7-კაცას სემინარები თურქეთში

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა გია ჭუმბურიძემ და ედუკატორმა პალიკო ჯიმშელაძემ, მეზობელ თურქეთში სამდღიანი სამწვრთნელო სემინარი გამართეს.

7-კაცა რაგბის პირველი და მეორე დონის სემინარებს 18 მსმენელი (მათგან 7 გოგონა) დაესწრო, რომელთაგან 17 ადგილობრივი და ერთიც ლიბიელი სპეციალისტი იყო.

„სემინარი ანკარის მახლობლად, კიზილჩე ჰამამში ჩატარდა, რომელიც საკურორტო ზონაა. ამავდროულად, იქ ძალიან კარგი სპორტული ინფრასტრუქტურაა და არაერთი გუნდი ჩადის მოსამზადებლად. თურქეთის რაგბის კავშირიც ნაკრებისთვის სწორედ იქ აშენებს ბაზას“ – განაცხადა ჭუმბურიძემ, რომელიც სემინარით კმაყოფილი დარჩა:

„მე საერთო მოდულები წავიკითხე, პალიკომ 7-კაცას მიმართულებაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ კონტიგენტი გონივრულად იყო შერჩეული. ყველა მათგანს ჰქონდა მოთამაშის და უმრავლესობას სამწვრთნელო გამოცდილება. პირველი დონე ყველამ კარგად გაიარა, მეორე დონის სერთიფიკატის გასაცემად კი, მათ დავუტოვეთ დავალებები, რომლებიც ორი თვის ვადაში უნდა შეასრულონ“.

„დიდი დახმარება გაგვიწია თურქეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა დავით თავაძემ, რომელიც წარსულში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. მან წინასწარ თარგმნა მოდულები, სემინარს ჩვენ ქართულად ვკითხულობდით, ის კი დეტალურად თარგმნიდა, რამაც კომუნიკაცია და აღქმა გააადვილა“.

მისი თქმით, თურქული მხარე საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია და საქართველოში ვიზიტს გეგმავენ:

„გვქონდა შეხვედრა თურქეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტთან. მან გაგვაცნო ინფრასტრუქტურული პროექტები და დიდი მადლობა გადაგვიხადა გაწეული დახმარებისთვის. თურქები ხედავენ, რომ რაგბი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება და რადგან 7-კაცა ოლიმპიური სახეობაა, პირველ ეტაპზე მის მაქსიმალურად განვითარებაზე ზრუნავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებენ სარაგბო ბაზების მოწყობას. ისინი აღიარებენ, რომ რეგიონში საქართველო წამყვანი სარაგბო ქვეყანაა და ჩვენთან თანამშრომლობით ფიქრობენ რაგბის განვითარებას. თავის მხრივ დავუდასტურეთ, რომ ჩვენც ვართ დაინტერესებული სამეზობლოში რაგბის განვითარებით“.