მურად („მურიკო“) თოფურიძე იუბილარია!

გამოჩენილ ქართველ მორაგბეს, რაგბის ამაგდარ ფუნქციონერსა და ღირსების ორდენის კავალერ მურად („მურიკო“) თოფურიძეს (ფოტოზე – მეორე რიგში, მარჯვნიდან მეოთხე) დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა.

ნახალოვკელი ყმაწვილი სპორტით უმრწმესი ასაკიდან მოიხიბლა და მაღალ აკადემიურ მოსწრებას ჯერ თავისუფალი სტილით ჭიდაობა, შემდგომ კი რაგბი (იმხანად-რეგბი) კარგად შეუხამა, მეტიც მურად თოფურიძემ მორაგბეობის გამო უმაღლესი სასწავლებელიც კი იცვალა. კავშირგაბმულობის ინსტიტუტიდან სწავლა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინების ფაკულტეტზე განაგრძო და მალე „სასოფლოს“ მორაგბეთა გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. „მურიკო“ უნივერსალური თვისებების მქონე მორაგბე გახლდათ. ერთნაირი წარმატებით ხელეწიფებოდა ბურჯის პოზიციაზე და მესამე ხაზში თამაში.

დაკუნთული, დიდი ჯანის მქონე ალღოიანი თოფურიძე რაგბის სამყაროს ვიტალი სისაურმა აზიარა. ნიჭიერი ჭაბუკი მორაგბე მალე ნოდარ ყიფიანისა და გოგი ტონიას თვალთახედვის არეში მოექცა და „მურიკომ“ 1963 წლიდან მორაგბის კარიერა „განთიადში“ განაგრძო, სადაც თავისი პირველი ჯილდოს – საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 1966 წლიდან კი ირაკლი კიზირიას, რომა ღვინიაშვილისა და ნიკა კვინიხიძის დაჟინებული თხოვნით ‘დინამოს’ კვართი მოირგო. „დინამოელთა“ რიგებში მურად თოფურიძე ‘დინამოს’ ცენტრალური საბჭოს 3-გზის ჩემპიონი გახდა, თბილისში გამართულ საკავშირო პირველობაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, 3-ჯერ კი საქართველოს ჩემპიონატში იპირველა. მორაგბის კარიერის მიწურულს, 1973 წელს მურად თოფურიძეს სსრკ-ს სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მურად თოფურიძის მონაწილეობა და კარგი თამაში 1967 წელს საფრანგეთის პროფკავშირული გუნდის წინააღმდეგ თბილისსა და გურჯაანში გამართულ შეხვედრებში. მაშინ ფრანგებს ‘ლოკომოტივი’ დაუპირისპირდა, რომელიც ფაქტობრივად ისტორიაში საქართველოს პირველ ნაკრებს წარმოადგენდა. მურად თოფურიძე საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედ – რაგბის საქალაქო სექციის ყრილობის დელეგატიც გახლდათ, რითაც ადგილი ქართული რაგბის ფუძემდებელთა შორის დაიმკვიდრა. ხსენებული  დამფუძნებელი ისტორიული კრებიდან 1 დეკემბერს 60 წელი სრულდება, რომელსაც სრულიად ქართული რაგბის თემი საგანგებოდ აღნიშნავს.

დიდი რაგბიდან წასვლის შემდეგ მურად თოფურიძეს ოვალის სამყაროსთან ურთიერთობა წუთითაც არ შეუწყვეტია. „მურიკო“ წლების მანძილზე ‘ლოკომოტივის’ დირექტორის პოსტს იკავებდა და აღნიშნულ პერიოდში „რკინიგზელებმა“ როგორც საბჭოეთის, ასევე შინაურ პირველობებზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს.

საბჭოური ეპოქის მიწურულს, 1989 წელს უმწვავეს ეკონომოკიურ კრიზისში ჩაფლულ ქართულ რაგბს მხსნელად სწორედ მურად თოფურიძე მოევლინა. „მურიკოს“ ძალისხმევით ქართულ რაგბს სათავეში გლდანის რაიკომის პირველი მდივანი ალეკო გოცირიძე ჩაუდგა. გოცირიძისა და იმხანად სახელმწიფო მწვრთნელის თანამდებობაზე მყოფ ლეგენდარულ დავით კილასონიას უდიდესი ძალისხმევით ქართული რაგბი სრულ გაპარტახებასა და ფუნქციონირების შეწყვეტას გადაურჩა.

მურად თოფურიძემ თავის ერთადერთი ვაჟი, დიმიტრი თოფურიძე რაგბში აქტიურად ჩააბა. კვიცი გვარზე ხტისო და მამის მსგავსად, დიმიტრიმაც ბურჯის პოზიცია წარმატებით მოირგო. თოფურიძე-უმცროსი 1996-98 წლებში ‘ლელოსა’ და ‘გუმარში’ გამოდიოდა, კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი წლები კი ‘ლოკომოტივში’ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 1999-2003 წლების პერიოდში 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ასევე 2-გზის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მურად თოფურიძის ცხოვრებაში რაგბს ახლაც დიდი ადგილი უკავია. „მურიკო“ საქართველოს ვეტერან მორაგბეთა პრეზიდიუმის წევრია.

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად სარაგბო თემი, ულოცავს ბატონ მურად თოფურიძეს 80 წლის იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ქართული რაგბის მრავალი წარმატებით გახარებას.