რაგბი ევროპა | საქართველო 48:15 ნიდერლანდები

ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში, დებიუტანტი ნიდერლანდები 48:15 დაამარცხა და თასი ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მე-13-ედ მოიპოვა.

ეს იყო პირველი სანაკრებო მატჩი, რომელიც კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ჩატარდა და მის მთავარ აღმოჩენად 18 წლის დავით ნინიაშვილი იქცა, რომელმაც 8-იდან სამი ლელო პირად ანგარიშზე ჩაიწერა და ესეც რომ არა, შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ის იყო საიმედო ჰაერში თამაშისას და ორ ეპიზოდში სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ, შეტევაში კი თამამ გადაწყვეტილებებს იღებდა და ჩანაფიქრი სისრულეში მოყავდა.

პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებს თამაშის დალაგება გაუჭირდათ, რაც ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებთან ერთად, მეტოქის თავდადებული ბრძოლის შედეგიც იყო. ისინი მე-4 წუთზე, ნინიაშვილზე ჰაერში თამაშის გამო 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა 22-ში რამდენიმე ძალისმიერი მიძალების მოგერიება შეძლეს.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. 5-მეტრიანი შერკინებიდან დებიუტანტმა ილია სპანდერაშვილმა შეუტია და ბურთი ვასილ ლობჟანიძეს გაატანა, რომელმაც ხაზზე გაშალა ბურთი და ნინიაშვილმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. ამას შეცდომები მოყვა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და 5 წუთში ჯარიმით გვიპასუხა. ტაიმის შუაში ლამაზი ლელო უნდა გაგვეტანა, როდესაც მირიან მოდებაძე ლობჟანიძის ფეხით გადაკიდებულ ბურთს ფრთაზე მიყვა და მისი დამორჩილებაც მოახერხა, თუმცა დამიწებისას ის ხელიდან გაუცურდა.

ერთ წუთში ლელო მაინც გავიდა. ჩვენმა შერკინებამ ბურთის მოპოვება შეძლო, თედო აბჟანდაძემ ფეხით მარჯვენა ფრთაზე ჩაკიდა და აკა ტაბუცაძემ მე-12 სანაკრებო მატჩში მე-10 ლელო გაიტანა. 32-ე წუთზე სპანდერაშვილმა შეტევაში ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე კაცნაკლული დავრჩით, რასაც უყურადღებოდ თამაში მოყვა, ოფლოუდების შემდეგ იორდი ჰოპ-მა ხაზი გაჭრა და ნიდერლანდებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.

ტაიმის მიწურულს ლობჟანიძემ მეტოქის 22-ში ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, თავად შეუტია და ორ მცველთან ჭიდილში ლელო გაიტანა. აბჟანდაძეს სამივე გარდასახვა გაუცუდდა და საქართველო შესვენებაზე მხოლოდ 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 15:8.

ნინიაშვილის გაბრწყინება

თამაში რომ განახლდა მიხეილ გაჩეჩილაძემ ხაზი გაჭრა და 22-ში შევიდა, იერიში მარცხენა ფრთაზე გაგრძელდა, სადაც ორი მძიმე ფორვარდი გვყავდა. კოტე მიქაუტაძემ თავად შეუტია, თუმცა ვიდეო-რეფერიმ ეპიზოდი გადაამოწმა და დამიწება ვერ დააფიქსირა.

რადგან ღია თამაშში უპირატესობის მოპოვება ვერ მოხერხდა, აქცენტი ძალაზე გაკეთდა, 55-ე წუთზე მოლმა 5 მეტრი დაფარა და გურამ გოგიჩაშვილის ლელო ამჯერად აბჟანდაძემ გარდასახა. სამ წუთში მეტოქეს 5-მეტრიანში უკვე ბექა საღინაძემ შეუტია, იერიში შეცვლაზე შესულმა გიორგი ჯავახიამ გააგრძელა და ძალისმიერი ლელო გაიტანა, ასევე შეცვლაზე შესულმა გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახა – 29:8.

დასკვნით 20 წუთში ბორჯღალოსნებმა ტემპს უმატეს და ლელოები უკვე ხელით თამაშით და ინდივიდუალური გარღვევებით გავიდა. 65-ე წუთზე ნინიაშვილმა გაჭრა ხაზი და მეტოქის 22-ში შევიდა, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, დემურ თაფლაძე ფეხზე დარჩა, ოვალი ტაბუცაძეს გაატანა, რომელმაც მცირე სივრცით ისარგებლა და დუბლი შეასრულა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახა.

73-ე წუთზე ნიდერლანდები ჩვენს ნახევარზე დაჯარიმდა, ნინიაშვილმა სწრაფად შეაფასა სიტუაცია, ბურთი გაათამაშა, სისწრაფეში შეუტია და 60-მეტრიანი რეიდი ინდივიდუალური ლელოთი დაასრულა. ბაბუნაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო. სტუმრებმა ვოლფ ფან დეიკის ლელოთი გვიპასუხეს, ბოლო წუთზე კი, საქართველომ საკუთარ ნახევარზე, 22-მეტრიან ხაზთან დერეფნის მოგების შემდეგ ხაზზე გაშალა ბურთი, დემე თაფლაძემ შეუტია და 20 მეტრის მოგების შემდეგ შეტევაში ნინიაშვილი ჩართო, რომელმაც კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და თავის მესამე ლელომდე დაახლოებით 65 მეტრი ირბინა – 48:15.

საქართველომ წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე თამაშიც მოიგო და თასი რაგბის კავშირის პრეზიდენტისგან, იოსებ ტყემალაძისგან ჩაიბარა.

პრესკონფერენცია

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და კაპიტანი მერაბ შარიქაძე თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ეს შეხვედრა სამხრეთ აფრიკული ტურნეს წინ შეთამაშების კუთხით დაეხმარება.

ლევან მაისაშვილი: „თამაშის ხარისხით არც მწვრთნელები და არც მოთამაშეები კმაყოფილი არ ვართ. ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა, განსაკუთრებით ბურთის მოპოვების ფაზაში. გარდა იმისა, რომ კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე შეკრების პირველ კვირაში ცალკეულ ჯგუფებად მოგვიწია ვარჯიში და შეთამაშების მხრივ პრობლემები გვქონდა, იყო მეტოქის შეუფასებლობაც. თავიდანვე ვერ შევძელით ქულების მოპოვება, რამაც წნეხში მოგვაქცია და შეცდომებიც ამან გამოიწვია“.

„მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესი სურათი იყო, თუმცა შეუთამაშებლობა მაინც იგრძნობოდა. შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა თამაშის ხარისხით არა. ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ვემზადებით სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის და გვაქვს დრო შეცდომების გასაანალიზებლად და გამოსასწორებლად. დარწმუნებული ვარ სამხრეთ აფრიკასთან შეცდომები ნაკლები იქნება“.

მერაბ შარიქაძე: „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ჩვენი დღევანდელი მეტოქე, დარწმუნებული ვარ უფრო ხარისხიან და საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ. უთამაშებლობა ყველა გუნდისთვის პრობლემაა, თუმცა სამხრეთ აფრიკა ისეთი დონის გუნდია, რომ შესაძლოა ეს მათ დიდად არც დაეტყოთ. მათ უმაღლესი დონის შემსრულებლები ყავთ. ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება და ფოკუსირება საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ წარმატებაზე“.

 

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

V ტური. 26 ივნისი. თელავი. კავკასიონი არენა

საქართველო – ნიდერლანდები 48:15 (15:8)

საქართველო

ხაზი: დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ილია სპანდერაშვილი;

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. ირაკლი ცხადაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი.

8 ლელო: ნინიაშვილი (3), ტაბუცაძე (2), ლობჟანიძე, გოგიჩაშვილი, ჯავახია

4 გარდასახვა: აბჟანდაძე, ბაბუნაშვილი (3)

სინბინი: სპანდერაშვილი

 

  1. საქართველო      5          5          0          0          153-63             23
  2. რუმინეთი          4          2          0          2          80-89               9
  3. პორტუგალია     3          1          0          2          86-85               5
  4. რუსეთი                2          1          0          1          24-36               4
  5. ესპანეთი              3          0          0          3          63-90               2
  6. ნიდერლანდები  1          0          0          1          15-48               0

 

ფოტო: ლევან ვერძეული