პირველი ლიგა | ფავორიტები დამაჯერებლად იგებენ

პირველი ლიგის მე-14 ტური, ‘შევარდენზე’, არმიასა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრით დაიწყო. ტოლ-სწორი ბრძოლა მატჩის საწყისი 20 წუთი გაგრძელდა და გურულებმა ერთი ხანობა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს.

შეხვედრის დებიუტში ‘არწივები’ დაცვაში მწყობრად ირჯებოდნენ და არმიელთა ჰუქერ შალვა კეთილაძისგან მიღებული ლელოს მიუხედავად, ფავორიტს გასაქანს არ აძლევდნენ. მეტიც, შუამარბ როლანდ ჩაჩავას გატანილი 3 ჯარიმით, პირველი ტაიმის შუაწელს სტუმრები 9-7 დაწინაურდნენ. ‘ჯარმა’ უკეთესი ფიზიკური კონდიციებისა და მაღალი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე უპირატესობა მეთოდურად მოიპოვა. დიდი როლი ითამაშა მარქაფადან ჩართულ დიტო ცაბაძის ჩინებულმა თამაშმა. ცაბაძემ, ჩვეული ჰუქერის პოზიციიდან ‘არწივებს’ დიდი პრობლემები შეუქმნა და თან ლელოს გატანაც ორივე ტაიმში მოახერხა. ‘დუბლით’-ასევე არმიელთა ფრთა თედო დევიძეც გამოირჩა. ‘’არმიამ’ მთლიანობაში 8 ლელო გაიტანა და მატჩი დაგეგმილი პრემიით, 52:9  მოიგო.

დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთმა მაძიებელმა პატარძეულის ‘ვეფხვებმა’, ასევე პრემიალური ქულით, გარე კახეთში, ‘დინამოს  71-7 აჯობეს.

‘დინამომ’ მატჩის დებიუტში გაიბრძოლა და მოთამაშე-მწვრთნელ ლევან რამიშვილის დადებული ლელოთი  7-3 დაწინაურებაც მოახერხა, რის შემდგომ მასპინძელთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა. მართალია ‘ვეფხვებმა’ პირველი ნახევარი შედარებით მოკრძალებული ანგარიშით 24-7 მოიგეს, თუმცა მთლიანობაში 10 ლელოს გატანა მოახერხეს და ანგარიშში სოლიდური, 64-ქულიანი უპირატესობაც დააფიქსირეს. მარქაფადან ჩართულმა ‘ვეფხვების’ ჰავბეკმა შოთა შალვაშვილმა ‘მეორე ნახევარში ‘დუბლის“ შესრულება მოახერხა.

პირველობის ლიდერმა ქუთაისის ‘არესმა’ საკუთარ არენაზე სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ ტაიმებში  6-6 ლელო გაუნაწილა და მატჩი პრემიალური ქულით 78-7 მოიგო.

‘არესი’ საკადრო პრობლემებსა და საბრძოლო განწყობას არ უჩივის, რაც განვლილმა შეხვედრამაც ნათლად ცხადჰყო. ‘ომის მრისხანე ღმერთი’ უმეტესად გაშლილ, მაღალ ტემპში თამაშს ეძალებოდა და  ლელოთა უმეტესობა სწორედ ხელდახელ თამაშით გაიტანა. ‘ჰეთ-თრიკი’- მღლეტელმა ბექა აბრამალაძემ შეასრულა, მარბიელმა ნიკა სირაძემ კი ‘დუბლი’ გაახერხა. ‘ტაომ’ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხს თავი მეორე ნახევრის დასაწყისში, მღლეტელ ბექა ვარდანიძის დადებული ლელოთი დააღწია.  რიონისპირელები მდევრებს, ‘ვეფხვებსა’ და ‘არმიას’ კვლავინდებურად 4 და 8 ქულით უსწრებენ.

ნავთლუღში, ‘შევარდენის’ სარაგბო არენამ ტურის 2 დარჩენილ შეხვედრას უმასპინძლა. განსაკუთრებულ ყურადღებას ‘დევებისა’ და ‘ბაგრატის’ დაპირისპირება იწვევდა. ორივე გუნდი პლეი აუტის ზონიდან თავის დაღწევას ლამობს.

მატჩი მოსალოდნელისამებრ, საინტერესო და უშეღავათო ბრძოლით გამოირჩა. ‘ბაგრატი’ სტატიკაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, რამაც შეხვედრის საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ‘დევები’ მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იმყოფებოდნენ და ფულბეკ თორნიკე ხმელიძისა და მარბიელ გიორგი გვედიანის ლელოთა წყალობით ნუგეშ-ქულის აღება მოახერხეს და ცხრილში მერვე ადგილზე მყოფ ‘არწივებთან’ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ‘ბაგრატმა’ მეტოქეზე ერთით მეტი ლელო გაიტანა (ფრთა ჯუბა ბალანჩივაძე და მისი შემცვლელი ვახტანგ ჯაიანი, შუამარბი ცოტნე კვესელავა) და 17-12 იმარჯვა. სეზონში მოპოვებული მეოთხე გამარჯვებით ქუთათურებმა 2 საფეხურით აინაცვლეს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე განთავსდნენ.

ტურის დასკვნით შეხვედრაში ‘ყაზბეგმა’, პირველობის აუტსაიდერ ‘ივერია ვარკეთილს’ ასევე ‘შევარდენის’ არენაზე უმასპინძლა. მართალია, მოხევეები საშინაო შეხვედრებს კვლავ დედაქალაქში მართავენ, თუმცა სტეფანწმინდაში სარაგბო სტადიონის რეკონსტრუქცია გამოდარებისთანავე, უახლოესს მომავალში დაიწყება და გოჩა ჩქარეულის შეგირდები ცდას არ აკლებენ, რათა მშობლიურ მხარეში დაბრუნებისას, თავისი მრავალრიცხოვანი ქომაგის წინაშე ამაღლებული განწყობითა და მაღალი სპორტული მიღწევებით წარდგნენ.

‘ივერიამ’ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და მოხევეებს ჯეროვანი წინააღმდეგობაც გაუწია. აუტსაიდერი სტატიკაში მეტოქეს არაფერს უთმობდა და ‘ყაზბეგმა’ გადამწყვეტი უპირატესობა მომატებული ტემპითა და ხელდახელ თამაშით მოიპოვა. გარდამტეხი გამოდგა პირველ ტაიმში, საყაიმო ანგარიშსზე მოხევეთა ჰავბეკ ზურა ზაალიშვილის გატანილი წყვილი ლელო. ‘ყაზბეგმა’ უპირატესობა მეორე ნახევარში შუამარბ დავით ალიბეგაშვილის, გარემარბ მამუკა არაბულისა და ფულბეკ გაგა ყენიას ლელოებით გაამყარა 40-12. აღებული პრემიითა და სეზონში მეცხრე მოგებით, მოხევეებმა ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარეს და მდევარ ‘ტაოს’ მთელი 12 ქულით გაუსწრეს.

 

ფოტო: სოფიო ბილანიშვილი