დიდი 10 | ყოჩები 15:12 ბათუმი

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ‘ბათუმს’ ორი ლელოს საპასუხოდ ხუთი ჯარიმა გაუტანა და დიდი 10-ის გარდამავალი ტურნირის მესამე ტურში 15:12 გაიმარჯვა.

2019 წლის საქართველოს ჩემპიონი ახალ სეზონს საუკეთესო ფორმაში ვერ შეხვდა. ზღვისპირელებმა სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და ისიც დასკვნით წუთებში, დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა ორივე წაგებულ შეხვედრაში შეძლეს ბონუსის აღება.

‘ყოჩებმა’ პირველ ტურში შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ქუთაისში ‘აიასთან’ ვერაფერი გააწყეს, ახლა კი „რაგბი პლატოზე“ სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვეს და 9 ქულით ლიდერ ‘აიას’ გაუტოლდნენ, რომელსაც ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

თამაში დაძაბული გამოდგა. გუნდები მაღალ ტემპში ცდილობდნენ თამაშს, მაგრამ ფაზების აწყობა არ გამოსდიოდათ. სტუმრებს დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ, შავლეგ მახარაშვილმა 35 წუთში ოთხი ჯარიმა შეასრულა, ოთხივე გაიტანა და მასპინძლები 12:0 დააწინაურა.

 

 

მამუკა ნინიძეს ორჯერ ჰქონდა 3 ქულის აღების შანსი, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციებიდან ვერცერთი გაიტანა, ტაიმის მიწურულს კი გარდასახვაც გაუფუჭდა. ზედ შესვენების წინ, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ მათ მარჯვენა ფრთაზე გაშალეს შეტევა და ალამთან ლელო დურმიშხან ჯაბნიძემ გაიტანა.

შესვენების შემდეგ ‘ბათუმმა’ ჯარიმები აღარ დაარტყა, მაგრამ შეტევები ხან შეცდომების გამო დაკარგა, ხანაც დაცვამ იმუშავა კარგად. ‘ყოჩები’ შერკინებაში უპირატესობას ფლობდა და 73-ე წუთზე 10 ქულით დაწინაურდა. შეცვლაზე შესულმა თემო სოხაძემ რთული პოზიციიდან ჯარიმა ძელს გაარტყა, თუმცა მეორე ცდაზე ზუსტი იყო.

თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სოხაძეს 40 მეტრიდან არეკნის შესრულებისას დაუფარეს, ბათუმელებმა ბურთს ფეხი ორჯერ წაკრეს და ნინიძემ ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და სტუმრებს მხოლოდ ბონუსი შეხვდათ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ შავლეგ მახარაშვილი დასახელდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი