10 წელია რაც ფან-კლუბი პირველად გამოჩნდა, მაშინაც გერმანია იყო და ავჭალა, და, 35-0 მოვიგეთ

 

გიორგი მერმანიშვილი, რაგბის მხარდამჭერთა კლუბ “ბორჯღალოსნების” წევრი

გერმანიასთან მატჩზე ხვალ 150 გულშემატკივარი “ბორჯღალოსნები” მივდივართ ერთიანი სამოქმედო გეგმით, დროშებით, ბანერებით, ბარაბნებით … როგორც ყოველთვის, მაგრამ ამჯერად მაინც გამორჩეული განწყობით: მაშინაც გერმანიასთან შეხვედრა იყო, 10 წლის წინ, როდესაც ფან-კლუბმა სულ პირველი ნაბიჯი გადავდგით და ათმა ენთუზიასტმა გადავწყვიტეთ ერთიანი ძალით გვეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის.

2014-ის 1 თებერვალია, ბილეთები არ გვაქვს, ყველა გაყიდულია, სტადიონზე ვერ შევდივართ, წინა ღამით მოთოვა, საშინელი სიცივეა – რა ვქნათ, – უკან არ ვიხევთ, – ავჭალის სტადიონს ცალ მხარეს აქვს ტრიბუნები, მეორე მხარეს ბორცვია, სადაც ავძვერით და იქ გავშალეთ ჩვენი პირველი საგულშემატკივრო დროშები; ვყვიროდით, მაგრამ სტადიონს ალბათ არ ესმოდა, თუმცა თეთრ თოვლზე წითელ ჯვრიანი დროშების ფრიალი ნამდვილად კარგად გამოჩნდა და მატჩზე მყოფი უცხოელი ჟურნალისტის ფოკუსშიც მოექცა, შემდეგ კი ჩვენი ფოტო ჟურნალ “უორლდ რაგბიშიც” დაიბეჭდა; ასე რომ ხვალინდელი მატჩი ფან-კლუბის ერთგავრი იუბილეც არის, დაარსებიდან მე10 წელი იწყება.

დღეს 600-ზე მეტი წევრი გვყავს, უნივერსიტეტებში, რეგიონებში, დიდ ქალაქებში ყველა მიმართულებით ვცდილობთ მოვიცვათ და გავაერთიანოთ რაგბის ქომაგები, ნახევარი ქალები არიან, მივიჩნევთ, რომ რაგბი ყველა ჩვენგანის სპორტია და ასევე, რომ 16-ე მოთამაშე ვართ სტადიონზე ჩვენი ბიჭების გვერდით. ბოლო პერიოდში რაგბის კავშირთან კოორდინაციაც აეწყო, გვაქვს საგულშემატკივროდ ჩვენი მუდმივი ადგილები და საერთაშორისო სტანდარტებსაც ვუთანაბრდებით ქმედებიტ; ძალიან მინდა ისეთივე გულმხურვალე მხარდაჭერა ჰქონდეთ ჩვენს ბიჭებს ტრიბუნებზე, როგორსაც ვთქვათ, ირლანდიაში ვხედავთ, თუმცა ამას მეტი ხალხი ჭირდება სტადიონზე; იმედია ბოლო ისტორიული გამარჯვებების ფონზე იტალიასთან და უელსთან, სულ უფრო მეტი გადაწყვეტს მივიდეს მატჩებზე და უგულშემატკივროს ჩვენს ნაკრებს, მითუმეტეს რომ წელს წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველის ჩვენების მონაწილეობით.

 

არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით, გერმანიას თუ სხვა უფრო ძლიერ გუნდს, – ჩვენ ჩვენებს ვგულშემატკივრობთ იმის მიუხედავად ვის ვხვდებით ან რა ტურნირზე, რა ამინდია ან რომელი სტადიონი – თუ გიყვარს რაგბი, თუ ხარ საქართველოს პატრიოტი, მაშინ უნდა იდგე იქ სადაც შენი გუნდია და შენც იბრძოლო გამარჯვებისთვის.