პირველი ლიგის 2020/21 წლების ჩემპიონატი დროებით სახეშეცვლილი ფორმატით ტარდება. პანდემიის გამო გაუქმებულ წინა პირველობაზე მონაწილე გუნდებს 4 დებიუტანტი – ’ხვამლი’; თელავის ‘ჭადარი’; წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ჭიათურას ‘იმერეთი’ დაემატნენ. ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს, რომელთა ოდენობა მომავალი სეზონისთვის 10-მდე შემცირდება.
პირველობა 2 ჯგუფურ ეტაპს მოიცავს. მონაწილე გუნდები 2 ჯგუფად გადანაწილდნენ (წინა სეზონის შეწყვეტის მომენტში არსებული სატურნირო ცხრილის მიხედვით). პირველ ეტაპზე ორწრიანი შეჯიბრების შემდეგ ჯგუფებში 1-3 ადგილზე გასული გუნდები ფინალურ ექვსეულს შექმნიან (მეორე ეტაპზე გუნდებს მხოლოდ ერთმანეთში ნათამაშევი შეხვედრათა შედეგები გადაყვებათ). მეორე ეტაპზე სხვადასხვა ჯგუფიდან გამოსული გუნდები ერთმანეთს 2 წრედ დაუპირისპირდებიან და ტურნირის გამარჯვებული დიდი 10-ის საგზურს მოიპოვებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი კი, კლასში ანაცვლებას ელიტას მე-9 ადგილოსანთან ორრაუნდიან შეხვედრებში ეცდება.
ფინალურ ექვსეულს მიღმა დარჩენილ გუნდებს შორისაც დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. აქაც თითოეულ გუნდს ექვსი შეხვედრის გამართვა მოუწევს და პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მხოლოდ ექვსეულის გამარჯვებულს დარჩება, რომელმაც თავისი სიძლიერე რეგიონული ლიგის მეორე ადგილოსანთან 2-მატჩა დაპირისპირებაში უნდა გაარკვიოს.
‘ა’ ჯგუფი
‘ა’ ჯგუფის და ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ‘არმიამ’ თელავში, ‘კავკასიონი არენაზე’ ადგილობრივ ‘ჭადარს’ 8 ლელო გაუტანა, შეხვედრა პრემიის თანხლებით, 48:13 მოიგო და ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. „ჯარის“ ფრთა ბექა მაჭარაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, შუამარბმა ირაკლი ცაბაძემ კი აქტივში დუბლი მიითვალა. კახელებმა 13-ივე ქულა პირველ ტაიმში აიღეს, გატანილი ლელოთი მღლეტელი ზურა გოთაიძე გამოირჩა.
‘არმიას’ მიმდინარე სეზონში სათავეში ახალგაზრდა, ნიჭიერი სპეციალისტების, ლაშა აზალაძისა და ლაშა ბაირამაშვილის დუეტი უდგას. „ჯარმა“ გუნდის ბირთვი შეინარჩუნა და ქვეყნის ექს-ჩემპიონის მთავარ ამოცანას ელიტაში დაბრუნება წარმოადგენს. დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, ‘ჭადარმა’ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გუნდი უპირატესად ადგილობრივი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და გამოჩენილი დამრიგებელის, გია ჭუმბურიძის აზრით, კახელებს ფინალურ ექვსეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვთ.
ჯგუფის კიდევ ერთმა ფავორიტმა ‘ხვამლმა’ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ‘დინამოსთან’ წარმატებით დაასრულა – 21:7. მასპინძელმა მუხიანელებმა მეტოქის თითქმის ყველა უხეში შეცდომა გამოიყენეს, მარბიელ ბაჩანა ბაიხოძის ლელოს, მეორე ტაიმში ფრთა ლაშა კაკაურიძემ დუბლი წაუმატა, თუმცა მცირედი მოდუნება დავით ცხვედიანის შეგირდებს ბონუსის დაკარგვის ფასად დაუჯდათ. შეხვედრის მიწურულს, შეცვლაზე შესული ფრთის, თემურ იჩუაიძის ლელოს წყალობით ‘დინამომ’ მშრალი ანგარიშით მარცხს თავი დააღწია და ‘ხვამლი’ ოდენ 4 საცხრილო ქულას დააჯერა.
‘შევარდენზე’, ‘ივერია ვარკეთილისა’ და ქუთაისის ‘ბაგრატის’ შეხვედრაში სპორტული დრამა გათამაშდა. ‘ივერიას’ მგეზავ ლაშა სირაძის 4 ჯარიმას, რიონისპირელებმა შუამარბ ჯუბა ბალანჩივაძის ლელოთი და ფრთა ბონდო ფრუიძის 2 ჯარიმით უპასუხეს. მატჩის ბოლო წუთებზე ფრუიძეს მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან გასატანი ჯარიმა გაუცუდდა და ‘ბაგრატი’ მხოლოდ ნუგეშს დაჯერდა. ‘ივერია ვარკეთილმა’ შეხვედრა 12:11 მოიგო. მიმდინარე სეზონიდან ‘ივერიას’ გამოცდილი სპეციალისტი ვაჟა პაიჭაძე დამრიგებლობს.
‘ბ’ ჯგუფი
დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთმა მაძიებელმა ‘ყაზბეგმა’ ჭიათურაში, ადგილობრივ ‘იმერეთთან’ დაგეგმილი პრემიით, 33:10 იმარჯვა. სეზონის წინ მოხევეებმა 2 უმსხვილესი ფიგურა, პირველი ქართველი ‘ცენტურიონი’ მეკო კვირიკაშვილი და ექს-ბორჯღალოსანი ირაკლი ყიასაშვილი დაიმატეს, რამაც გოჩა ჩქარეულის გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერა. ყიასაშვილი ფულბეკის პოზიციაზე ირჯებოდა, მეკომ კი ჩვეულ, მგეზავის პოზიციაზე ითამაშა, ლელოც გაიტანა და მოხევეთა 5 გატანილი ლელოდან, 3 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
‘იმერეთის’ ლეგენდარული დამრიგებელი ზურა ხარშილაძე, წლებია რაც ჭიათურაში ნაყოფიერად მოღვაწეობს და რომ არა ადგილობრივი, ნიჭიერი მორაგბეების ზემო იმერეთიდან გადინების შეუჩერებელი პროცესი, საბჭოური ეპოქის კაშკაშა ვარსკვლავს გაცილებით მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ეყოლებოდა. არსებული მოცემულობით კი ‘ზახარიჩის’ მთავარი ამოცანა ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.
‘რაგბი პლატოზე’, ‘დევები’ ოზურგეთის ‘არწივებს’ დაუხვდნენ. ‘დევებს’ სათავეში უფროსი ‘კაჭი’, გიორგი კაჭარავა ჩაუდგა, გურულებს კი მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული ‘ჩიჩმია’, კახა მაჩიტიძე დაუბრუნდათ. ‘არწივები’ მეტოქეზე ფიზიკურად და ტაქტიკურად უკეთ გამოიყურებოდნენ, 5 ლელოს გატანა შეძლეს, მატჩი პრემიით, 27:5 მოიგეს და ‘ყაზბეგთან’ ერთად ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ . პირველივე ნახევარში გურულთა ფრთა გოჩა ჯიქიამ დუბლი შეასრულა.
პირველობის კიდევ ერთმა დებიუტანტმა წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ ქუთაისში უმასპინძლა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. რომ არა ბოლო წუთებზე იმერელთა მგეზავის, ოთარ ვარდანიძის ტაქტიკური შეცდომა (თავის 22 მეტრიანთან, აუტში გადატანის ნაცვლად ოვალი გაათამაშა), ზაზა ჩირგაძის შეგირდები პირველი ტურის სენსაციას მოახდენდნენ. ‘დინოზავარი’ მატჩის მიწურულამდე ვარდანიძის წყვილი ჯარიმით 6:0 იგებდა. მესხთა შუამარბმა დავით ვედიაკოვმა ლელო ძელებს შუა დადო, გარდასხვა კი შეცვლაზე შესულ ნიკა გრძელიძეს არ გაჭირვებია. ტურის ყველაზე მწირქულიანი შეხვედრა ‘ტაომ’ 7:6 მოიგო. მესხებს სეზონის წინ ძირითადი ბირთვის 6 მორაგბე გამოაკლდათ, ახალბედათა შესათამაშებლად კი მალხაზ ჭეიშვილსა და სანდრო ესაკიას გარკვეული დრო დაჭირდებათ.
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე