პირველი ლიგა | სეზონის გადამწყვეტი მატჩის მოლოდინში

პირველი ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური არასრული გამოდგა. ‘ყაზბეგი’-‘არმიას’ საკულტო შეხვედრა, რომლის გამარჯვებული დიდი 10-ის საგზურს მიიღებს, 1 კვირით იქნა გადადებული.

მოხევეთა რამდენიმე მოთამაშეს კოვიდი დაუდასტურდა. სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტი იმედოვნებს, რომ აღნიშნული შეხვედრის ჩატარება კვირის თავს მოხერხდება.

‘ბაგრატმა’ რიონისპირულ დერბიში წყალტუბოს ‘დინოზავრს’ ბოლო წუთებზე მინიმალური სხვაობით აჯობა და ლიგაში ადგილის შესანაჩუნებლად, რეგიონული ლიგის მეორეადგილოსან ‘გორთან’  2-რაუნდიანი დაპირისპირება მოუწევს. ‘ივერია’-‘იმერეთის’ შეხვედრა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. ‘ტაო’-ჭადარის’ შეხვედრა კი გუნდების მესვეურთა თხოვნით 20 აპრილს, ასპინძის ისტორიულ ომში გამარჯვებიდან 250-ე წლისთავის იუბილეს გაიმართება. მეტოქეთა შორის საცილო და პრესტიჟული ერეკლე II-ს თასი მეხუთედ გათამაშდება.

ზედა ექვსეულის ბინადარი გუნდებიდან სეზონი ჯერჯერობით ‘ხვამლმა’ და ოზურგეთის ‘არწივებმა’ დაასრულეს. მუხიანელებმა ცხრილში მეზობლად მყოფ ‘არწივებს’ „ხვამლი არენაზე“ უმასპინძლეს და პირველ წრეში ოზურგეთში განცდილი მარცხისთვის დამაჯერებელი რევანში აიღეს, თუმცა შესვენებაზე გურულები 3-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ  15:12.

‘ხვამლის’ დამრიგებელმა დავით ცხვედიანმა მარქაფადან ძირითადში რამდენიმე მოთამაშე დააწინაურა. ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი კი ამჯერად მუხიანელთა ჭაბუკთა გუნდის სასარგებლოდ გაისარჯა. მასპინძელთა ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ მწყობრად თამაში მეორე ტაიმიდან მოახერხა. პირველ ნახევარში კი მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს, ‘არწივების’ ფრთა გოჩა ჯიქიას ლელომ და გუნდის კაპიტან ზურა ჟორჟოლაძის ჯარიმამ სტუმრებს შესვენების წინ  3-ქულიანი უპირატესობა არგუნა.

მეორე ნახევარში ‘ხვამლმა’ დაცვაში თამაში გაამკაცრა, ‘არწივებს’ სათამაშო სივრცე მაქსიმალურად შეუზღუდა, ტემპსაც უმატა, მეტოქის ხაზიც რამდენჯერმე ეფექტურად გაჭრა და 5 უპასუხო ლელოთი, პრემიის თანხლებით 45:15 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მუხიანელებმა 7-ივე ლელო ხელდახელ თამაშით გაიტანეს. მეორე ნახევარში ‘ხვამლის’ ფრთა საბა ინალიშვილმა „დუბლი“ შეასრულა. ‘ხვამლმა’ მეორე ჯგუფური ეტაპი 6 მოგებითა და 31 საცხრილო ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, რაც დებიუტანტის კვალობაზე მუხიანელთა ახალგაზრდული, პერსპექტიული კოლექტივისთვის ურიგო შედეგი არ გახლავთ. ‘არწივების’ მეოთხე ადგილი გურულებმა უდაოდ აქტივში უნდა მიითვალონ, რამეთუ წინა სეზონისგან განსხვავებით გუნდმა თამაშის ხარისხიც და შედეგიც საგრძნობლად გააუმჯობესა.

ქვედა ექვსეული

უქმეებზე ჩატარებულ შეხვედრათაგან განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ქუთაისში, ‘ბაგრატი’-‘დინოზავრის’ დაპირისპირება მოექცა. სწორედ იმერულ დერბიში გამარჯვებული გუნდი ბრძოლას ლიგაში დარჩენაზე პლეი აუტით აგრძელებდა. პირველ წრეში ‘დინოზავრს’ 13:3 ქონდა მოგებული და ექვსეულში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად წყალტუბოელებს ხელს ფრეც აძლევდათ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ‘ბაგრატი’ დებიუტში შუამარბ ცოტნე კვესელავას წყვილი ჯარიმით დაწინაურდა. ‘დინოზავრმა’ მძლავრი ბიძგით, სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის რეალიზება ბურჯ იონა ფირცხალავას შესრულებული „დუბლით“ მოახერხა, რასაც წყალტუბოელთა ფულბეკმა ზვიად ოდიშარიამ თითო გარდასახვა-ჯარიმაც დაურთო და ზაზა ჩირგაძის შეგირდები შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ – 15:6.

მეორე ნახევრის შუაწელიდან ვითარება ‘ბაგრატის’ სასარგებლოდ შეიცვალა. ჯერ მგეზავის პოზიციაზე მარქაფადან ჩართულმა მოთამაშე-მწვრთნელმა თორნიკე აშვეთიამ მოახერხა ლელოს გატანა, რომელიც ცოტნე კვესელავამ გატანილ ჯარიმასთან ერთად ზუსტად გარდასახა. ოდიშარიას კიდევ ერთი ჯარიმით  ‘დინოზავრი’ ანგარიშში ლიდერობას მატჩის მიწურულამდე ინარჩუნებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ‘ბაგრატის’ მძლავრი იერიშის შედეგად გამომუშავებული ჯარიმა კვესელავამ ძელებს შუა გაატარა და დრამატულ ბრძოლაში საკუთარი გუნდის ზემნიშვნელოვანი გამარჯვებაც დააფიქსირა – 19:18.

ლიგის აუტსაიდერმა ‘დევებმა’ პირველი საცხრილო ქულების აღება ბოლო ტურშიღა მოახერხეს. „შევარდენზე“, ‘დინამო’-‘დევების’ დაძაბული შეხვედრა ფრედ 17:17  დასრულდა. მეტოქეებმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხეს. მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფ აუტსაიდერს მოგებაც შეეძლო, თუმცა ბოლო წუთზე ‘დევების’ მგეზავ დათო ფურცელაძეს მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა და მეტოქენიც დაზავდნენ.