დიდი 10 | ლოკომოტივი 38:13 აკადემია

თბილისურ დერბიში ‘ლოკომოტივმა’ ‘აკადემიას’ 38:13 მოუგო და ბონუსიც აიღო.

გორში გამართული შეხვედრის დებიუტში ‘ლოკომოტივმა’ ხელდახელ კარგად შეუტია, ნიკა წივწივაძემ ორი მბოჭავი მოიშორა და ლელო ალამთან გაიტანა. რკინიგზელები არც ამის შემდეგ გაჩერდნენ და ‘აკადემიამ’ 10 წუთით მიხეილ ახობაძე დაკარგა, მერე კი ბექა წიკლაურმა ჯარიმა გაიტანა. სანდრო მარგიანმა ჯარიმა მალევე გაქვითა, მაგრამ ‘ლოკომოტივი’ აშკარად დომინირებდა და 22-ე წუთზე გიორგი ჭურაძემ გაჭრა ხაზი, მისი ლელო კი წიკლაურმა გარდასახა – 15:3.

ამის შემდეგ ‘აკადემია’ ინიციატივას დაეუფლა და რამდენჯერმე სალელოვედ შეუტია. ‘ლოკომოტივმა’ ბოლო ფაზაში თავი ყველა ჯერზე დაიცვა, ტაიმის ბოლოს კარგი კონტრშეტევა განახორციელა და გაგა არაბულმა ლელო გაიტანა.

‘ლოკომოტივს’ გიორგი მოსულიშვილის, ბექა ბებიაშვილისა და ზვიად ქეცბაიას სინბინის გამო, 30 წუთი კაცნაკლული მოუწია თამაში და თანაც 56-ე წუთზე საჯარიმო ლელოთიც დაისაჯა. 58-ე წუთზე ბექა წიკლაურს ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ განახლდა თუ არა შეხვედრა, 58 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და საკუთარ გუნდს მორიგი 3 ქულა შესძინა – 23:10.

მარგიანმა 3 ქულა ჯარიმიდან ერთ წუთში გაქვითა, მაგრამ მერე ქულები მხოლოდ ‘ლოკომოტივმა’ აგროვა. 69-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ ბურთი თავისი 22-იდან ფეხით მოიგერია, ის ვახო კავთიძის ნადავლი გახდა და მანაც ფეხით ითამაშა. არეულობაში მიხეილ ახობაძემ მეტოქეს ბურთი არ გაატანა და თავად მეორე ყვითელით, ანუ წითელი ბარათით დაისაჯა, გუნდი კი საჯარიმო ლელოთი.

არეულ დასკვნით წუთებში კვლავ ‘ლოკომოტივმა’ იხეირა და ალამთან ლელო გიორგი გაზდელიანმა გაიტანა, წიკლაურმა კი წერტილი ჯარიმით დასვა – 38:13. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გაგა არაბული გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი