ამ უქმეებზე დიდი 10-ის სამი გადადებული შეხვედრა გაიმართება და ჩემპიონატი სამი კვირით საახალწლო არდადეგებზე გავა.
26 დეკემბერს ბათუმში, 15:30 საათზე ‘ბათუმი’ გორის ‘ჯიქს’ მე-4 ტურის გადადებულ მატჩში მასპინძლობს, რის შემდეგაც ორივე გუნდისთვის კალენდარი გასწორდება. მართალია ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად, მეოთხე-მეხუთე ადგილებზე არიან, მაგრამ ზღვისპირელების თამაშის ხარისხზე ბორჯღალოსნების დაბრუნება აისახა და მასპინძლები ფავორიტებად ითვლებიან.
გამარჯვების შემთხვევაში ‘ბათუმი’ მოწინავე სამეულში შევა, რაც პირველ ეტაპზე გუნდების მთავარი მიზანია. მეორეს მხრივ, გორელებს უკან დასახევი გზა აღარ რჩებათ, რადგან მარცხის შემთხვევაში სამეულს ორი მოგებით ჩამორჩებიან, პირველი ეტაპის დასრულებამდე კი, მხოლოდ ოთხი ტური რჩება.
27 დეკემბერი „ა“ ჯგუფის მე-6 ტურის გადადებული მატჩით იხსნება. ‘ლელო’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ დიდ დიღომში მასპინძლობს და პირველ ტურში თელავში განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანშის აღებას ეცდება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ პატარძეულელებმა სამი თამაში გამართეს და ქულა ვერ აიღეს, რაც მათ მდგომარეობას ართულებს. თავის მხრივ, თბილისელები მოგების შემთხვევაში სამეულში შევლენ, მაგრამ სხვა გადადებული თამაშების გათვალისწინებით, აქ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.
რუსთავის ‘ხარებმა’ წელს მხოლოდ ოთხი თამაშის გამართვა მოასწრო და ორი გამოტოვებული მატჩის მოგება, მათ სამეულთან მიახლოვების საშუალებას მისცემს. შეხვედრა 13:30 საათზე იწყება.
15:30 საათზე „შევარდენზე“ იწყება „ბ“ ჯგუფის მე-4 ტურის გადადებული თამაში მარნეულის ‘არმაზსა’ და ბოლნისის ‘ყოჩებს’ შორის. ბოლნისელები გამარჯვების შემთხვევაში ახალ წელს პირველ ადგილზე შეხვდებიან, ოღონდ ქუთაისის ‘აიას’ ერთით ნაკლები თამაში ექნება ჩატარებული.
მარნეულელებმა ერთადერთი გამარჯვება ორი თვის წინ მოიპოვეს, მას შემდეგ კი მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარეს, ისიც თვეზე დიდი ხნის წინ და ‘ჯიქთან’ ბონუსი აიღეს. ‘არმაზს’ კიდევ ერთი გამოტოვებული მატჩი აქვს და თუ კვირას მოგება მოახერხეს, სამეულში მოხვედრის შანსს დაიბრუნებენ.