ჭაბუკთა ა ლიგა | ‘ლელოს’ „მშრალი“ სერია ‘არმაზმა’ შეაწყვეტინა

„ოქროს“ ჯგუფის მეცხრე ტური ბათუმში, ადგილობრივი გუნდისა და ‘ხვამლის’ შეხვედრით დაიწყო. მართალია ფავორიტმა მუხიანელებმა მატჩი დაგეგმილი პრემიით  25:3  მოიგეს, აჭარლებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეუმცირეს, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ლაშა დუმბაძის ბიჭებმა განახლებულ პირველობაზე თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუუმჯობესეს და მეტოქეებს საწადელის მისაღწევად მაქსიმალური მობილიზება უხდებათ. ისიც აღსანიშნავია, რომ ‘ხვამლის’ ბორჯღალოსანმა დამრიგებელმა რატი ურუშაძემ მიზეზთა გამო ძირითადი შემადგენლობის 2/3 მოისაკლისა.

პირველი ნახევარი ‘ხვამლმა’ 8-ქულიანი სხვაობით მოიგო. მუხიანელთა ჰუქერ თემო ახობაძის მოლით დადებულ ლელოს მგეზავმა გიორგი ბურდულმა წყვილი გატანილი ჯარიმაც დაურთო, რასაც მასპინძლებმა მგეზავ საბა აბაშიძის 1 ჯარიმით უპასუხეს. მეორე ნახევარში ‘ხვამლის’ მორიგი მიძალება კვლავ თემო ახობაძის ლელოთი დასრულდა. რატი ურუშაძის ბიჭებს პრემია მარქაფადან ჩართულ შოთა პირველის ეფექტურმა ლელომ მოუტანა. მუხიანელთა შუამარბმა მეტოქეს შეტევა საკუთარ ნახევარზე ჩაუჭრა, მაღალი სიჩქარე აკრიფა და ‘ბათუმს’ გადამწყვეტი ლელო ძელებს შუა დაუდო. ‘ხვამლმა’ სეზონში მეშვიდე მოგებითა და 32 ქულით ცხრილში მეორე პოზიცია შეინარჩუნა და ლიდერ ‘ლელოს’ კვლავ 13  ქულით ჩამორჩება.

‘ლელო’, ვაზისუბანში მარნეულის ‘არმაზს’ ესტუმრა. ჩემპიონმა ამჯერზეც იოლად მოიგო  71:14, თუმცა მიმდინარე სეზონში მეტოქისგან პირველი ლელო მიიღო. მეორე ტაიმის დებიუტში თავი ქვემო ქართლელთა მგეზავმა ოთარ მეტრეველმა გამოიჩინა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები ლიდერობას მაქსიმალური შედეგით, 45 ქულით აგრძელებენ, თამაშში საშუალოდ 61 ქულას  აგროვებენ და მდევარ მუხიანელებთან 13-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებენ.

ჩემპიონი სისწრაფეზე მოქმედებდა, დინამიურ თამაშში ოვალს კარგად და სწრაფად შლიდა და მთლიანობაში 11 გატანილი ლელოდან, უმეტესობა ხაზის მოთამაშეებზე მოდის. ‘ლელოს’ ფრთა გაგა ქევხიშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. მარქაფადან ჩართულმა ჰავბეკმა გიორგი კურტანიძემ მეორე ნახევარში ასევე  3 ლელოს გატანა მოახერხა. მორიგ ტურში ‘ლელო’ დედაქალაქურ დერბიში, პრინციპულ მეტოქე ‘ლოკომოტივს’ დაუპირისპირდება.

ავჭალაში, ‘ლოკომოტივისა’ და ‘აიას’ შეხვედრის დებიუტი მასპინძელთა უპირატესობით აღინიშნა. ‘რკინიგზელთა’ კაპიტანი და ბურჯი გიორგი კერვალიშვილი ლელოს გატანის მომენტში დაშავდა, რაც ვახტანგ კავთიძის შეგირდთა თამაშზე უარყოფითად აისახა. რიონისპირელები  თამაშის მაღალი ორგანიზაციით გამოირჩნენ და დარჩენილ დროში ‘რკინიგზელებს’ მხოლოდ 1 ჯარიმის გატანის შესაძლებლობა მისცეს.

‘აიამ’ საკუთრივ მეტოქეს ტაიმებში 2-2 ლელო დაუდო. გუნდის კაპიტანი და შუამარბი გივი ლეჟავა „დუბლით“ გამოირჩა. პრემიის მომტანი ლელო კი მატჩის ბოლო წუთზე რიონისპირელთა მოლის ჩაქცევისთვის დაფიქსირებულ საჯარიმო ლელოს მოჰყვა  33:8.  ‘აიამ’  29 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია გაიმყარა. ისიც აღსანიშნავია, რომ ‘არმაზსთან’ საშინაო გადადებული შეხვედრის მოგების შემთხვევაში გაგა გურეშიძის ბიჭები მეორე ადგილს დაიბრუნებენ.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.  აუტსაიდერმა ‘არესმა’ რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა და თან თავი ბოლო ადგილსაც დააღწია. ქვემო ქართლელთა წარუმატებლობას კი ბოლო არ უჩანს. მიმდინარე კალენდარულ წელს ბრინჯაოსმედალოსანმა ‘ხარებმა’ ხუთივე ჩატარებული შეხვედრა დათმეს, თუმცა პლეი ოფის ზონაში, მეექვსე ადგილს ინარჩუნებენ და მძლეველ რიონისპირელებს 5 ქულით უსწრებენ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ულელოო პირველი ნახევარი „ომის მრისხანე ღმერთმა“  ფულბეკ მარკუს შავგულიძის წყვილი ჯარიმით 6:3 მოიგო. მეორე ტაიმში მეტოქეებმა ლელოები გაცვალეს / ‘არესიდან’- მარბიელი გიგა ახალაძე; ‘ხარებიდან’- მღლეტელი ლუკა ზუბაშვილი/, თუმცა შუამარბ ლაშა ცხოვრებაძის გატანილი ჯარიმების წყალობით სტუმრები ანგარიშში მინიმალურ უპირატესობას ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ. ‘არესმა’ ბოლომდე მედგრად იბრძოლა და დაუფასდა კიდეც. მასპინძელთა ბოლო მიძალება ფრთა ნიკოლოზ კილაძემ გამარჯვების მომტანი ლელოთი დააგვირგვინა 18:14.