დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მეორე ეტაპი, ქვედა ექვსეულის გუნდებმაც ნაკლულად დაიწყეს. ვირუსმა ‘ლელო-სარასენსისა’ და მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრა გადადო.
ქვედა ექვსეული რუსთავში, ‘ხარებისა’ და გორის ‘ჯიქის’ მატჩით გაიხსნა. რუსთაველებმა მეტოქეს 17 უპასუხო ლელო გაუტანეს და 116:0 გაიმარჯვეს. ოთხი ლელო დიმიტრი ცაბაძის ანგარიშზეა, ხოლო გიორგი გოგოლაძემ და ზურაბ ბენდელიანმა სამ-სამჯერ გამოიჩინეს თავი. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ცაბაძე დასახელდა.
პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ რუსთავში უმასპინძლა ქუთაისის ‘არმაზს’ და 19:29 დამარცხდა. სტუმრები მე-8 წუთზე დავით კვირიკაშვილის ლელოთი დაწინაურდნენ, რაზეც მასპინძლებმა ვეფხია უსტიაშვილის და მურაზ გიორგაძის ლელოებით უპასუხეს. ნიკა ბეჟუაშვილმა პირველი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი კახელებმა 12:5 მოიგეს.
49-ე წუთზე მურაზ გიორგაძემ წითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ, რითაც სტუმრებმა მალევე ისარგებლეს ჯერ ზურაბ ერისთავმა, მერე კი ბონდო აბაშიძემ ლელოები გაიტანეს. 62-ე წუთზე მიხეილ მასხარაშვილმა ‘არესის’ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ‘ვეფხვებმა’ საჯარიმო ლელოთი ჩამორჩება შეამცირა, თუმცა მატჩის მიწურულს ზურაბ გოგლიჩიძემ ქუთაისელების გამარჯვება საბოლოოდ გააფორმა, აბაშიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მიხეილ მასხარაშვილი გახდა. მისი ‘არესი’ 11 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა, ხოლო ‘ვეფხვები’ პირველ ტურში აღებული 4 ქულის ამარა რჩება.