ბოლნისის ‘ყოჩებმა’ მარნეულის ‘არმაზს’ ერთის წილ რვა ლელო გაუტანა, 60:10 დაამარცხა და ახალ წელს „ბ“ ჯგუფის ლიდერად ხვდება.
სამი ლელო ბორჯღალოსანი გიორგი ბეგაძის ანგარიშზეა, რომელიც თამაშს უნარიანად უძღვებოდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
დებიუტში რეზი ჯინჭველაშვილმა და თემო სოხაძემ ჯარიმები გაცვალეს. 22-ე წუთზე, შერკინებიდან გამოვარდნილი ბურთი ბოლნისელებმა მარცხენა ფრთამდე ჩაიტანეს და ალამთან ლელო ლევან გოგოლაშვილმა დაამიწა, ხოლო სოხაძემ გარდასახა. ‘არმაზმა’ წონასწორობა 5 წუთში აღადგინა, ხაზი ცენტრში გაიჭრა და ხელდახელ იერიში საბა კურატიშვილმა დაასრულა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა.
დარჩენილ 50 წუთში ‘არმაზმა’ ქულა ვერ აიღო, ბოლნისელებმა კი 50 ქულა მოიხვეჭეს. შესვენებამდე ‘ყოჩებმა’ ჯერ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, მერე მოლიდან იოსებ გუშარაშვილმა შეუტია, ბოლოს კი ირაკლი გეგენავამ გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 70 მეტრი ირბინა – 29:10.
მეორე ტაიმის დასაწყისში სოხაძემ უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, 52-ე წუთზე თემურ ჭიჭინაძე და გიორგი ნავროზაშვილი წითელი ბარათით დაისაჯნენ, დასკვნითი 20 წუთი კი ბეგაძის იყო. მან სამჯერ შეძლო მასპინძლების დალელოვება, ერთიც ნიკა ჩხიკვაძემ გაიტანა და ‘ყოჩებმა’ დიდი სხვაობით გაიმარჯვა.
ბოლნისელები ექვსი თამაშიდან 21 ქულით პირველ ადგილზე არიან, ოღონდ ‘აიას’ ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული (19 ქულა). ‘არმაზს’ ხუთი თამაშის შემდეგ 6 ქულა რჩება და ბოლო ადგილზეა. ახალი წლის შემდეგ ‘აიამ’ ‘არმაზს’ გადადებულ მატჩში უნდა უმასპინძლოს, რის შემდეგაც ჯგუფში ყველა გუნდს 6-6 თამაში დაუგროვდება.
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე