დიდი 10 | ბათუმი 22:13 აია

‘ბათუმმა’ ქუთაისის ‘აიას’ პირველი ეტაპის დასკვნით ტურში 22:13 სძლია და ეს გამარჯვება ზღვისპირელებს მეორე ეტაპზე წაადგებათ.

„ბ“ ჯგუფი ქუთაისელებმა მაინც პირველ ადგილზე დაასრულეს, ხოლო ‘ბათუმი’ მეორეზე დარჩა, მაგრამ საჩემპიონო რბოლაში ამ თამაშის შედეგს ორივე გუნდისთვის ჰქონდა მნიშვნელობა.

თამაში მაღალ ტემპში წარიმართა და კარგი საყურებელი გამოდგა. ანგარიში მასპინძლებმა მე-6 წუთზე გახსნეს, როდესაც ბექა ურჯუკაშვილმა გადაცემა თავის ნახევარზე ჩაჭრა და ლელომდე თითქმის 60 მეტრი ირბინა. ‘აიამ’ გიორგი ბაბუნაშვილის ორი ჯარიმით უპასუხა და სტუმრებმა ტაიმი 6:5 მოიგეს.

შესვენების შემდეგ ‘ბათუმმა’ ტემპს კიდევ უფო უმატა. ‘აია’ გარკვეული პერიოდი თავს საიმედოდ იცავდა, თუმცა 52-ე წუთზე ანზორ სიჭინავა ფრთაზე მარტო დარჩა და მისი ლელო ურჯუკაშვილმა გარდასახა. მანვე ტაიმის შუაში ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო 68-ე წუთზე ზღვისპირელებმა საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და 22:6 დაწინაურდნენ.

რადგან ‘ბათუმს’ სამი უპასუხო ლელო ჰქონდა გატანილი, მეორე ეტაპზე 5 ქულის წაღების შანსი ჰქონდა, მაგრამ ‘აია’ არ დანებდა. მატჩის მიწურულს მასპინძლები ორი სინბინის გამო მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს, მოლი დაძრეს და პეტრე ჯინჭარაძის ლელოთი მეტოქეს ბონუსი ჩამოართვეს.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ბექა ურჯუკაშვილი დასახელდა.