პირველი ლიგა | პირველობა ლიდერის დამაჯერებელი გამარჯვებით განახლდა

ზამთრის მინი-არდადეგების შემდეგ, პირველი ლიგის მეცამეტე ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა ქუთაისის ‘არესმა’ ფოთის ‘პარკი არენაზე’, მასპინძლის როლში დამხვდურ ოზურგეთის ‘არწივებს’ 14 ლელო გაუტანა და დაგეგმილი პრემიაც უპრობლემოდ აიღო  84:7.

რიონისპირელები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და გურულებს პრაქტიკულად რაგბის ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ. ‘არესის’ ფრთა ამირან შვანგირაძემ, მარბიელმა ბექა ვარდანიძემ და მარქაფადან ჩართულმა მეორეხაზელმა ლევან რატიანმა პირად აქტივს წყვილ-წყვილი ლელო შემატეს. ‘არწივებმა’ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხს თავი, შუამარბ ბაჩო ჩაჩავას დადებული ლელოთი დააღწიეს.

‘არესის’ მდევარმა პატარძეულის ვეფხვებმა’ კიდევ უფრო სოლიდური სხვაობით მოიგეს. გარე კახელებმა ‘შევარდენზე’, ‘ივერია ვარკეთილს 17 ლელო გაუტანეს და გამარჯვებაც სამნიშნა ციფრით 109:5  იზეიმეს.

ჩემპიონატის აუტსაიდერმა ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, თუმცა ფრთა გიორგი შვანგირაძის ლელოთი ‘ვეფხვებს’ ‘ მშრალი’ ანგარიშით მოგება არ დაანება. გარე კახელთა მხტომელმა ზაურ შაქარაშვილმა ‘პოკერი’ /4 ლელო/ შეასრულა, ხოლო მეორე ნახევარში შეცვლაზე შესულმა ჰუქერმა დავით აბაშიძემ ‘ჰეთ-თრიქი’ გაიფორმა.

სტიქიის გამო, ‘ტაომ’ საშინაო შეხვედრა ‘დევებთან’, ასპინძის ნაცვლად, გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩაატარა. ქომაგმა 2 რადიკალურად განსხვავებული ტაიმი იხილა.

‘დევებმა’ შეხვედრა კონტრიერიშებზე ააგეს და თავიანთი ორივე ფრთის, დემნა ხორბალაძისა და ირაკლი ჩიტაიას ლელოთა მეოხებით ტაიმის მოგებაც შეძლეს 12:7. მეორე ნახევარში ‘ტაომ’ თამაში დაალაგა და სტატიკაშიც იძალა. თანაც მარქაფადან ჩართულმა მოთამაშეებმაც მესხებს ‘ახალი სისხლი’ შემატეს. ‘ტაომ’ მეორე ტაიმში 4 ლელო გაიტანა, 25 უპასუხო ქულა მიითვალა და შეხვედრაც პრემიით  33:12 მოიგო. მესხების მღლეტელმა კოტე გელაშვილმა ‘დუბლის’ შესრულება მოახერხა.

დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთმა მაძიებელმა ‘არმიამაც’ მოახერხა პრემიის თანხლებით, მოგება, თუმცა ‘ჯარს’ ქართული რაგბის უხნესმა გუნდმა ‘დინამომ’ მედგარი წინააღმდეგობა უწია.

‘არმიამ’ ნაცადი ხერხით, შერკინებით უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა და აქცენტი ღია, ხელდახელ თამაშსზე დროულად გადაიტანა. გამოირჩა არმიელთა ჰავბეკი სანდრო ნახუცრიშვილი, ვინაც პირველი ნახევრის შუაწელს და მეორე ტაიმის დასაწყისში 2 ლელოს გატანა შეძლო. მატჩის მიწურულს კი ‘არმიას’ ჰუქერ დიტო ცაბაძის ლელომ ‘ჯარს’ საშური პრემიაც არგუნა 19:0. აღსანიშნავია, რომ ‘არმიამ’ სამივე ლელო ხელდახელ თამაშით დადო.

ლიდერთა სამეულის მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პირველობას 63 ქულით ‘არესი’ ლიდერობს და სატურნირო ცხრილში მდევრებს: ‘ვეფხვებსა’ და ‘არმიას’ შესაბამისად  4 და 8  ქულით უსწრებს.

ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა, ქუთაისში ‘ბაგრატისა’ და ‘ყაზბეგის’ დაპირისპირება გამოდგა. მოხევეები პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ, მხტომელ იაგო გელაძისა და გუნდის კაპიტან ისმაილ მარსაგიშვილის ლელოებით / მგეზავმა  გიორგი ასათიანმა გარდასახვები ზუსტად შეასრულა/, გოჩა ჩქარეულის შეგირდები შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ 14:3.

მეორე ნახევარში ‘ბაგრატი’ გააქტიურდა და თან შერკინებაში საგრძნობი უპირატესობაც მოიპოვა. რიონისპირელთა მხტომელმა გიორგი ჩიტორელიძემ ‘დუბლი’ შეასრულა და მასპინძლებს მატჩის გადარჩენის შანსიც გაუჩნდათ. მოხევეები რთული მდგომარეობიდან მარქაფადან ჩართული იუბილარი ჰავბეკის ვასილ სანაძის ლელომ გამოიყვანა 24:18. აღებული ნუგეშის მიუხედავად, ‘ბაგრატი’ ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე დარჩა. მეოთხე ადგილზე მყოფი მოხევეები კი მდევარ ‘ტაოს’ 7 ქულით უსწრებენ.

 

ფოტო: გიორგი ჩხიკვიშვილი