18-წლამდელთა სელექცია

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, 21-24 მაისს ბათუმში, დასავლეთ საქართველოს სასელექციო შეკრება გამართა.

ზღვისპირეთში ქუთაისის, ბათუმის, ფოთისა და ქობულეთის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ორჯერად ვარჯიშებს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ზურა ამონაშვილი, ასევე რაგბის კავშირის აკადემიისა და სასელექციო ჯგუფის წევრები – ზვიად ცუხიშვილი, დიტო კიკნაძე და თორნიკე კალანდარიშვილი, ასევე გიორგი ნემსაძე უტარებდნენ.

მოვარჯიშეთა ჯგუფში ჯამში 32 მოთამაშე იყო, რომელთა უმეტესობა 2004 წელს, რამდენიმე კი 2005 წელსაა დაბადებული. საწვრთნელ პროცესს ესწრებოდნენ ადგილობრივი მწვრთნელები ბათუმიდან, ფოთიდან, ჩაქვიდან და ქობულეთიდან. ყოველი ვარჯიშის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელები მათთან ერთად ახდენდნენ ვარჯიშის განხილვას და შეჯამებას. ეს იყო ერთგვარი მასტერკლასი ადგილობრივი სპეციალისტებისთვის, შუალედებში კი ტარდებოდა სემინარები და პრეზენტაციები.

„18-წლამდელთა სელექციის გარდა, ეს იყო ერთგვარი მასტერკლასი ადგილობრივი სპეციალისტებისთვის. ჩვენ მათ გავუზიარეთ ყველა ინფორმაცია, რაც აინტერესებდათ და მოვისმინეთ მათი ხედვები. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ისინი ძალიან კარგი სპეციალისტები არიან“ – ამბობს ამონაშვილი.

23 მაისს ბათუმში აღმოსავლეთ აკადემიის ორი გუნდი ჩავიდა და ერთდღიანი ოთხთა ტურნირი ჩატარდა. თამაშებს დაესწრნენ და სელექციას თვალყურს ადევნებდნენ 18-წლამდელთა მწვრთნელები მიხეილ სუჯაშვილი და პაატა მაისურაძე.

„ეს თამაშები 18-წლამდელთა ნაკრების სელექციაში დაგვეხმარება. ასევე გვაინტერესებდა, როგორ შეძლებდნენ ბიჭები ვარჯიშზე განვლილი მასალის მოედანზე გადატანას. ორივე მიმართულებით კმაყოფილი ვარ. ყველა მოთამაშე მაქსიმალურად ყურადღებით იყო, რისთვისაც მადლობა მათ და მათ მწვრთნელებს. გადაღებული გვაქვს ყველა ვარჯიში და თამაში. მწვრთნელები ამ ჩანაწერების საფუძველზე გავაკეთებთ ანალიზს და ჩამოვყალიბდებით იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ვარჯიშს 18-წლამდელთა ნაკრების ეგიდით გააგრძელებენ“ – გვიყვება ამონაშვილი.

უმცროს ბორჯღალოსნებს ოქტომბერში რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი ელით, მანამდე კი ერთი მოსამზადებელი ტურნირი იგეგმება საფრანგეთში. ამონაშვილის თქმით, გარდა ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისა, გუნდის მიზანი მაღალი ხარისხის რაგბის ჩვენება და მოთამაშეთა განვითარება იქნება. ის კმაყოფილია იმ პირობებით, რომელიც ამ შეკრების განმავლობაში ბათუმში ჰქონდათ:

„მინდა მადლობა გადავუხადო აჭარას ასეთი კარგი მასპინძლობისთვის. ჩვენ ყველანაირი პირობა გვქონდა საიმისოდ, რომ საქმე მაქსიმალურად კარგად გვეკეთებინა. ასევე მადლობა ყველა მწვრთნელს, მოთამაშეს და მენეჯმენტს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“.