მწვრთნელთა ონლაინ-სემინარები

იმისათვის, რომ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გავლის შემდეგ, სარაგბო სამყარომ უმოკლეს დროში შეძლოს ჩამორჩენის აღმოფხვრა, „მსოფლიო რაგბი“ და საქართველოს რაგბის კავშირი, ონლაინ-სემინარების მეშვეობით გარკვეულ აქტივობებს გეგმავს.

ჩვენი რაგბის კავშირი „მსოფლიო რაგბთან“ ამ პირობებშიც მჭიდრო კავშირშია და ონლაინ კონფერენციებით ეცნობა იმ სიახლეებს, რასაც რაგბის მმართველი საბჭო ნერგავს. მათი რეკომენდაციით ბორჯღალოსნების მწვრთნელები – ლევან მაისაშვილი, ირაკლი ჭყონია, დავით ნემსაძე, გიორგი მაისურაძე, ნიკა პინაიშვილი და დავით რამიშვილი, ახალგაზრდული ნაკრებების შესაბამის სპეციალისტებს ჩაუტარებენ ონლაინ მასტერკლასებს. გარდა ამისა, თავად მსოფლიო რაგბის უახლოეს პერიოდში გამართავს მწვრთნელების, ფიზ.მომზადების მწვრთნელების და მსაჯების ონლაინ სემინარებს, რომელშიც თითოეული ქვეყნიდან, თითოეულ პოზიციაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება წარდგენილი.

სასიხარულოა, რომ „მსოფლიო რაგბის“ ინიციატივამდე რამდენიმე დღით ადრე, რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის მენეჯერის, გიორგი ნოზაძის ინიციატივით, უკვე იგეგმება მწვრთნელთა ონლაინ-სემინარების გამართვა და პირველი ასეთი სემინარი უახლოეს დღეებში გაიმართება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის თქმით, მსგავსი ონლაინ-სემინარები სხვა მიმართულების სპეციალისტებისთვისაც მოეწყობა:

„მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებულ ონლაინ-სემინარებში, სამწუხაროდ, ყველა მსურველი ვერ ჩაერთვება, რადგან რაოდენობები შეზღუდულია და თითო თემატურ სემინარზე, თითო ქვეყნიდან თითო სპეციალისტი ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე ვგეგმავდით და სულ მალე დაიწყება მსგავსი ონლაინ-სწავლებები მწვრთნელებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, ფიზ.მომზადების სპეციალისტებისთვის, ვიდეო-ანალიტიკოსებისა და მსაჯებისთვის. მოხდება ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება, რაც ამ პერიოდში მათ ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს. ეს არის საშუალება იმისა, რომ შეზღუდულ პირობებში არ დავკარგოთ დრო და მოხდეს პროფესიული განვითარება. თემატური პროგრამების ნაწილი უკვე მზადაა და ონლაინ-სემინარები სულ მალე დაიწყება“.

რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე ამბობს, რომ „მსოფლიო რაგბის“ მიერ ორგანიზებული სემინარებით მიღებულ ცოდნას, ქართველი სპეციალისტები კოლეგებს გაუზიარებენ, შიდა ონლაინ-სწავლებების მოდულებისა და ვებ-მისამართის შესახებ კი, მსურველებისთვის ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი:

„მწვრთნელთა მასტერკლასებს მთელი წლის განმავლობაში ვატარებდით, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც შეკრებები აკრძალულია, მსგავს აქტივობებს ვეღარ გავაგრძელებდით. ამ ფონზე გიორგი ნოზაძემ შემომთავაზა იდეა, რომ მასტერკლასები ონლაინ, Zoom.us-ის საშუალებით გაგვეგრძელებინა. უკვე გვქონდა რამდენიმე ვიდეო-კონფერენცია და დაიგეგმა პირველი ონლაინ-სემინარი, რომელსაც უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლადო კილასონია ჩაატარებს. უახლოეს დღეებში განვათავსებთ ლინკს, სადაც დათქმულ დროს ყველა მსურველს შეეძლება შესვლა და სემინარის მოსმენის შესაძლებლობა“.

„საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ „მსოფლიო რაგბმა“ მსგავსი იდეა ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის შემოგვთავაზა. გარდა ამისა, მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელებმა საკუთარი ცოდნა გაუზიარონ ასაკობრივი ნაკრებების სპეციალისტებს. ჩვენთვის სასიამოვნო იყო ამ ინფორმაციის მიღება, რადგან მსგავსი ონლაინ-აქტივობა უკვე დაწყებული გვქონდა და მისი მართებულობა ფაქტობრივად „მსოფლიო რაგბმაც“ დაგვიდასტურა“.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს არაა მწვრთნელთა ლიცენზირება. ვიდეო-კონფერენციებში ჩართვა ნებაყოფლობითია და ემსახურება სპეციალისტთა ცოდნის გაღრმავებას, ინფორმაციის გაცვლას. საქართველოში მომუშავე მწვრთნელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მშობლიურ ენაზე მიიღონ ის ინფორმაცია, რასაც საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები იღებენ უცხოელი სპეციალისტებისგან.

ვიდეო-სემინარების საქართველოში დანერგვის იდეის ავტორი გიორგი ნოზაძე ამბობს:

„აღმოვჩნდით უჩვეულო, იზოლირებულ გარემოში და საჭიროა ადაპტირება. მსგავსი ჩართვები სხვადასხვა მიმართულებითაც კეთდება და გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი კონფერენციები ჩვენც ჩაგვეტარებინა. თავისუფალი დრო ყველას საკმარისზე მეტი გვაქვს და მისი ამ მიმართულებით გამოყენება, განვითარებისთვის ზრუნვა ყველასთვის საინტერესო იქნება. არსებობს პლატფორმა, სადაც შესაძლებელია ვირტუალური დაკავშირება და ინფორმაციის გაცვლა. ეს მწვრთნელებს ამ შესაძლებლობების პირობებში განვითარების საშუალებას მისცემს და როდესაც ყველაფერი ჩვეულ რითმს დაუბრუნდება, ამ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ“.

რადგან ვირტუალური სწავლება მარტივი არაა, თითო სემინარის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი იქნება და არაა გამორიცხული, რომ კონკრეტულ მოდულებზე 2-დღიანი სემინარები ჩატარდეს. მსმენელებს ექნებათ კითხვების დასმის შესაძლებლობაც და მათზე მომხსენებლისგან ამომწურავ პასუხებს მიიღებენ.

ნოზაძე იმ დადებით მხარეებზე საუბრობს, რომელსაც ვიდეო-სემინარები იძლევა:

„ვიცით, რომ უცხოეთში, მაგალითად საფრანგეთში, არაერთი ქართველი მწვრთნელი წარმატებით მოღვაწეობს და მათ ქართველი კოლეგებისთავის საკუთარი გამოცდილების შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, ეს არის კარგი შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები მწვრთნელებისთვის, რადგან ისინი სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ დამატებით ცოდნას“.

რადგან მსგავსი სემინარები აქამდე არასდროს ჩატარებულა, იქნება ხარვეზებიც, რაც კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ორგანიზატორებს და ამ ხარვეზების აღმოფხვრა სემინარების მსვლელობისას მოხდება. შესაძლოა მსმენელებს შეექმნათ გარკვეული სახის ტექნიკური, ან სხვა სახის პრობლემები და მათ ამ საკითხების გადაჭრაში დაეხმარებიან.

ყველა თემატურ სემინართან და მის მომხსენებელთან დაკავშირებით, ინფორმაცია რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტზე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდება.