პირველი ლიგა | ‘არმია’ ისევ თავშია

მეექვსე ტურის შემდეგ ‘არმიამ’ ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებლად მყოფ არმიელებთან, ცხრილში ჩამორჩენა ოზურგეთის ‘არწივებმა’ მინიმუმამდე შეამცირა.

გამარჯვებათა და ზეშედეგიანი თამაშის იშტაზე მოსულმა ‘ტაომ’ სანახაობრივი, უხვქულიანი თამაშით ქომაგი ამჯერზეც გაახარა. მესხებმა მეოთხე მოგებით მესამე პოზიცია განიმტკიცეს და ლიდერ ‘არმიას’ 5 ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ მესხები მიმდინარე ჩემპიონატში თამაშში საშუალოდ 45 ქულას აგროვებენ. დიდი 10-ის საგზურის მაძიებლების, პატარძეულის ‘ვეფხვებისა’ და მარნეულის ‘არმაზის’ მორიგმა მარცხმა, გარე კახელებსაც და ქვემო ქართლელებსაც ელიტაში დაბრუნების შანსი მკვეთრად შეუმცირათ. თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს ‘ხვამლი’ და მიჯრით მესამე მოგებით მუხიანელებს მოწინავე ოთხეულში მოხვედრის კარგი შანსიც გაუჩნდათ.

ქუთაისში, ‘ბაგრატისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრამ უშეღავათო და მეტად დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. მეტოქენი გარდამავალ უპირატესობას ფლობდნენ. გურულები უკეთ მოლში, რაქსა და დერეფანში გამოიყურებოდნენ, რიონისპირელები კი სტუმრებს ღია, გაშლილ თამაშში ჯაბნიდნენ და მეტოქის ხშირი დაჯარიმების ხარჯზე, მეორე ტაიმში 15-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა და ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს.

პირველ ნახევარში ‘არწივები’ დომინირებდნენ და ‘ბაგრატის’ წყვილ ჯარიმას მხტომელ კოტე გაზაშვილის, ფრთა ქრისტიანე მოწყობილისა და მარბიელ თენგიზ გიგოლაშვილის გატანილი ლელოებით უპასუხეს. მეორე ტაიმში გააქტიურებული მასპინძელის ჰავბეკ გუჯა კიკვაძის დადებულ ლელოს 3 გატანილი ჯარიმაც დაერთო, რამაც რიონისპირელები გამარჯვებას მიუახლოვა. სტატიკის ხარჯზე გურულებმა შეხვედრის შემოტრიალება შეძლეს. ჩვეულებისამებრ, უნარიანად ირჯებოდა სტუმართა გამოცდილი მგეზავი ბახვა კობახიძე. ბოლო წუთებზე კარგად გასუფთავებული რაქიდან დროულად გამოტანილი ოვალი მარქაფადან ჩართულმა მხტომელმა დავით კვაჭანტირაძემ ლელოდ აქცია და თანაგუნდელები ორმაგად ახეირა. გია ამირხანაშვილის ბიჭებმა მატჩიც მოიგეს და თან ბონუს-ქულაც აიღეს-29:22.

ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართა. ელიტადან დაქვეითებული და კრიზისში მყოფი ‘არმაზი’ წარუმატებელი სერიის შეწყვეტას პირველობის ლიდერ ‘არმიასთან’ საშინაო ჯახში ამაოდ ლამობდა. „არმიელები“ შეხვედრის დიდი ნაწილი სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ, მასპინძლებს სტატიკაში ჯაბნიდნენ, თუმცა სათამაშო დისციპლინაში არსებულმა ხარვეზმა და გადამეტებულმა თავდაჯერებულობამ ბექა სხულუხიას ბიჭებს საშური პრემიის აღების შესაძლებლობა არ მისცა. მორიგ ტურში „არმიელებს“ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ბექა სხულუხიას ბიჭები დედაქალაქში პატარძეულის ‘ვეფხვებს’ დაუხვდებიან.

„არმიელებმა“ ქვემო ქართლელებზე ორით მეტი, 4 ლელო გაიტანეს. ფრთა ბექა მაჭარაშვილმა პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა. გატანილი ლელოთი ‘არმიას’ კაპიტანი და ფრთა გიორგი გელაშვილიც გამოირჩა. ‘არმაზმა’ ბოლომდე იბრძოლა და კაპიტან ლევან ბრაგვაძის დადებული ლელოთი ლიდერს ბონუსი არ დაანება, საკუთრივ კი ნუგეშ-ქულას გამორჩა-26:19.

‘ხვამლმა’ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო და ‘ბორჯომთნ’ გადადებულ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში მუხიანელები მოწინავე კვარტეტში აინაცვლებენ. ლიგის ყველაზე ახალგაზრდული კოლექტივი ლაღ, შემტევ თამაშს ანიჭებს უპირატესობას, რაც ჭაბუკთა ლიგიდან სრულფასოვანი რესურსის მიმღებ დავით ცხვედიანის გუნდს სამომავლოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის კარგ პერსპექტივას უქადდის.

პატარძეულში, ბურჯ ლევან ნაკვეთაურისა და მღლეტელ ანრი გორდაშვილის გატანილი ლელოთა წყალობით, ‘ვეფხვები’ მუხიანელებთან ანგარიშში მცირე უპირატესობას ტაიმნახევარი ფლობდნენ, თუმცა სტუმრებს უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე სასურველი შედეგის მიღწევა არ გაჭირვებიათ. ‘ხვამლი’ ხელით, სისწრაფეზე გაშლილ თამაშს ეძალებოდა და გარე კახელებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. პირველ ნახევარში ‘ხვამლის’ შუამარბ ბაჩანა მონიავას გატანილ ლელოს, მეორე ტაიმში მღლეტელ გიორგი კვაბზირიძის ლელოც დაერთო. დადებული ლელოთი თავი მარქაფადან ჩართულმა სტუმარი გუნდის კვაჭმა გივი მაწკეპლაძემ და მარბიელმა ლუკა ანსიანმაც გამოიჩინეს-29:18.

ასპინძაში ‘ტაოს’, თელავის ‘ჭადართან’ საშინაო შეხვედრაში პრობლემები არ შექმნია. მართალია, კახელები მატჩის დებიუტში შუამარბ ლაშა სირაძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში კლასით მაღლად მდგომ მესხებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

‘ტაო’ თამაშის ჩვეულ სტილში, სწრაფად და კომბინაციური მანერით მოქმედებდა. სივრცეზე მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა, უპირატესად ხელდახელ თამაშით  7 ლელოს გატანა მოახერხეს და მატჩი-47:3 მოიგეს. „ჰეთ-თრიკით“-‘ტაოს’ ფრთა საბა ხურცილავა გამოირჩა. მოუგებლად მყოფი, 2 ნუგეშ-ქულის მქონე ‘ჭადარი’ ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება, თუმცა კახელთა საკულტო დამრიგებელ გია ჭუმბურიძეს შეგირდთა სრულყოფილი შეთამაშებისა და ლიგაში ადგილის შენარჩუნების მეტად ეიმედება.

ლიგაში დარჩენაზე მებრძოლებმა, ‘ბორჯომმა’ და ‘ჯიქმა’ გამარჯვებული ნავთლუღში, „შევარდენზე“ გამოავლინეს. ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა და შესვენებაზე 26-ქულიანი უპირატესობის მქონე თორელებს მოგების ნაადრევმა რწმენამ კინაღამ გამარჯვება დააკარგინა.

პირველ ნახევარში ‘ბორჯომი’ ლაღი, ხელდახელ თამაშით საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. დებიუტანტმა 5 ლელოს გატანა მოახერხა. „დუბლით“-თორელთა შუამარბი ნიკა დიღმელაშვილი გამოირჩა. მეორე ნახევარში მოდუნებულ ‘ბორჯომს’ შიდა ქართლელებმა დიდი პრობლემები შეუქმნეს. მოლსა და გაშლილ თამაშში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე 4 გატანილი ლელოთი ‘ჯიქს’ მატჩის გადარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტად აჩქარებული გორელების დაჯარიმებით კარგად ისარგებლა ლადო ეფხოშვილმა. თორელთა ფულბეკის გატანილმა ჯარიმამ  სეზონში ‘ბორჯომის’ მიჯრით მეორე გამარჯვება დააფიქსირა – 36:26.