სოსო დიაკონიძე | სამძიმარი

ქართული რაგბის თემმა და სპორტულმა სამყარომ დიდი დანაკლისი განიცადა. 74 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ღვაწლმოსილი სპორტული მოღვაწე, ქუთაისის კოლორიტი სოსო დიაკონიძე გარდაიცვალა.

ქუთაისის მკვიდრი სოსო დიაკონიძე სპორტში აქტიურად სიყრმის პერიოდიდანვე ჩაერთო. მართალია, ყმაწვილს იმთავითვე გული სათამაშო სახეობებისკენ მიუწევდა, განსაკუთრებით კი სარაგბო ბატალიები ხიბლავდა, თუმცა მძლეოსნობის ადგილობრივ სპეციალისტთა რჩევით, ძალა სიმაღლეზე მხტომელთა სექტორში მოსინჯა და ფრიად წარმატებულად. დიაკონიძემ სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება მოიპოვა, რაც საბჭოეთის ხანაში, მძლეოსნობაში სერიოზულ მიღწევად ითვლებოდა.

დიაკონიძემ, სპორტის ‘დედოფალს’ მოქმედი სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგაც უერთგულა და წლების განმავლობაში ქუთაისის მძლეოსნობის სკოლას ნაყოფიერად თავკაცობდა, თუმცა ოვალის მიმართ სიყვარული არ განელებია. გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში, ‘სახლმშენის’ (დღევანდელია -‘აია’) ლეგენდარულმა დამრიგებელმა დუგლას კავთელაშვილმა გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელად სოსო დიაკონიძეს უხმო. დიაკონიძეს მორაგბეებთან საერთო ენის გამონახვა არ გაჭირვებია. მკვეთრად გაზრდილი ფიზიკური დატვირთვების მიუხედავად, დიაკონიძე გუნდში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. სოსო დიაკონიძის მწვრთნელობის პერიოდში რიონისპირელებმა საბჭოეთის ჩემპიონის ტიტული 2-გზის მოიპოვეს.
90-იანი წლების შუა პერიოდიდან დიაკონიძემ სარაგბო მოღვაწეობა უკვე ‘აიას’ რაგბის სკოლის

დირექტორად განაგრძო და იმ უმძიმეს ეპოქაში, ქუთაისს, რაგბის მომავალი თაობა დიდი ძალისხმევისა და თავდადების ხარჯზე შეუნარჩუნა. ‘აიასთან’ განშორების შემდეგ, სოსო დიაკონიძე დასავლეთ საქართველოს საფესტივალო ასაკის მორაგბეთა რაგბის კავშირის კოორდინატორის ფუნქციას ასრულებდა და ავადმყოფობის მიუხედავად, საყვარელ საქმიანობას წუთით არ ჩამოსცილებია.

სოსო დიაკონიძემ სამშობლოს 2 ვაჟი აღუზარდა. მამის ნაკვალევს ლაშა დიაკონიძე გაუყვა, ვინაც ამჟამად ბათუმში წყალბურთელთა გუნდს წარმატებით დამრიგებლობს და დიდ მიზნებსაც ისახავს. ამაგდარი სოსო დიაკონიძე სიცოცხლის ბოლო დღეებში, ქართული რაგბის ზეობაზე, ლაშას წარმატებულ სამწვრთნელო კარიერასა და ჩვენი წყალბურთელების დიდ წარმატებებზე ოცნებობდა.

გასვენება 25 იანვრას, 14 საათზე. მისამართი: ქუთაისი, 9 აპრილის ქუჩა 8