ლეგიონერები | საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის ლელო და მსაჯების დებიუტი

19 წლის ქართველი უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ‘ხვამლიდან’ ტოპ 14-ის ‘ლიონში’ ზაფხულში გადავიდა, ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

2021/22 წლების ევროტურნირების პირველ ტურში მისმა ‘ლიონმა’ ინგლისურ ‘გლოსთერს’ უმასპინძლა და 19:13 დაამარცხა. ნინიაშვილმა, რომელიც ფრანგულ კლუბს ზაფხულში შეუერთდა სრულად ითამაშა და 9 შეტევით ჯამში 53 მეტრი მოიგო, რაც მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მის ანგარიშზეა 9 პასი, 6 ოფლოუდი და 3 ბოჭვა.

‘ლიონის’ რიგებში სრულად ითამაშა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ და 12 შეტევით 30 მეტრი მოიგო, გააკეთა 3 პასი და 8 ბოჭვა. ‘გლოსთერის’ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა შუამარბმა გიორგი კვესელაძემ, ბურთი 4-ჯერ წაიღო და 15 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 8 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა.

‘ბიარიცმა’ ‘ძებრეს’ იტალიაში 4 ლელო გაუტანა და ბონუსით, 26:13 დაამარცხა, რაშიც წვლილი უშანგი ჭეიშვილსაც მიუძღვის. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, 47-ეზე კი გუნდის მესამე ლელო გაიტანა. მან ბურთი 10-ჯერ წიღო და ამდენივე მეტრი მოიგო, დაცვაში კი 7 ბოჭვა შეასრულა. შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა ვახტანგ ახობაძე და 7 მიძალებით 9 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 4 მეტოქე შეაჩერა.

ტურნირი გამარჯვებით დაიწყო ‘პერპინიანმა’, რომელმაც უელსურ ‘ნიუპორტს’ 22:16 სძლია. ფრანგთა შორის მეორე ტაიმი შეცვლაზე ითამაშა ვახტანგ ჯინჭარაძემ (5 შეტევით 5 მეტრი და 4 ბოჭვა), რომელიც ტრავმის შემდეგ გუნდს ახლახანს დაუბრუნდა და კლუბთან ახალი კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

სამმა ქართველმა ითამაშა ჩემპიონთა თასის პირველ ტურში.

‘რასინგ 92’ ინგლისში ‘ნორთჰემპტონს’ ეწვია და ბონუსით, 45:14 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს გურამ გოგიჩაშვილი.

ინგლისში ‘ექსეთერის’ წინააღმდეგ ითამაშა და 6:42 დამარცხდა ‘მონპელიე’. სტუმართა შორის პირველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა გელა აფრასიძემ.

‘ბორდომ’, რომლის რიგებში შეცვლაზე 48-ე წუთიდან ლექსო ყაულაშვილმა ითამაშა, ინგლისური ‘ლესთერ თაიგერსი’ მიიღო და 13:16 დამარცხდა.

ფრანგული ‘კასტრისა’ და ინგლისური ‘ჰარლიქუინსის’ შეხვედრაში ჩემპიონთა თასზე ქართველი მსაჯების დებიუტი შედგა. შეხვედრაზე სრულად ქართულ ბრიგადას უნდა ემუშავა, თუმცა, სამწუხაროდ კორინა-ვირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, საფრანგეთში მხოლოდ ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე გაემგზავრნენ. დაძაბულ მატჩში ინგლისელებმა 20:18 მოიგეს. ამაშუკელი მოედნის მსაჯი იყო, თევზაძე კი კიდიდან ეხმარებოდა.

 

ფოტო: LOU Rugby