თბილისის ‘აკადემიამ’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივი’ 25:5 დაამარცხა და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრე სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში დაასრულა.
„მხატვრებმა“ განვლილი 9 თამაშიდან 6 მოიგეს, 26 ქულა მოაგროვეს და ლიდერს მხოლოდ 3 აშორებთ.
„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში ‘ლოკომოტივი’ მასპინძელი იყო, მაგრამ შეხვედრა ნომინალური სტუმრების აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე დავით მოძღვრიშვილმა ანგარიში გახსნა, ტაიმის შუაში კი გიორგი ჭუაძემ ლელო გაიტანა და მოძღვრიშვილმა გარდასახა.
რკინიგზელებმა 27-ე წუთზე ირაკლი ქვათაძის ლელოთი უპასუხეს. გარდასახვა არაზუსტი იყო, შესვენების წინ მოძღვრიშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 13:5 დასრულდა.
მეორე ტაიმში ქულები მხოლოდ ‘აკადემიამ’ აიღო. 51-ე წუთზე ვანო ბურდულმა ლელო გაიტანა და მოძღვრიშვილი გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო. 67-ე წუთზე ჭუაძემ დუბლი შეასრულა და „მხატვრებს“ ერთი ლელოს გატანის შემთხვევაში ბონუსიც ერგებოდათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს 4 ქულას დასჯერდნენ – 25:5.
‘ლოკომოტივი’ 14 ქულით მე-8 ადგილზე რჩება. მისი კონკურენტები კვირას თამაშობენ.