გიორგი ბასილაია: „პირობებმა რაგბის პოპულარობა გაზარდა“

რუსთავის „ხარების“ კაპიტანმა გიორგი ბასილაიამ განვლილი ცხოვრების ნახევარი მშობლიურ კლუბში გაატარა. 27 წლის მგეზავი 13-14 წლის იყო, როდესაც ძმის მეგობრების რჩევით რაგბზე მივიდა და დაახლოებით 1 კვირაში ისე „მოიწამლა“, მას შემდეგ რაგბისა და „ხარების“ გარეშე დღეც არ გაუტარებია.

როცა მან თავისი ცხოვრება სპორტის ამ სახეობას დაუკავშირა, რუსთავში თითქმის არანაირი პირობები არ არსებობდა, მაგრამ ამან გიორგი ვერ შეაჩერა:

„რაგბზე ძმის მეგობრების რეკომენდაციით მივედი და 1 კვირის შემდეგ რაგბის გარეშე ერთი დღეც არ გამიტარებია. არ მახსენდება როდესმე ვარჯიში გამეცდინოს. მწვრთნელებმა – ზაზა ხუციშვილმა და დავით კაკაბაძემ სპორტის ეს სახეობა ბოლომდე შემაყვარეს. სავარჯიშოდ პრაქტიკულად არანაირი პირობები არ გვქონდა, სკოლის გვერდზე ვვარჯიშობდით, მაგრამ მომწონდა, რომ ყველა ერთმანეთის გვერდში ვიდექით, თუ ვინმეს რამე შეეშლებოდა ვამხნევებდით და მის შეცდომას მეორე ასწორებდა“.

 

 

საუკეთესო პერიოდი

ნიჭიერი მორაგბე ყურადღების მიღმა არც ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს დარჩენიათ. ბასილაიმ ჯერ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა, მერე 19-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო და 2012 წელს, 20-წლამდელებთან ერთად „მსოფლიო რაგბის“ „ალაფაზე“ სოლტ ლეიკ სიტიში გაემგზავრა.

„ეს ჩემს კარიერაში ყველაზე კარგი პერიოდი იყო. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცა და თუ რაგბში რამეს მივაღწიე, ეს სწორედ ამ წლებში იყო. სულ მესმოდა, რომ საქართველოს დროშის ქვეშ დადგომა განსაკუთრებული შეგრძნება იყო, მაგრამ სანამ მე თვითონ არ დავდექი, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. როდესაც გადიხარ მოედანზე და ისმენ შენი ქვეყნის ჰიმნს, რაღაც გემართება, უფრო მობილიზებული ხდები, ენერგია გემატება და მზად ხარ ყველაფერი გაიღო“ – იხსენებს საუკეთესო პერიოდს ბასილაია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „ალაფის“ მოსაგებად იყო ჩასული და მიზანთან ახლოს იყო, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე იაპონიასთან მცირედით დამარცხდა (29:36), მესამე ადგილისთვის ტონგას ეომა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა – 29:31.

 

პირობები = ხარისხს და პოპულარობას

მას შემდეგ, რაც რუსთავში საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ აგებული რაგბის სტადიონი გაიხსნა (2013 წელი), რომელსაც ორი – ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედანი აქვს და რომლის ბუნებრივსაფარიან მოედანზე 2889 მაყურებელი ეტევა, რუსთავში რაგბის პოპულარობა გაიზარდა და ეს ნელ-ნელა შედეგებზეც აისახა. გუნდი მესამე სეზონია ექვსეულში ხვდება და შარშან ფინალიც ითამაშა, რითაც 22-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მოახერხა მედლების მოპოვება.

„ახლა რაგბზე უფრო მეტი ბავშვი მოდის, ვიდრე წინა წლებში და ეს ბუნებრივიცაა – პირობები გაჩნდა და რაგბიც რუსთავში უფრო მოთხოვნადი გახდა. ადრე თუ გაწვიმდებოდა, ვარჯიში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ახლა კი ამ მხრივ პრობლემა არაა“ – ამბობს ბასილაია და ამავდროულად, მწვრთნელების მიერ გაწეულ შრომას აღნიშნავს:

„მამუკა მინდორაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი შრომა გაწიეს მწვრთნელებმა. მისი დამსახურებით „ხარები“ უფრო მრავალმხრივ, სანახაობრივ თამაშს აჩვენებს. ბიჭებსაც დიდი დრო გვაქვს ერთად გატარებული, განვვითარდით, მწვრთნელებს მხარში ვუდგავართ და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის“.

 

 

მიზანი წელსაც ფინალია

ბასილაია მშობლიური გუნდის კაპიტანია, რასაც ის „დიდ პასუხისმგებლობად და ნდობად“ აღიქვამს.

„ხარებმა“ მიმდინარე სეზონის 14 მატჩიდან 8 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ჯამში 42 ქულით მეოთხე ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება ლიდერებს. საგულისხმოა, რომ 5 წაგებული თამაშიდან, რუსთაველებმა სამი ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდებისგან განიცადეს:

„ალბათ, მეტოქის შეუფასებლობასთან გვაქვს საქმე და სუსტ გუნდებთან მობილიზება გვაკლია. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოედანზე სხვა განწყობით გავდივართ, რადგან ვიცით, წინ დიდი ბრძოლა გველოდება და ამ ბრძოლას შედეგი მოყვება“.

გიორგი იმედოვნებს, რომ ჩემპიონატში, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა განახლდეს, ‘ხარები’ შეძლეს ფინალში გასვლას და მინიმუმ შარშანდელი შედეგის გამეორებას:

„შარშან ‘ბათუმი’ რეგულარულ ჩემპიონატში ორჯერ დავამარცხეთ, მაგრამ ფლეი ოფში მათთან ორჯერ (შესარჩევ ფლეი ოფში და ფინალში) დავმარცხდით. იქ სულ სხვა გუნდთან მოგვიწია თამაში, ვიდრე რეგულარულ გათამაშებაში. ბეთუმელები ბევრად უფრო სწრაფად თამაშობდნენ, ვიდრე მანამდე და ეს ჩვენთვის მოულოდნელობა იყო. გარდა ამისა, ჩვენ მთელი სეზონი ფაქტობრივად შეუცვლელად, ერთიდაიგივე შემადგენლობით ვთამაშობდით და როგორც ჩანს, ენერგია აღარ გვეყო“.

„წელს ჩვენი მიზანი იგივე შედეგის გამეორებაა. ფინალში უნდა გავიდეთ და მერე ვნახოთ იქ რა მოხდება. გამოცდილება წელს უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე შარშან და ჩემპიონობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით. ვნახოთ, მთავარია ფინალში გავიდეთ და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

 

 

ისევე, როგორც სხვა გუნდების მორაგბეები, „ხარების“ წევრებიც განვლილ პერიოდში ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ – დარბოდნენ და სახლის პირობებში ემზადებოდნენ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. 22 მაისიდან გუნდებს სპეციალური პირობების დაცვით, ეტაპობრივად შეეძლებათ ვარჯიშების განახლება და „ხარებიც“ მზადებას მცირე ჯგუფებად განაახლებს.

 

ნიკას გარეშე…

ცოტა ხნის წინ, კარანტინის პირობებში, რუსთავის „ხარებს“ თავს დიდი ტრაგედია დაატყდა. 6 მაისს ავტოკატასტროფას ემსხვერპლა 23 წლის კვაჭი ნიკა კევლიშვილი…

„ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც ხელიდან მეგობარი გამოგვაცალა. ნიკას გარეშე ძალიან გაგვიჭირდება“…