რვა ერი | მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, თუმცა ფიჯისთან სამი ლელო არ კმარა

„შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნით რაუნდში, ბორჯღალოსნებმა ფიჯის სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ მეტოქემ ორჯერ მეტის გატანა მოახერხა და 38:24 მოიგო.

თამაშს მოშიებული ფიჯელი ინდივიდუალისტები, ტრადიციულად ძლიერები იყვნენ კონტაქტის არეში უკეთ გამოიყენეს ჩვენი შეცდომები. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბურთის ფლობა თითქმის თანაბარი იყო (51%-49%), ტერიტორიას ფიჯი ფლობდა (60%-40%), დანარჩენი მაჩვენებლები კი თითქმის თანაბარია, მაგრამ ჩვენს თითოეულ შეცდომას, თითოეულ მოგებულ კონტაქტს, ჩვენზე ეფექტურად იყენებდნენ და ეს ანგარიშზეც აისახა.

მელიქიძის იმედის მომცემი ლელო

წვიმიან ედინბურგში, ბურთთან პირველივე შეხება წარუმატებელი გამოდგა და ის მარტივად გადავაბარეთ მეტოქეს და ნემანი ნადოლომ, გაცუდებული ბოჭვის შემდეგ ლელო პირველსავე წუთზე გაიტანა. სანამ გონს მოვედით, მეტოქემ კიდევ ერთხელ ისარგებლა ჩვენი შეცდომებით და მე-5 წუთზე მოკლე დარტყმების სერიას ჯონი დაიერის ლელო მოყვა.

ბენ ვოლავოლას გარდასახვას თედო აბჟანდაძემ მე-10 წუთზე ჯარიმით უპასუხა, მაგრამ ფიჯიმ მე-17 წუთზე კიდევ ერთხელ გაშალა ბურთი, ფრთაზე მეტობა იყო და ჯოშუა ტუისოვას ლელო ვოლავოლამ გარდასახა. რადგან სხვაობა გაიზარდა, ჯარიმები კარში აღარ დავარტყით, ორჯერ მოლი ავაგორეთ და ორივეჯერ კარგად დაგვიხვდნენ, თუმცა მოკლე დარტყმების შემდეგ გიორგი მელიქიძემ დაცვა გატეხა და აბჟანდაძემაც გარდასახა.

ტაიმის დასკვნით წუთებში შეცდომების სერია ფიჯისაც ჰქონდა, მაგრამ ორჯერ ვერ შევძელით ხელსაყრელი სიტუაციიდან ქულების აღება და ტაიმი 10:19 დასრულდა.

საღინაძის წყვილი ლელო

მეორე ტაიმის პირველმა ათმა წუთმა ბრძოლაში ჩაიარა. შეცდომების გამო უმეტესად დაცვაში მოგვიწია თამაში და ერთ ეპიზოდში ტელე-რეფერის ჩართვა გახდა საჭირო, რათა ლელოზე ეჭვები გაფანტულიყო. მაგრამ მერე ფიჯი თავის სტილში აბურთავდა და 10-წუთიან ინტერვალში, ჩვეულ სტილში სამი ლელო გაიტანა – მესულამე კუნავულამ და ორი ნადოლომ.

დასკვნითი წუთები საქართველომ შეტევებში გაატარა და ბექა საღინაძემ ორი ძალისმიერი ლელო გაიტანა. 67-ე წუთზე მან ჯერ ხაზი გაგლიჯა, მერე კი ორ კაცთან ჭიდილში ბურთის დამიწება მოახერხა, ხოლო 78-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევა კვლავ მისი ლელოთი დასრულდა და აბჟანდაძემ ორივე გარდასახა.

საღინაძესთან ერთად, ბორჯღალოსნების მხრიდან გამორჩეული იყო თორნიკე ჯალაღონია, რომელმაც 12 მცდელობით ბურთი 70 მეტრზე წაიღო, ხოლო დაცვაში 20 ბოჭვა შეასრულა და არცერთი არ გაუფუჭებია. ასევე კარგად ჩაერთო თამაშში 18 წლის დავით ნინიაშვილი, რომელმაც შეტევებს სიმწვავე შემატა.

პრესკონფერენცია

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მატჩის შემდეგ უკმაყოფილო იყო, თუმცა მიიჩნევს, რომ „შემოდგომის ერთა თასზე“ მონაწილეობით გუნდმა უდიდესი წინსვლა განიცადა:

„პირველივე წუთებიდან ჩვენ თვითონ მოვიქციეთ წნეხში თავი და მისგან ვეღარ გამოვედით. პირველ შერკინებაზე იყო მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილება, რამაც საქმე კიდევ უფრო გაგვირთულა. დაგეგმილი გვქონდა, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაგვეტანა და იქ გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ფიჯი ის გუნდია, რომელიც წუთიერ მოდუნებასაც არ გპატიობს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეხვედრა დავთმეთ, თამაშიდან თამაშამდე უკეთეს რაგბს ვთამაშობდით, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ახლა სულ სხვა გუნდი ვართ, ვიდრე ტურნირის დაწყებამდე ვიყავით. ამ პერიოდში ვიმუშავეთ ბევრ ისეთ დეტალზე, რისი საშუალებაც აქამდე არასდროს გვქონდა. ფიჯისთან მოგების რეალური შანსი იყო, მაგრამ გამოცდილებისა და ზოგიერთ პოზიციებზე სიღრმეების არქონის პირობებში, ამის გაკეთება ძალიან რთულია“.

„გუნდში მრავლად ითამაშეს ახალგაზრდებმა, რომელთაც დიდი ხანია, 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდები. მათ უდიდესი შრომა გაწიეს და განსაცვიფრებელი პროგრესი განიცადეს. მათ მოლოდინს გადააჭარბეს და ეს ყოველდღიური რუტინული შრომის შედეგია“.

წინ 2023 წლის მსოფლიო თასია

ამრიგად, ბორჯღალოსნებმა კოვიდ-პანდემიით დამძიმებული ურთულესი, 2020 წლის სანაკრებო სეზონი დაასრულეს.

განახლებულმა გუნდმა, წლის განმავლობაში, უფრო კონკრეტულად კი შემოდგომაზე, ხუთი უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაატარა. ახალგაზრდა მორაგბეებმა საერთაშორისო კარიერის სტარტზევე მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება, რაც მათ კარიერას ბოლომდე გაყვება.

ბორჯღალოსნებმა დაიწყეს ახალი გუნდის შენება, რომელმაც 2023 წელს მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს და ამის ყველა წინაპირობა „შემოდგომის ერთა თასმა“ დაგვანახა – ჯერჯერობით ეპიზოდურად.

საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 14 დეკემბერს გაიმართება და ცნობილი გახდება საქართველოს მომავალი მეტოქეების ვინაობა.

შემოდგომის ერთა თასი. მე-7 ადგილისთვის
5 დეკემბერი. ედინბურგი. მარიფილდი
საქართველო – ფიჯი 24:38
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.

3 ლელო: მელიქიძე, საღინაძე (2)

3 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 ჯარიმა: აბჟანდაძე