‘დევები’ ბრიტანელ მეზღვაურებს შეერკინენ

სამოყვარულო კლუბმა თბილისის ‘დევებმა’, ბათუმის რაგბის სტადიონზე ბრიტანელ სამხედრო მეზღვაურებთან ამხანაგური მატჩი გამართეს და 26:0 გაიმარჯვეს.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ერთ-ერთი ფლაგმანი ხომალდი HMS DEFENDER ბათუმის პორტში შემოვიდა. მისი სიგრძე 152,4, ხოლო სიგანე 21,2 მეტრია, ეკიპაჟი კი 200 კაცს აღემატება. ვიზიტის მიზანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირება. შავ ზღვაში HMS DEFENDER-ისა და საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღების მონაწილეობით გაიმართება ერთობლივი საზღვაო წვრთნები.

ბრიტანელ სამხედრო ნაწილებში რაგბი მომზადების ერთ-ერთი საშუალებაა და როგორც გაირკვა, ამ ხომალდის ეკიპაჟსაც ყავს საკუთარი გუნდი. მათ სურდათ, რომ ოფიციალური ნაწილის მიღმა, რომელიმე ქართულ კლუბთან ეთამაშათ და დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით ‘დევებს’ დაუკავშირდნენ.

‘დევები’ რა თქმა უნდა ამ შესაძლებლობაზე უარს არ იტყოდა და საინტერესო თამაშიც შედგა. მიუხედავად მარცხისა, სტუმრები თამაშით და მასპინძლობით კმაყოფილი დარჩნენ. ტრადიციულად, მატჩის შემდეგ გაიმართა მესამე ტაიმი.

შეხვედრის მონაწილეებმა საფინალო სასტვენის შემდეგ რაგბის ბურთზე სამახსოვრო ხელმოწერები დატოვეს. ბრიტანელებმა ‘დევებიდან’ საუკეთესო მოთამაშედ ლაშა ტაბატაძე გამოარჩიეს და ის ‘ექსეთერის’ სათამაშო მაისურით დაასაჩუქრეს. თავის მხრივ, ‘დევებმა’ ბრიტანელთა საუკეთესო მოთამაშეს თავიანთი მაისური უსახსოვრეს და გემზე ფიჭის თაფლი გაატანეს, ხოლო რაგბის კლუბმა ‘ბათუმმა’ სტუმრებს „ვეფხისტყაოსანი“ და ქართული ღვინო გადასცა.