საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის „ალაფის“ პირველ ეტაპზე მოლდოვას ორჯერ მოუგო და მე-7 ადგილი დაიკავა.
ხორვატიაში, ზაგრებში გამართული ტურნირის პირველ მატჩში, მომავალ მესამეადგილოსან შვედეთს ჩვენმა 7-ქალამ დიდი ბრძოლა გაუმართა, მეორე ტაიმი სრულად მეტოქის ნახევარზე გაატარა და ერთი ლელოც გაიტანა, მაგრამ შესვენებამდე ორი მიიღო და 5:10 დამარცხდა.
ბრძოლა იყო პირველ ტაიმში ფინალისტ უკრაინასთან, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქემ იმძლავრა და 38:0 მოიგო. პირველი დღის ბოლო მატჩში გოგონებმა მოლდოვას 4 ლელო დაუდეს და 24:10 მოიგეს.
მეორე დღეს, მეოთხედფინალში ფინეთს ტოლსწორად ვეთამაშეთ, მაგრამ შანსები გამოუყენებელი დარჩა. მეტოქემ 4 ლელო გაიტანა და 0:22 დავმარცხდით. მე-5 ადგილის ნახევარფინალში თურქეთმა კონტრშეტევებზე სამი ლელო გაიტანა და 17:0 იმარჯვა, მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში კი, მოლდოვას უკვე 31:5 ვძლიეთ.
7-ქალას „ალაფის“ მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.
ხორვატიაში ითამაშეს
სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი).
მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
ექიმი: ოთარ თაბაგარი
ფიზიო: გიორგი მურადაშვილი
მენეჯერი: ია ხურცილავა