დიდი 10 | აკადემია 21:5 ხარები

თბილისის ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 13 ქულით „ა“ ჯგუფის ლიდერია.

მესამე ტურში „მხატვრები“ „რაგბი პლატოზე“ რუსთავის ‘ხარებს’ მასპინძლობდნენ. ორივე გუნდი ცდილობდა, რომ სწრაფი, შემტევი რაგბი ეთამაშა და ლამაზი ლელოებიც გავიდა.

‘აკადემია’ დავით მოძღვრიშვილის ჯარიმით მე-14 წუთზე დაწინაურდა, რაზეც ‘ხარებმა’ ტაიმის შუაში ლევან ნარიმანიძის ლელოთი უპასუხა. ორიოდე წუთში მასპინძლებმა შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტიეს, მეტობა გაითამაშეს და გიორგი ილურიძემ საპასუხო ლელო გაიტანა. შესვენებამდე მოძღვრიშვილმა გუნდს კიდევ 10 ქულა შესძინა. მან ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და ლელოში დაამიწა, ბოლოს კი გარდასახვა 2 ქულად აქცია – 18:5.

 

 

თამაშის განახლებიდან ოთხ წუთში მოძღვრიშვილმა მორიგი ჯარიმა შეასრულა. დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ 35 წუთი უქულოდ მიილია და ‘აკადემიამ’ 21:5 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აკადემიელი თორნიკე ზოიძე დასახელდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი