე ადგილზე რჩებიან.
განვლილ ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას ‘არმია’-‘ხვამლის’ დედაქალაქური დერბი იპყრობდა. მიჯრით 8 მოგების მქონე მუხიანელებს მორიგი წარმატების შემთხვევაში გალიდერების გარკვეული შანსი უჩნდებოდათ. ‘არმიას’ კი ცხრილის სათავეში დასარჩენად ასევე ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა. მეტოქეებმა „ავჭალა არენაზე“ დიდი ბრძოლა გააჩაღეს და სამატჩო ქულათა საერთო მონაგარს თავი პირველივე ტაიმში მოუყარეს.
მართალია, ‘ხვამლმა’ 2 ლელოს გატანა / ფრთა საბა არაგველი და კვაჭი დიმიტრი ხურცილავა/ და ანგარიშში 2-გზის დაწინაურება მოახერხა, თუმცა ტრავმებმოძალებული ‘არმია’ / ძირითადის 7 მოთამაშე აკლდა/ მეტოქეზე უკეთ ირჯებოდა. „არმიელები“ მუხიანელებს სტატიკაში აღემატებოდნენ, კარგად ამოქონდათ ოვალი და განსაკუთრებით მეორე ტაიმში თავს კარგად იცავდნენ. „არმიელთა“ შუამარბ გიორგი ხარშილაძის ლელო ჰავბეკმა გიორგი ბოხუამ გარდასახა, ვინაც ასევე 3 ზუსტად დარტყმული ჯარიმით საკუთარ გუნდს ზემნიშვნელოვანი გამარჯვება არგუნა-16:15. უქულო მეორე ტაიმის დიდ ნაწილს ‘არმია’ აკონტროლებდა და ბექა სხულუხიას ბიჭებმა ლელოს გატანის რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს. ‘ხვამლს’ კი შედეგიანი ქმედების რეალური შანსი ერთხელ მიეცა, თუმცა მუხიანელთა მგეზავ ზურა ქობელაშვილს ჯარიმა გაუცუდდა. სეზონში მესამე მარცხის მიუხედავად, დავით ცხვედიანის შეგირდები ‘ბორჯომთან’ გადადებული შეხვედრის მოგების შემთხვევაში ლიდერთა სამეულში პოზიციას გაიმყარებენ.
ოზურგეთის არწივებმა სეზონში მე-8 გამარჯვება გორში, ჭალის დასახლებაში ‘ჯიქთან’ შეხვედრაში გაიფორმეს. გია ამირხანაშვილის შეგირდები შიდა ქართლელებს რაგბის ყველა კომპონენტში საგრძნობლად აღემატებოდნენ, რაც გურულთა 9 დადებულ ლელოსა და მატჩის საბოლოო ანგარიშშიც ნათლად აისახა-61:8.
‘არწივების’ შუამარბმა გივი ცინცაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. მარქაფადან თამაშში ჩართული ვაკო ონიანი კი წყვილ გატანილ ლელოსთან ერთად მატჩის გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. ‘ჯიქის’ მხრიდან პრესტიჟის ლელოს გატანა მეორე ტაიმში ასევე შეცვლაზე შესულმა მარბიელმა დავით ჯაფარიძემ მოახერხა.
ტურის კიდევ ერთი პრინციპულ შეხვედრაში, პლეი ოფის საგზურის მაძიებლები მარნეულის ‘არმაზი’ და სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ ვაზისუბნის სარაგბო არენაზე შეიყარენ. ბრძოლა ფიცხელი და კარგი საცქერი გამოდგა. ორივე გუნდი უპირატესობას სწრაფ, გაშლილ თამაშს ანიჭებდა. მასპინძლები დებიუტში შუამარბ საბა ნიკოლავას გატანილი წყვილი ჯარიმით დაწინაურდნენ, რასაც მესხთა მგეზავ ოთარ ტალახაძის ლელო მოჰყვა. ტალახაძემ გარდასახვაც გამოიყენა და ‘ტაოს’ ტაიმი მინიმალური სხვაობით მოაგებინა.
მეორე ნახევარში სტუმართა კვაჭის მერაბ მაჭარაშვილის ლელო ტალახაძემ გარდასახა და მესხთა უპირატესობა 8-ქულამდე გაზარდა. საგრძნობლად გაატიურებულმა ‘არმაზმა’ ჯერ ნიკოლავას ჯარიმით ანგარიში შეამცირა, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი ფრთაზე კარგად გაშლილი ოვალი მასპინძელთა მღლეტელმა რატი ზაზაძემ ლელოდ აქცია. გამოცდილი ნიკოლავას ზუსტად შესრულებულმა გარდასახვამ ‘არმაზის’ რთული და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება დააფიქსირა-16:14.
პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ მიჯრით მეოთხე გამარჯვება რეგიონულ დერბიში, ერთ-ერთ აუტსაიდერ თელავის ‘ჭადართან’ გაიფორმეს-57:0. გარე კახელები საშინაო შეხვედრის პირველ ნახევარში აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და ლელოთა უმრავლესობა მორკინალთა აქტიურმა თამაშმა განაპირობა. მეორე ნახევარში კი ზვიად ცუხიშვილის შეგირდებმა ტემპს უმატეს, ოვალი კარგად გაშალეს და მონაგარს 4 ლელო წაუმატეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა 9-ვე გატანილი ლელო სხვადსახვა მოთამაშეზე მოდის. ‘ვეფხვების’ წარმატებას სათავე მატჩის დებიუტში მხტომელმა თემურ გოგოლაძემ დაუდო, წერტილი კი მღლეტელმა ბაჩო წიქარიშვილმა დაუსვა.
‘ბორჯომი’-‘ბაგრატის’ ტურის დასკვნითი შეხვედრა ნავთლუღში, „შევარდენზე“ გაიმართა. თორელებმა რიონისპირელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს. მარბიელ გიორგი პიტიურიშვილის ლელოს, მგეზავმა ლადო ეფხოშვილმა 2 ჯარიმაც დაურთო და შესვენებაზე ‘ბორჯომი’ ფავორიტს ანგარიშში 4 ქულით ჩამორჩა. აღსანიშავია, რომ მეტოქენი გაშლილ თამაშს ეძალებოდნენ და მატჩის ყველა ლელო ხელდახელ იქნა დადებული.
მეორე ტაიმში ‘ბაგრატმა’ ტემპს უმატა და პირველ ნახევარში გატანილ 2 ლელოს ასევე წყვილი ლელო წაუმატა. ბონუს-ქულის მომტანი ლელო მატჩის მიწურულს მარქაფადან ჩართულმა რიონისპირელთა მარბიელმა მიტრო სალდაძემ გაიტანა-26:11. ‘ბაგრატმა’ 26 ქულა დააგროვა და პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსი შეინარჩუნა. დარჩენაზე მებრძოლი სამეული /’ბორჯომი’, ‘ჭადარი’, ‘ჯიქი’ / კი წინა ტურის მსგავსად, ამჯერზეც უქულოდ დარჩა.