დიდი 10 | ვეფხვები 13:50 აკადემია

თბილისის ‘აკადემიამ’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ ადრეული ლელოს საპასუხოდ 7 გაუტანა და დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის მეორე ტურში, თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ბონუსით, 50:13 დაამარცხა.

27-ე წამზე ლაშა გურგენიძემ არეკნით გახსნა ანგარიში, ხოლო მე-5 წუთზე ‘ვეფხვებმა’ საკუთარ 22-ში კარგად დაიცვა თავი, ბურთი მოიპოვა, რომელიც ბიძინა სამხარაძემ ფეხით გადაკიდა, მას ნიკა ბეჟუაშვილი მიყვა, ორი მცველის შეუთანხმებლობით ისარგებლა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. გარდასახვა მან თავადვე შეასრულა და მასპინძლები 10:0 დააწინაურა.

დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმა ორ წუთში გაქვითა. ‘აკადემია’ ინიციატივას დაეუფლა, მე-16 წუთზე მოლით შეუტია და მამუკა მსტოიანმა ლელო გაიტანა. 25-ე წუთზე სტუმრები საბა ილურიძის ლელოთი დაწინაურდნენ და ამჯერად მოძღვრიშვილმა ზუსტად გარდასახა. 32-ე წუთზე „მხატვრებმა“ შეტევის მიმართულება სწრაფად შეცვალეს, იოანე ხელაიამ ხაზი გაჭრა და უკვე შებოჭილმა ლელოში შეაღწია. გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი ‘აკადემიამ’ 22:10 მოიგო.

მეორე ტაიმის მე-13 წუთზე ბეჟუაშვილმა ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე ‘ვეფხვები’ საკუთარ 22-ში შეცდა და საბა ილურიძემ დუბლი შეასრულა. მერე თორნიკე ზოიძემ დერეფნიდან შეუტია და თავისი წილი ლელო გაიტანა, ხოლო 68-ე წუთზე საბა ილურიძემ თავისი მესამე ლელოც მიითვალა. გაწითლებულ დროზე ‘აკადემიამ’ თავისი 5-მეტრიანიდან დაწყებული შეტევა სანდრო მარგიანის ლელოთი დაასრულა. ბოლო ოთხი ლელოდან მოძღვრიშვილმა და ილურიძემ ორ-ორი გარდასახეს და სტუმრებმა 50:13 მოიგეს.

 

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘აკადემიას’ მეორეხაზელი ვანო ბერიკაშვილი დასახელდა.

ეს იყო „ა“ ჯგუფის ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მეორე ტურში გაიმართა, რადგან რუსთავის ‘ხარებისა’ და კიკეთის ‘იუნკერების’, ასევე ‘ლელო-სარასენსისა’ და ‘ლოკომოტივის’ მატჩი კოვიდ-ინფექციის გამო გადაიდო. ‘აკადემია’ 9 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო ‘ვეფხვები’ 4 ქულით მესამეა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე