ჭაბუკთა “ა” ლიგა | ჩემპიონი მაქსიმალური შედეგით ლიდერობს

მესამე ტური არასრული გამოდგა. COVID-19-ის პრევენციული ზომების პროტოკოლის თანახმად, მოთამაშეთა უსაფრთხოების მიზნით სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტს მარნეულის ‘არმაზისა’ და ბათუმის ‘ბათუმის’ მატჩის გადავადება მოუხდა.

ტური, ავჭალაში დედაქალაქური დერბით, ‘ლოკომოტივისა’ და ‘ლელოს’ დაპირისპირებით დაიწყო. ‘ლელომ’, ‘რკინიგზელებს’ ტაიმებში 4-4  ლელო გაუნაწილა და პირველობის მესამე შეხვედრაც დამაჯერებლად, კვლავ ‘მშრალი’ ანგარიშით  46:0  მოიგო. ანგარიშში სხვაობა გაცილებით სოლიდური იქნებოდა, რომ არა ჩემპიონის მხრიდან უამრავი თერნოვერი, რაზეც მატჩის შემდგომ შეგირდებს  მთავარმა მწვრთნელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა უპირატესად მიანიშნა.

 

 

‘ლელო’ მატჩის პირველივე წუთებიდანვე დომინირებდა. სტატიკაში მოპოვებულ უპირატესობას, ჩემპიონი ხელდახელ თამაშს კარგად უხამებდა და მთლიანობაში 6 ლელო სწორედ მაღალ სიჩქარეზე, ინდივიდუალური გარღვევებით იქნა გატანილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლელოს ჰავბეკ ლუკა არჩვაძის გააზრებული და უნარიანი თამაში. შეხვედრის პირველ ნახევარში ლელოს მარცხენა ფრთა შაკო აფციაურმა წყვილი ლელოს დადება მოახერხა. აფციაურის კვალ, ‘დუბლის’ შესრულება ლელოს მეორე ფრთა გაგა ქევხიშვილმა და მარბიელმა გიორგი ქობალიამ მოახერხეს. ლელომ  3 ტურის თავს, მაქსიმუმი, 15 საცხრილო ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა.

 

 

ტურში კიდევ ერთი დერბი, ქუთაისში შედგა. ‘არესისა’ და აიას’ შეხვედრაში წინა სეზონების მსგავსად, უქულოდ მყოფმა ‘ომის მრისხანე ღმერთმა’ ტიტულოვან თანაქალაქელებს ტოლი არ დაუდო და პრემიის აღება ამჯერზეც არ დაანება. ‘აიამ’ მატჩი  19:7  მოიგო, 9 ქულა დააგროვა და ცხრილში მოწინავე სამეულში აინაცვლა.

სეზონის წინ, ‘აიას’ დამრიგებელ გაგა გურეშიძეს პრობლემები მიეძალა. გუნდის წამყვანმა მოთამაშეებმა ბექა შვანგირაძემ და ნოდარ შენგელიამ კარიერა საფრანგეთში განაგრძეს, რამდენიმე მორაგბემ კი სწავლის გაგრძელება დედაქალაქში არჩია და ბინადრობასთან ერთად კლუბიც იცვალა.

შეხვედრის პირველ ნახევარი ‘აიას’ უპირატესობით აღინიშნა, რაც ბურჯ ლუკა შენგელიასა და ფრთა ავთო ჭოლაძის გატანილ უპასუხო ლელოებში აისახა. ფულბეკმა მიშა ჟორჟოლიანმა ორივე რეალიზაცია ზუსტად შეასრულა და ფავორიტი შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმში ‘არესი’ გააქტიურდა, მხტომელ რომეო ლაღაძის ლელოთი და ფრთა საბა ყურაშვილის გარდასახვით ანგარიშში სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა, თუმცა გამოცდილების ხარჯზე ‘აიამ’ უპირატესობის დაბრუნება შეძლო. მღლეტელ გიორგი ონიანის გატანილმა ლელომ ‘აიას’ რთული გამარჯვება დააფიქსირა.

 

 

მუხიანში, ‘ხვამლი’ რუსთავის ‘ხარებს’ დაუხვდა და პრინციპული მეტოქე უშანსოდ დატოვა  50:5.  თემურ ლობჟანიძის შეგირდები ჯერჯერობით საკუთარი თამაშის პოვნას ვერ ახერხებენ, მუხიანელები კი შემადგელობის მკვეთრად გადახალისების მიუხედავად, ჩინებულად გამოიყურებიან და ვინძლო ტიტულთან წაპოტინებაც სცადონ.

‘ხვამლი’, მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდა. მასპინძლები სტატიკაშიც მძლავრობდნენ და ფიზიკურად უკეთ მომზადებულნი, ქვემოქართლელბს ხაზსაც იოლად უჭრიდნენ. რატი ურუშაძის ბიჭებმა 7 ლელო გაიტანეს. ‘დუბლი’- ჰუქერმა ლაშა კეკელიძემ შეასრულა. მატჩის გამორჩეული ფიგურა კი მასპინძელთა მგეზავი გიორგი ბურდული გახლდათ, ვინაც გატანილ ლელოსთან ერთად, პირად აქტივს ჯარიმა და 6 გარდასახვა შემატა. ‘ხარებმა’ ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წუთებზე მარქაფადან ჩართული ბურჯის ლუკა ულუმბეგაშვილის სადებიუტო ლელოს წყალობით ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მოახერხეს.

 

 

ხვამლმა’ ჩემპიონის მსგავსად სეზონის მესამე შეხვედრაც მოიგო, თუმცა ერთით ნაკლები ბონუს-ქულის ქონის გამო, მუხიანელები სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე რჩებიან.

მორიგი ტურის გამორჩეული შეხვედრა რიონისპირეთში გაიმართება. ქუთაისში, ‘აია’ და ‘ხვამლი’ შეიყრებიან.

 

გოგიტა ბუხაიძის ფოტოები