შოტლანდიის ხუთიდან ხუთი

შოტლანდიის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს „მარიფილდზე“ გამართულ გასახურებელ ტესტ-მატჩში დამსახურებულად, 48:7 სძლია.

ეს იყო საქართველოს ნაკრებისა და მის შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების თითქმის ნახევრისთვის პირველი მატჩი კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ. უთამაშებლობა მორაგბეებზე მკვეთრად აისახა, განსაკუთრებით ასეთი მაღალი დონის მეტოქესთან და დაცვაში ინდივიდუალური შეცდომები დაუშვეს, რაც მეტოქემ არ გვაპატია – ჯამში 192 ბოჭვიდან 27 გაგვიფუჭდა.

გარდა ამისა, შოტლანდია სრულად დომინირებდა მოლში, გვავიწროვებდა შერკინებაში, დერეფანსა და რაქებში. პრობლემები გვქონდა დისციპლინაში და საწყის 25 წუთში 7-ჯერ დავჯარიმდით, სულ კი 16-ჯერ. შედეგად, შოტლანდია ტერიტორიულ (77/23) და ბურთის ფლობის (70/30) დიდ უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ ეს ყველაფერი ქულებში ასახა.

მხოლოდ დაცვაში

თამაშის დებიუტშივე დაშვებულ შეცდომას შოტლანდიელთა შტურმი მოყვა. ბორჯღალოსნები თითქმის 2 წუთი საკუთარ 22-ში იცავდნენ თავს, თუმცა ჯარიმის შემდეგ უკან ჩასვლა დააგვიანეს, დარსი გრემმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ლელოთი ანგარიში გახსნა. უთამაშებლობისა და ნერვიულობის ფონზე, ხშირი იყო შეცდომები, განსაკუთრებით ფეხით თამაშისას და მეტოქეს ბურთი სამჯერ გადავაბარეთ.

იყო საინტერესო ეპიზოდებიც. საწყის წუთებში მიხეილ ნარიაშვილმა და მერაბ შარიქაძემ მეტოქეს რაქში ამოაცალეს ბურთი, მერე კი აკაკი ტაბუცაძეს ფეხით გადაკიდებულზე მცველმა დაასწრო თამაში.

მასპინძლები მოლში დომინირებდნენ და ეს უპირატესობა კარგად გამოიყენეს. 27-ე წუთზე ფრეიზერ ბრაინმა ლელო მოლის შემდეგ გაიტანა. ხუთ წუთში მოლი დიდი ძალისხმევით შევაჩერეთ, თუმცა მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი მარცხენა ფრთაზე გაშალეს და ალამთან ლელო ჰამიშ ვოთსონმა გაიტანა. სამი გარდასახვიდან ზუსტი მხოლოდ ერთი იყო – 17:0.

იმედიანი დასაწყისი

მეორე ტაიმის დასაწყისი იმედისმომცემი იყო. ფეხით თამაშის შემდეგ მცველები შევავიწროვეთ და ზედიზედ ორჯერ შეცდომა დავაშვებინეთ, შერკინებიდან შეტევის შემდეგ ვასილ ლობჟანიძემ აკა ტაბუცაძეს საკალათბურთო პასი გაუკეთა, მცველმა მისი ჩაჭრა ვერ მოახერხა და გარემარბმა მესამე მატჩში თავის მეექვსე ლელო გაიტანა. თედო აბჟანდაძე გარდასახვიდან ზუსტი იყო და სხვაობა 10 ქულამდე დავიდა.

შოტლანდიამ გააფთრებით შემოგვიტია, თუმცა თავდადებულ დაცვას წააწყდა და 50-ე წუთზე ნაცად ხერხს მიმართა – 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორა და ბრაუნმა დუბლი შეასრულა. 10 წუთში მოლით ლელო სათადარიგო კვაჭმა, სთიუართ მაქინალმაც დადო, დასკვნით 10 წუთში კი, გელა აფრასიძის სინბინის ფონზე, მასპინძლები აბურთავდნენ და კიდევ სამი ლელო მიითვალეს – 48:7.

ეს იყო მეხუთე მატჩი საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის და ჯერჯერობით ყველა მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

ახლა ლეგიონერები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან, ქართულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერები კი საქართველოში დაბრუნდებიან და „შემოდგომის ერთა თასისთვის“ გააგრძელებენ მზადებას.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს ინგლისს „თვიქენჰემზე“, 21 ნოემბერს ჰლანეჰლიში უელსს და 29 ნოემბერს დუბლინში ირლანდიას ვეთამაშებით, 5 დეკემბერს კი ოთხიდან (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) ერთ-ერთ მეტოქეს.

მატჩის შემდეგ

შოტლანდიასთან „მარიფილდზე“ გამართული ტესტ-მატჩის შემდეგ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს.

პირველი კითხვებს შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა უპასუხა, რომელიც 48:7 მოგებით და საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო:

„პერიოდულად ძალიან კარგად ვთამაშობდით, განსაკუთრებით ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით. თავს კარგად ვიცავდით და ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო. გამოსასწორებელი ბევრი რამაა, თუმცა ეს პირველი თამაში იყო უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში“.

„ჩვენი ფორვარდები მეტოქეს შერკინებაში დაჯარიმებას აიძულებდა და დომინირებდნენ მოლში, რაც კარგი სანახავი იყო. კარგი იყო ისიც, რომ დასკვნით 10-15 წუთში თამაში გავაუმჯობესეთ და ასე იყო პირველი ტაიმის მიწურულსაც. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიჭები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან“.

თამაში შეაფასა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეტოქე დომინირებდა:

„რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა“.

„მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს. მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ“.

„ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის“.

23 ოქტომბერი
ტესტ-მატჩი. ედინბურგი. მარიფილდი
შოტლანდია – საქართველო 48:7
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.
1 ლელო: ტაბუცაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 სინბინი: აფრასიძე

 

ფოტო: Ian Muir