დიდი 10 | ყაზბეგი 23:25 აია

დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘ყაზბეგმა’, პირველ მატჩში მოქმედ ჩემპიონ ‘აიას’ დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ გამოცდილმა მეტოქემ 25:23 იმარჯვა და სტეფანწმინდელებს მხოლოდ ნუგეშის ქულა დაუტოვა.

შეხვედრა გორში გაიმართა და გუნდებმა ერთმანეთის პატივისცემა დერეფნით გამოხატეს, რასაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მოყვა. თამაშში ბურთი ‘ყაზბეგმა’ შეიყვანა და საწყის წუთებში თავი კარგად დაიცვა, მერე კი მერაბ კვირიკაშვილმა თავისი 22-იდან ფეხით ისე დაკრა, ბურთი მეტოქის 22-ში დავარდა და აუტში ისე გადავიდა. მსოფლიო რაგბის ახალი წესების თანახმად, დერეფანში ბურთი ‘ყაზბეგმა’ შემოაგდო, ის მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და ლუკა ალიბეგაშვილმა დიდ 10-ში გუნდის პირველი ლელო გაიტანა.

კვირიკაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 23-ე წუთზე ბონდო აბაშიძის მიერ გატანილ ჯარიმას ჯარიმითვე უპასუხა და მცირე ხნით მასპინძელთა 5-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. ‘აია’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ და 32-ე წუთზე აბაშიძემ თავისი მეორე ჯარიმა გაიტანა, ხოლო ტაიმის მიწურულს თემურ კოხოძემ გაჭრა ხაზი და ლელოდან 5 მეტრში ბურთი წინ დაუვარდა. სამაგიეროდ, ‘აიამ’ ‘ყაზბეგის’ შერკინება მოიგო, გიორგი კურტანიძემ ძელებსშუა შეუტია და ქუთაისელები წინ გაიყვანა, აბაშიძემ კი გარდასახა – 8:13.

გაწითლებულ დროზე კვირიკაშვილმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა, 46-ე წუთზე კი სტეფანწმინდელები კვლავ დაწინაურდნენ. კვირიკაშვილის კარის წინ გარღვევის შემდეგ, ირაკლი სიმსივე სინბინით დაისაჯა. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა მალევე გამოიყენეს, ბურთი ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს და ნიკოლოზ გიგაურმა ლელო გაიტანა.

კაცნაკლულმა ‘აიამ’ სწრაფად დაიბრუნა მატჩის სადავეები, ტემპს უმატა და რაქიდან მიძალების შემდეგ იონა ფირცხალავამ ლელო, ხოლო აბაშიძემ გარდასახვა გაიტანა. 67-ე წუთზე სტუმრებმა მოლით დაახლოებით 10 მეტრი იარეს და გიორგი ქიმუცაძემ ‘აიას’ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. ‘ყაზბეგი’ არ გატყდა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტია და გიორგი ღლონტმა ლელო გაიტანა, ირაკლი ყიასაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა.

საფინალო სასტვენამდე 5 წუთი რჩებოდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩემპიონმა 25:23 მოიგო, დებიუტანტმა კი ნუგეშის ქულა მიიღო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კურტანიძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე