დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივმა’ ‘ლელო-სარასენსი’ ჯარიმების წყალობით 27:19 დაამარცხა და მესამე ადგილზე აღზევდა.
‘ლელომ’ სამი ლელო გაიტანა და გაწითლებულ დროზე გარდასახვა რომ გამოეყენებინა, ბონუს ქულას აიღებდა, რითაც მესამე ადგილს შეინარჩუნებდა.
თამაშის დებიუტში ლელოელები დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ და ბექა წიკლაურმა მე-18 წუთამდე სამი ჯარიმა გაიტანა. მერე ნომინალურმა სტუმრებმა სინბინით ჯაბა სიხარულიძე დაკარგეს და 33-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ ლელო გაიტანა. წიკლაურმა ამჯერად რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელოში შეხტა, მერე კი თავადვე გარდასახა – 16:0.
ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ‘ლელომ’ საპასუხო ლელო 37-ე წუთზე გაიტანა. შერკინებიდან ბურთი ხაზზე გავიდა, დემე თაფლაძემ სისწრაფის ხარჯზე უპირატესობის მოპოვება მოახერხა და ლელოში დიტო კალანდაძე შეუშვა, რომელმაც გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
მეორე ტაიმში უპირატესობა კვლავ ‘ლოკომოტივმა’ გაზარდა. ამჯერად მათ მძლავრი მოლი დააყენეს და ის ნიკა წივწივაძემ ლელოთი დაასრულა. წიკლაურმა გარდასახვა ვერა, მაგრამ 5 წუთში ჯარიმა გაიტანა. ‘ლელომ’ 65-ე წუთზე ისეთივე კომბინაცია გაითამაშა, როგორიც პირველი ტაიმის მიწურულს და თაფლაძემ ლელოში კვლავ კალანდაძე შეუშვა.
დასკვნით 10 წუთში ‘ლოკომოტივმა’ სინბინით სამი მორაგბე დაკარგა, მაგრამ 73-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა. გაწითლებულ დროზე ‘ლელომ’ მაინც გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და თენგიზ პერანიძემ ალამთან ლელო ნახტომში გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა და სხვაობა 8 ქულა დარჩა – 27:19.
მატჩის საუკეთესო მორაგბე ‘ლოკომოტიველი’ ირაკლი ქვათაძე გახდა.
აღსანიშნავია, რომ ‘ლოკომოტივს’ ერთი გამოტოვებული მატჩი აქვს ჩასატარებელი.
ფოტო: მარიამ გაგნიძე