კიკეთის ‘იუნკერებმა’ ქუთაისის ‘არესს’ 35:29 სძლია და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
‘იუნკერები’ თამაშს ზედიზედ სამი მარცხით შეხვდა და ხასიათთან ერთად, სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებაც ჰაერივით ესაჭიროებოდა. დაძაბული პირველი ნახევრის შემდეგ, „ავჭალაზე“ კიკეთელებმა შეძლეს სოლიდური უპირატესობის მოპოვება, თუმცა ბოლოს ორი ლელო მიიღეს და მეტოქეს ქუთაისში ნუგეშის ქულა გაატანეს.
ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. კიკეთელებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენეს და ანტონ ცილიკურის ლელო ლუკა მატკავამ გარდასახა. ‘არესმა’ მალე უპასუხა. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ლაშა ხურცილავას მიუვიდა, ხაზი გაჭრა და ის ლელოში ანდრო ახვლედიანს შეაყოლა. ქარში მიმდინარე მატჩში გარდასახვა არაზუსტი იყო. მე-14 წუთზე მატკავამ გასატანი ჯარიმა ძელს გაარტყა, თუმცა მისი თანაგუნდელები ხელდახელ კარგად უტევდნენ, 5-მეტრიანი დერეფანი მიიღეს, სადაც ბურთი კარგად ვერ ააგდეს, მაგრამ ლუკა ივანიშვილმა თავად შეუტია და თანაგუნდელის დახმარებით ლელოს ხაზი გადაკვეთა. მატკავამ გარდასახა.
‘არესმა’ 26-ე წუთზე უპასუხა, ბადრი დანგაძემ კარის წინ მომენტი დაიჭირა, თავად შეუტია და ლელო ძელებსშუა დაამიწა, გიორგი თევდორაძემ კი გარდასახა. თამაში განახლდა თუ არა მატკავამ ჯარიმით უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. თევდორაძეს საპასუხო ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 34-ე წუთზე ჯარიმა უკვე აუტში გადაიტანა, ფორვარდების დარტყმის შემდეგ ბურთი ფრთაზე ჩათამაშდა და ახვლედიანმა დუბლით წონასწორობა აღადგინა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მატკავას ჯარიმამ პირველი ტაიმი მასპინძლებს 20:17 მოაგებინა.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეცდომებით დაიწყო და დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში არ შეცვლილა, 58-ე წუთიდან კი ‘იუნკერებმა’ უპირატესობა გაზარდა. მატკავას ჯარიმიდან ორ წუთში, მასპინძლებმა მეტოქის 22-ში გაშალეს შეტევა, ცილიკური, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ფრთაზე დარჩა, პირველი მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და მეორე მცველის მცდელობის მიუხედავად ალამთან ლელო გაიტანა.
მატკავას გარდასახვა და მოგვიანებით ჯარიმა არაზუსტი იყო. სამაგიეროდ 73-ე წუთზე გიორგი შუკაკიძემ მასპინძელთა მეოთხე ლელო გაიტანა, ამჯერადაც მატკავა ზუსტი იყო და რადგან უპირატესობა 18 ქულამდე (35:17) გაიზარდა, მატჩის ბედიც გადაწყდა. ‘არესმა’ ბოლომდე იბრძოლა და ჯილდოდ ნუგეშის ქულა მიიღო. ბადრი დანგაძემ და დავით კვირიკაშვილმა 3 წუთის ინტერვალით ლელოები გაიტანეს, კვირიკაშვილმა თავისივე ლელო კარის წინიდან გარდასახა და ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა – 35:29.
ფოტო: მარიამ გაგნიძე