დიდი 10 | ბათუმი 40:15 ლელო

სათამაშო დროის უმეტესი წილი კაცნაკლულად მოთამაშე ‘ბათუმმა’, თბილისის ‘ლელოს’ თითო ტაიმში 3-3 ლელო გაუტანა და დიდი 10-ის მეორე ტურში ბონუსით, 40:15 გაიმარჯვა.

ზღვისპირეთში გამართულ მატჩს იოსებ ჯაფარიძე სჯიდა, რომელსაც დიდ 10-ში, მოედნის მსაჯის პოზიციაზე დებიუტი ჰქონდა და მასპინძლებს ოთხი, სტუმრებს კი ერთი მორაგბე გაუსინბინა.

დასაწყისი მასპინძლების იყო. ‘ბათუმის’ მიერ მე-5 წუთზე აგორებული მოლი ლელოთი საბა შუბითიძემ დაასრულა, მე-17 წუთზე კი საჯარიმო ლელო დაინიშნა და თანაც სტუმრებმა სინბინით დავით აბდუშელიშვილი დაკარგეს. 21-ე წუთზე ‘ლელომ’ თავისი 22-იდან სცადა შეტევის დაწყება, ვანო ფუტკარაძემ მეტოქეს ოვალი ხელიდან გამოსტაცა და მესამე ლელო გაიტანა.

სტუმრებმა მე-14 წუთზე ბექა მამუკაშვილის ჯარიმით უპასუხეს, ტაიმის დასკვნითი 20 წუთი კი მეტოქის ნახევარზე გაატარეს და 22-ში მოლიც რამდენჯერმე ააგორეს. მასპინძლებმა სინბინით ერთმანეთის მიყოლებით კობა ჯიმშელეიშვილი, ანზორ სიჭინავა და ბექა ურჯუკაშვილის დაკარგეს. ერთი ხანობა მათ 12 კაცის ამარა მოუწიათ თავის დაცვა, თუმცა ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს – 21:3.

‘ლელომ’ რიცხობრივი უპირატესობა მეორე ტაიმის დებიუტში გამოიყენა, როდესაც ფეხით შეცურებულ ბურთზე მცველებმა ვერ ითამაშეს და რამაზ ნიქაბაძემ ერთი ლელო გაქვითა. თამაში გათანაბრდა და ‘ბათუმმა’ ჯარიმით სცადა 3 ქულის აღება, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა. სამაგიეროდ, 62-ე წუთზე, დერეფნის შემდეგ ხაზი დაჩი კოპაძემ გაარღვია და მამუკა ნინიძემ მისი ლელო გარდასახა.

‘ლელომ’ გაიბრძოლა და 74-ე წუთზე მათი ხანგრძლივი შეტევა აბდუშელიშვილის ლელოთი და დიტო კალანდაძის გარდასახვით დასრულდა, თუმცა ‘ბათუმმა’ მალევე შეძლო ბონუსის დაბრუნება. ანზორ სიჭინავამ ფეხით გადაკიდებული ბურთი ცენტრალურ ხაზთან მოხსნა და მარჯვენა ფრთაზე თავად შეუტია, მას ნინიძე მიყვა და ლელო ალამთან გაიტანა, სულ ბოლოს კი ნუკრი ფერსელიძეზე ბოჭვა გაცუდდა და ნინიძემ გარდასახვით წერტილი დასვა – 40:15.

‘ბათუმმა’ სეზონის სტარტზე მეორე თამაში მოიგო, პირველი ბონუსით და 9 ქულა მოაგროვა, ‘ლელოს’ კი 4 ქულა დარჩა. განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვანო ფუტკარაძე გახდა.