დიდი 10 | არესი 20:15 ხარები

ქუთაისის ‘არესმა’ რუსთავის ‘ხარებს’ დაძაბულ ბრძოლაში 20:15 სძლია და ქვედა ექვსეულში მეორე ადგილზე აღზევდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისელთა კონკურენტებს – მარნეულის ‘არმაზს’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ გამოტოვებული შეხვედრა აქვთ გასამართი (24 აპრილს), ლიდერთან მოგებას ‘არესისთვის’ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის 7 თამაშიდან 19 ქულით მეორე ადგილზეა, ‘არმაზი’ მხოლოდ ქულით ჩამორჩება (6 თამაში), ჯერჯერობით 11-ქულიანი ‘ლელო’ კი (5 თამაში), ხვალ გორის ‘ჯიქს’ ეთამაშება და წესით ბონუსის აღება არ უნდა გაუჭირდეს.

ქუთაისში შეხვედრა მასპინძლების იერიშებით დაიწყო, მე-4 წუთზე ბონდო აბაშიძემ შებრუნებული პასის შემდეგ ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა, ბადრი დანგაძეს ბურთი დაუბრუნა და მისი ლელო აბაშიძემ გარდასახა. მალე ‘არესმა’ სინბინით თორნიკე შუბითიძე დაკარგა და სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა 2 წუთში გამოიყენეს. ‘ხარებმა’ მოლი დააყენა, რომელსაც ირაკლი ნატრიაშვილი მოწყდა და ლელო გაიტანა, ხოლო ვაჟა ხუციშვილმა გარდასახა.

ტაიმის მიწურულს ნატრიაშვილმა კონტრშეტევა თავისი 22-იდან წამოიწყო, მას სანდრო ილურიძე მიყვა, რომელმაც ოფლოუდი გიორგი კოშაძეს ამოუგდო. ის წითელ ზოლში შებოჭეს, რაქიდან ბურთი ხუციშვილმა აიტაცა და ლელო გაიტანა. მისი გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა გაწითლებულ დროზე ჯარიმით 3 ქულა აიღო და ტაიმი ‘ხარებმა’ 15:7 მოიგო.

მეორე ტაიმში რუსთაველებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს, ‘არესმა’ კი, მატჩის განახლებიდან 4 წუთში მეორე ლელო გაიტანა. 5-მეტრიან დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ, ის ჰაერიდანვე დანგაძეს ჩამოუგდეს, რასაც მეტოქე არ ელოდა და კაპიტანმა დუბლი შეასრულა. აბაშიძემ გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, 58-ე წუთზე კი ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა.

აბაშიძემ, რომელსაც მანამდე ორი ჯარიმა გაუფუჭდა, 70-ე წუთზე 3 ქულის აღება მოახერხა, მერე თავი კარგად დაიცვა და ‘არესმა’ 20:15 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბადრი დანგაძე გახდა.

 

ფოტო: ბადრი კეთილაძე