დიდი 10 | ხარები 21:14 აკადემია

რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 21:14 სძლია და „ა“ ჯგუფში ლიდერის კვალად, მეორე ადგილზე აღზევდა.

მატჩის დებიუტში დავით მოძღვრიშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა და სტუმრები დააწინაურა, რაზეც ვაჟა ხუციშვილმა ერთი ზუსტი ჯარიმით უპასუხა. ტაიმის შუაში ‘აკადემიამ’ მოძღვრიშვილი ტრავმით, ხოლო გელა მახარაშვილი სინბინით დაკარგა. შესვენებამდე 5 წუთით ადრე ჟორა მღებრიშვილმა 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. მერე სოსო მათიაშვილს კარის წინიდან ჯარიმა გაუცუდდა, უკვე გაწითლებულ დროზე კი, ხუციშვილის ოფლოუდი პაატა ბურჭულაძემ შეირგო და მისი ლელო ვაჟამ გარდასახა – 15:5.

თამაში კვლავ რუსთაველთა ჯარიმით განახლდა, რის შემდეგაც ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და ხანგრძლივი იერიშების შემდეგ, მიხეილ ახობაძემ გრძელი პასი ალამთან ლელოთი დააგვირგვინა.

მატჩის მიწურულს ‘აკადემიამ’ სინბინით ერთბაშად სამი მორაგბე დაკარგა და 12 კაცის ამარა დარჩა, თანაც ხუციშვილმა ჯარიმით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. მაგრამ 3-კაცნაკლულმა სტუმრებმა შეძლეს შეტევების ორგანიზება და საბა ილურიძეს ლელო უნდა გაეტანა, თუმცა ფეხით შეცურებული ბურთის დამიწება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მათიაშვილმა 79-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და ‘აკადემიამ’ გაწითლებულ დროზეც სალელოვედ შეუტია, მაგრამ გიორგი მიქანაძე 5-მეტრიანთან შებოჭეს და მისი ოფლოუდი არაზუსტი იყო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუსთაველი პაატა ბურჭულაძე გახდა, მისი გუნდი კი 22 ქულით მეორე ადგილზეა და 6-ით ჩამორჩება ‘აკადემიას’. „ა“ ჯგუფში სამეულისთვის ერთბაშად ხუთი გუნდი იბრძვის და როგორც ჩანს, ყველაფერი დასკვნით ტურში გაირკვევა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე