ბორჯღალოსნები | ესპანეთი 10:23 საქართველო

მატჩის ფოტო-რეპორტაჟი | © Jan Perlich

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდში, ბორჯღალოსნებმა ესპანეთს მადრიდში სამი ლელო გაუტანეს და 23:10 იმარჯვეს.

მასპინძლებს ორი ლელო დაუდო კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, სადებიუტო მატჩი ლელოთი აღნიშნა გარემარბმა აკაკი ტაბუცაძემ, ხოლო 8 ქულა მგეზავი თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.

ქომაგმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ბორჯღალოსნები დომინირებდნენ და ეს ტაბლოზეც შესაბამისად აისახა, შესვენების შემდეგ კი, უმეტესად დაცვაში მოგვიწია თამაში და გაწითლებულ დროზე ლელო გავუშვით.

თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო. ესპანელებმა მაღალ ტემპში ხელდახელ თამაშს ალღო ვერ აუღეს, ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდნენ, რასაც 5-მეტრიანი დერეფანი მოყვა, შალვა სუთიაშვილმა აუტი მოიგო, მასპინძლებმა მოლის შეჩერება ვერ მოახერხეს და შალვა მამუკაშვილმა ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

ესპანეთმა სწრაფად გვიპასუხა. მათ ჯარიმით 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს, მე-9 წუთზე მოლი თავად დააყენეს და ღერძის შეცვლის შემდეგ საპასუხო ლელო გაიტანეს. გარდასახვა არაზუსტი იყო. ბორჯღალოსნებს მალევე შეეძლოთ პასუხის გაცემა, ვასილ ლობჟანიძემ ცარიელი ზონა შენიშნა და ბურთი ფეხით გადაკიდა, მაგრამ ბოჭვის ფონზე ტაბუცაძემ მისი დამორჩილება ვერ შეძლო.

სტუმართა გამუდმებულ შეტევებს მალე ჯარიმა მოყვა, რომელიც აბჟანდაძემ კარის წინ 18 მეტრიდან 3 ქულად აქცია. ტაიმის შუაში მარჯვენა ფრთაზე ფეხით ბურთი უკვე აბჟანდაძემ გადაკიდა, ამჯერად ტაბუცაძემ ოვალის დამორჩილება მოახერხა და პირველი სანაკრებო მატჩი ლელოთი აღნიშნა, ხოლო თედომ გარდასახვა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დებიუტანტმა ტაბუცაძემ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ძალიან კარგად ითამაშა და რამდენჯერმე მოახერხა სახიფათო შეტევის შეჩერება.

25-ე წუთზე ესპანელები კარის წინ 22 მეტრში კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ და აბჟანდაძემ ანგარიში 18:5 გახადა, შესვენების წინ კი მამუკაშვილმა დუბლი შეასრულა. დერეფანში ბურთი ნოდარ ჭეიშვილმა მოიგო და ბექა გორგაძეს ჩამოუგდო, რომელმაც მოკლე ფრთაზე მამუკაშვილს შეატევინა და ამისათვის მასპინძლები მოუმზადებელი აღმოჩნდნენ. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 23:5 დასრულდა.

მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებს დაცვაში მოუწიათ თამაში და ამას თავი მთლიანობაში კარგად გაართვეს. რადგან ჯარიმები მოგვიმრავლდა, 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დავრჩით, უკვე გაწითლებულ დროზე კი, მეტოქემ მოლით მეორე ლელო დადო და ბორჯღალოსნებმა საბოლოოდ 23:10 იმარჯვეს.

ბორჯღალოსნები მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, ბელგიის წინააღმდეგ ქუთაისში გამართავენ. მეორე ტურში ბელგიელებმა რუსეთს უმასპინძლეს და ბონუსით, 38:12 დაამარცხეს. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში რაგბი ევროპაზე დაბრუნებულმა პორტუგალიამ რუმინეთს 22:11 სძლია.

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020

II ტური. 9 თებერვალი

მადრიდი. უნივერსიტეტის ცენტრალური სტადიონი

ესპანეთი – საქართველო 10:23

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ლაშა ხმალაძეს.

3 ლელო: მამუკაშვილი (1, 3), ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

1 სინბინი: გაჩეჩილაძე

 

8 თებერვალი

ბელგია – რუსეთი 38:12

პორტუგალია – რუმინეთი 22:11

სატურნირო მდგომარეობა მეორე ტურის შედეგებით