21 მარტი კახთა და მესხთა სპორტულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან თარიღად იქცევა. დამდეგ კვირას თელავში, „კავკასიონი რაგბი არენაზე“, 13:00 საათზე პირველი ლიგის ზედა ექვსეულის ბინადრები, თელავის ‘ჭადარი’ და სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ დაუპირისპირდებიან. შეხვედრას მეტოქეთათავის ორმაგი დატვირთვა გააჩნია. გუნდები ცხრილის ბოლო ადგილის თავიდან აცილებას ლამობენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საცილო ერეკლე II-ს პრესტიჟულ თასს ერთწლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედ გაითამაშებენ.
ერეკლე ბატონიშვილის თასს სათავე 2017 წელს დაედო. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ, ასპინძის ომში ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის სარდლობით, 3 ათასამდე მეომარისგან შემდგარმა ქართულმა ლაშქარმა რიცხოვნობით ლამის 3-ჯერ მეტი, ოსმალ-ლეკთა ჯარი დაამარცხა და მესხეთი ოსმალთა ბატონობისგან გაათავისუფლა.
ესოდენ მნიშვნელოვანი თარიღი ორივე გუნდისთვის სათუთი და აღმატებულია. ‘ტაო’ მესხეთს, ‘ჭადარი’ კი ერეკლე ბატონიშვილის მშობლიურ მხარეს წარმოადგენს. 4 წლის წინ, გუნდებისა და ხსენებული რეგიონების ხელმძღვანელთა ერთობლივი ძალისხმევით, ‘ტაოსა’ და ‘ჭადარის’ ნებისმიერი ხასიათის შეხვედრაში (ამხანაგური მატჩების ჩათვლით) თამაშდება ცნობილი არქიტექტორის, დავით ტაბატაძის მიერ დამზადებული ერეკლეს თასი, რომელიც როგორც დიზაინით, ასევე მნიშვნელობით. მეტოქეთათვის გამორჩეულ ჯილდოს წარმოადგენს და დღემდე გამართულ ყველა შეხვედრას ქომაგის ინტერესი და მხარდაჭერა არ მოკლებია.
‘ტაომ’ და ‘ჭადარმა’ ერეკლეს თასი დღემდე 3-გზის გაითამაშეს და სამივე ჯერზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები მესხები გახდნენ. სამივე შეხვედრა ამხანაგურ ხასიათს ატარებდა და დამდეგი მატჩი მეტოქეთათივს პირველი ოფიციალური დაპირისპირება იქნება. შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, თასი მოქმედ მფლობელს დარჩება.
აღსანიშნავია, რომ ერეკლეს თასის მსგავს ღონისძიებას ქართული რაგბის ისტორიაში დღემდე ანალოგი არ გააჩნია („სარბიელის სინი“ გარდამავალი იყო და მისთვის ნებისმიერ გუნდს შეეძლო და შეუძლია მფლობელის გამოწვევა), თუ არ ჩავთვლით ეროვნული ნაკრებების დონეზე საქართველოსა და რუმინეთს შორის საცილო ანთიმოზ ივერიელის თასს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ‘ტაოს’ პრეზიდენტი, სრკ-ს ყოფილი გენერალური მდივანი ირაკლი გვენეტაძე გახლავთ. ქართული რაგბის ფესვებიდან და მისი ღირებულებებიდან გამომდინარე, სწორედ მსგავსი თასების გათამაშება გუნდებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად საბრძოლო სულს ამაღლებს და ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციის საქმეშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.