დიდი 10 | სეზონი ქუთაისში იწყება

დიდი 10-ის 2021/22 წლის სეზონი პარასკევს, 24 სექტემბერს ქუთაისში აიღებს სტარტს.

ერთწლიანი გარდამავალი ტურნირის შემდეგ, ის ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდა. 10 გუნდი ორ წრედ ითამაშებს, მოწინავე ექვსეული ფლეი ოფში თასისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ბოლოადგილოსანი პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო დიდი 10-ის მე-9-ადგილოსანი ორრაუნდიან გადათამაშებას გამართავს პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან.

სეზონის გახსნის მატჩში, რომელიც 16 საათზე დაიწყება, ‘არესი’ ‘ბათუმს’ მასპინძლობს. გასული სეზონი ქუთაისელებმა მე-9 ადგილზე დაასრულეს და უძლიერესთა შორის ადგილი ‘არმიასთან’ ბრძოლაში შეინარჩუნეს. ‘ბათუმი’ ფინალში გავიდა და „ოქროს მატჩში“ ქუთაისში, ‘აიასთან’ დამარცხდა.

შაბათს ორი თამაშია. 15 საათზე რუსთავში ‘ხარები’ ‘ყოჩებს’ მასპინძლობს. გასულ სეზონში ‘ხარები’ ქვედა ექვსეულში დარჩა, თუმცა იქ უკონკურენტო იყო. ‘ყოჩებმა’ ნახევარფინალში ითამაშა და მომავალ ჩემპიონ ‘აიასთან’ დამარცხდა და საბოლოოდ მეოთხე იყო.

17 საათზე „ლელო არენაზე“ დედაქალქური დერბია. ‘ლელო-სარასენსი’ ბრინჯაოსმედალოსან ‘აკადემიას’ მასპინძლობს. გასულ სეზონში ‘ლელოს’ უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მოუწია ბრძოლა და მერვე ადგილს დასჯერდა. ‘აკადემიამ’ ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, მესამეადგილისთვის ‘ყოჩები’ დაამარცხა.

26 სექტემბერს, 15 საათზე, ისტორიულ მატჩს გამართავს ‘ყაზბეგი’. პირველი ლიგიდან დაწინაურებული სტეფანწმინდელები, სადებიუტო მატჩში ჩემპიონ ‘აიას’ მასპინძლობენ. ქუთაისელებმა ოქროს მედლები 26-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგეს და ტიტულის დაცვას დებიუტანტით იწყებენ.

17 საათზე „ავჭალაზე“ ‘ლოკომოტივი’ ‘იუნკერებს’ მიიღებს. გასულ სეზონში ორივე გავიდა მოწინავე ექვსეულში, მაგრამ ფლეი ოფის პირველივე ეტაპზე დამარცხდნენ და მეხუთე-მეექვსე ადგილი გაინაწილეს. აღსანიშნავია, რომ ‘იუნკერების’ ახალი მთავარი მწვრთნელი სამხრეთ აფრიკელი ჟუან დე კარვალიოა.