დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 აკადემია

თბილისის ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო და 16 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მეექვსე ტურში მან ‘ყაზბეგს’ „ავჭალაში“, 36:17 მოუგო და  ბონუსიც აიღო.

სტეფანწმინდელები, რომლებიც ნომინალური მასპინძლები იყვნენ მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ. ინტენსიური, ხელდახელ თამაში გაჩაღდა და მე-18 წუთზე ‘ყაზბეგმა’ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. დერეფანს მორკინალების დარტყმა მოყვა, ხაზში მეტობა შეიქმნა და გრძელი პასის შემდეგ გელა ელოშვილმა ლელოს უწია, კვირიკაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა და გუნდს სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვების იმედი ჩაუსახა.

მაგრამ ‘აკადემიამ’ თამაში 10 წუთში გარდატეხა. ჯერ სანდრო მარგიანმა გაიტანა ჯარიმა, თამაში რომ განახლდა სტუმრებმა თავისი ნახევრიდან ხელდახელ დაწყებული, 2-წუთიანი შეტევა გიორგი ჭუაძის ლელოთი დაარულა, კიდევ ორ წუთში კი დერეფნის შემდეგ თორნიკე ზოიძე მბოჭავმა ვერ შეაჩერა და სტუმრები წინ გავიდნენ. მარგიანმა მეორე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 15:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი თბილისელების შეტევებით დაიწყო და 10 წუთის შემდეგ გიორგი გოგლიძემ ძალისმიერი ლელო შეიტანა. 62-ე წუთზე გიორგი შუბითიძემ ბურთი ძელებსშუა დაამიწა და გუნდი ბონუსის ზონაში შეიყვანა, 10 წუთში კი საბა ილურიძემ პასი ჩაჭრა და დაახლოებით 55 მეტრი ირბინა. მარგიანმა მეორე ტაიმში სამივე გარდასახა და უპირატესობა სოლიდური გახდა. გაწითლებულ დროზე ‘ყაზბეგმა’ კარგი ხელდახელ შეტევის შემდეგ მეტოქის ნახევარზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, კვირიკაშვილმა ის გაათამაშა და ფეხით გადაკიდა, ლუკა დვალიშვილმა ლელო გაიტანა, „მეკომ“ კი გარდასახა – 36:17 ‘აკადემიას’ სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘აკადემის’ ბურჯი გოგა ქადარია დასახელდა.

დიდ 10-ში ერთკვირიანი შესვენების დრო დადგა და თუ რაიმე გარემოებამ ხელი არ შეუშალა, 13 ნოემბერს თბილისის ‘ლოკომოტივსა’ და ქუთაისის ‘აიას’ შორის გადადებული შეხვედრა გაიმართება.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე