ჭაბუკთა ა ლიგა | ‘ლელომ’ პირველი წრე ფენომენალური შედეგით დაასრულა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის პირველობის საკულტო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ვიცე-ჩემპიონმა ‘აიამ’, ლიდერსა და ჩემპიონ ‘ლელოს’ უმასპინძლა და ჯეროვანი წინააღმდეგობა ოდენ მატჩის დებიუტში გაუწია. ‘ლელო’ მეტოქეებს 2 თავით აღემატება და პირველი წრეც რეკორდული შედეგით დაასრულა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები შუალუდერ ფინიშზე 100 %-იანი შედეგით, თან ლელოს მიუღებლად მივიდნენ, მეტოქეებს ჯამში მხოლოდ 4 ჯარიმის გატანა დაანებეს, საკუთრივ კი 7 თამაშში 403 ქულა დააგროვეს !

მატჩი ‘აიას’ ფულბეკ მიშო ჟორჟოლიანის გატანილი წყვილი ჯარიმით დაიწყო. ლელომ’ მალევე მოიპოვა უპირატესობა. ჩემპიონმა ბურთზე მაქსიმალური კონტროლი დააწესა და მასპინძლებს წარმატების შანსი არ დაუტოვა. ფიზიკურად საუცხოოდ მომზადებული ‘ლელოს’ მორაგბეებს სტატიკაში საგრძნობი უპირატესობა ქონდათ და 4 ლელოც რიონისპირელებს მოლით დაუდეს. ჰუქერმა გიორგი მაისურაძემ ‘დუბლი’ შეასრულა. მასპინძელთა მარცხს წერტილი, სწრაფად გათამაშებული ოვალით მარქაფადან ჩართულმა ჰავბეკმა დავით ხუროშვილმა დაუსვა 35:6. ‘ლელოს’ მგეზავმა პეტრე ხუციშვილმა ხუთივე გარდასახვა გამოიყენა. ‘ლელომ’ ყველა შეხვედრა პრემიით მოიგო, პირველი წრე მაქსიმალური შედეგით, 35 ქულით დაასრულა და მეორე ადგილზე მყოფ ‘აიას’ 11 ქულით გაუსწრო.

‘ლელოს’ უნიჭიერესი თაობა ეზრდება. ტანმაღალი და ბრგე აღნაგობის ჭაბუკები სწრაფი და გააზრებული თამაშითაც გამოირჩევიან. ჩემპიონის მოთამაშეთა უდიდესი ნაწილი ქვეყნის ახალგაზრდული გუნდის, 20 წლამდე ნაკრების კანდიდატთა სიაშია. აღსანიშნავია, რომ ‘ლელოს’ მთავარ მწვრთნელ თორნიკე ბუბუტეიშვილს ნიჭიერ ჭაბუკთა დაოსტატებაში თანაშემწეები რატი შანიძე და ნიკა მამისაშვილი დიდ დახმარებას უწევენ.

მუხიანში, „ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლისა’ და ‘ლოკომოტივის’ პრინციპული შეხვედრა დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. წყვილში წარმატებული გუნდი რეგულარული სეზონის პირველ ნახევარს მესამე ადგილზე ასრულებდა.

მატჩის დებიუტში, სისწრაფეზე ჩათამაშებული და შებრუნებული პასით მიღებული ოვალი ‘რკინიგზელთა’ შუამარბმა ვანო კოხტაშვილმა ლელოდ აქცია. მუხიანალებმა გარდატეხის შეტანა პირველივე ტაიმში მოახერხეს და მეტოქეს  2 ლელო დაუდეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი ბურდულის კარგი თამაში. ‘ხვამლის’ ფულბეკმა, თანაგუნდელთა სამივე ლელო გარდასახა, ჯარიმაც გაიტანა და ოვალი ძელებს შორის არეკნითაც გააძვრინა. მეორე ტაიმის დასაწყისში  შუამარბ დავით სეფიაშვილის ლელოთი მასპინძელთა უპირატესობამ 14 ქულას უწია. ‘ლოკომოტივმა’ ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს ფრთა დავით ქავთარაძის ლელოთი ნუგეშის აღება მოახერხა 27:20. სეზონში მეხუთე მოგებითა და 22 საცხრილო ქულით რატი ურუშაძის ბიჭებმა პირველი წრე მესამე პოზიციაზე ჩაამთავრეს. ‘ლოკომოტივი’ კი მარცხმა სულაც მოწინავე კვარტეტს მიღმა დატოვა. ‘რკინიგზელებს’ მარნეულის ‘არმაზმა’ 2 ქულით გადაასწრო.

მარნეულის ‘არმაზი’, რეგიონულ დერბიში ‘ხარებს’ რუსთავში ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ბრინჯაოსმედალოსანი 20:15 დაამარცხა, რამაც დავით კიკნაძის შეგირდებს ცხრილში მეოთხე ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა.

მატჩი ფიცხელ და თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მეტოქეებმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘ხარების’ მგეზავს მახვილი კუთხიდან სამივე გარდასახვა გაუცუდდა, ‘არმაზის ‘ ფრთა საბა თეიმურაზიშვილმა კი ზუსტ გარდასახვას გატანილი ჯარიმაც დაურთო, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

თემურ ლობჟანიძის ბიჭები ანგარიშში მინიმალურ უპირატესობას შეხვედრის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა 2 მოთამაშის სინბინის შემდეგ ‘არმაზის’ გაჩერება ვეღარ მოახერხეს. მარნეულელებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და ბოლო წუთებზე ბურჯმა ავთო გოგიაშვილმა მოლით მასპინძლებს გამარჯვების მომტანი ლელო დაუდო. სეზონში მეხუთე მარცხის მიუხედავად, ‘ხარები’ 10 ქულით პლეი ოფის ზონაში მეექვსე ადგილს მყარად ინარჩუნებენ.

პირველი წრე ქუთაისში, მოუგებლად მყოფი აუტსაიდერების, ‘არესისა’ და ‘ბათუმის’ შეხვედრით დასრულდა. პირველ ნახევარში „ომის მრისხანე ღმერთი“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, თუმცა აჭარელთა დაცვას ვერაფერი მოუხერხა. ‘ბათუმმა’ კი კონტრშეტევაზე ფულბეკ ვიტალი ირემაძის ლელოთი იხეირა და შესვენებაზე ზღვისპირელები 5-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ 5:0.

მეორე ნახევარიც პირველი ტაიმის სცენარით წარიმართა. მასპინძლები მასირებულ შეტევებს აგრძელებდნენ, თუმცა ირემაძემ კონტრშეტევაზე ‘არესს’ კიდევ ერთი ლელო დაუდო, მანამდე კი ლელოს გატანა ბათუმელთა შუამარბმა გოგი როინიძემ მოახერხა. ‘არესმა’ გაიბრძოლა და მატჩის მიწურულს 30-მეტრიანი მოლი ლელოთი ჰუქერმა ოთარ ფუთურიძემ დააგვირვინა, რამაც რიონისპირელებს ნუგეშ-ქულა მოუტანა 17:10. „ბათუმმა“ პირველი გამარჯვებით ‘არესს’ გადაასწრო და მიმდინარე სეზონში ბოლო ადგილს თავი პირველად დააღწია.